asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"თურქეთის გურჯები ჩვენს დაკარგულ მარგალიტებს ინახავენ"
ზურაბ ცინცქილაძე ოსმალეთის დიდ ქართველებს ეძებს
"თურქეთის გურჯები ჩვენს დაკარგულ მარგალიტებს ინახავენ"

2011-03-10 15:16:44



ზურაბ ცინცქილაძის ინტერესების სფერო ფართოა. მაძიებელი ბუნების მსახიობი იკვლევს ქართული ენის ძირებს, ისტორიას, ტრადიციებს, მონაწილეობს ეროვნულ თუ რელიგიურ ღონისძიებებში. რამდენიმე წელია, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციაში კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამებს ხელმძღვანელობს. როგორც თავად ამბობს, მეგობრობს "თურქეთში მცხოვრებ ისლამის რჯულზე შემდგარ ქართველებთან", რომლებსაც ისტორიის ბორბალმა უცხო ქვეყნის მკვიდრობა არგუნა ბედად.

– ბატონო ზურაბ, თქვენი წამოწყებით, თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია ამზადებს წიგნს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სახელოვანი ქართველების შესახებ, რომელთა სახელები ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ასეთი ბევრია?

– ჩვენთვის კარგად არიან ცნობილი რუსეთის იმპერიაში მოღვაწე ქართველი გენერლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით წარმოშობით ქართველი მაღალჩინოსნების შესახებ, რომლებიც ოსმალეთის იმპერიაში მსახურობდნენ და მის გაძლიერებაში არანაკლები ღვაწლი მიუძღვით. ისტორიის გაყალბება რუსული იდეოლოგიის ნაწილი იყო. სამწუხაროდ, დღემდე არ ვართ გათავისუფლებული მტრის მიერ თავსმოხვეული ცრუ ინფორმაციებისგან. "სადრაზამი" არაბულად პრემიერმინისტრს ნიშნავს. ოსმალეთის იმპერიას თავისი არსებობის მანძილზე ჰყავდა ოცდაათამდე ქართული წარმოშობის სადრაზამი, ანუ პრემიერმინისტრი, ასევე მოღვაწეობდნენ სამხედრო ჩინოსნები, მეცნიერები, მწერლები... როგორც ჩანს, რაც უფრო ფართოა ასპარეზი, ქართველი კაცი მით მეტად ავლენს თავის შესაძლებლობებს, ჭკუა–გონება ჰყოფნის, რომ ერთ–ერთი პირველთაგანი იყოს და ერთგულად ემსახუროს იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობს.

– როგორ მიაკვლიეთ მათ სახელებს?

– თურქეთში ყოველ წელს ტარდება ფოლკლორის ფესტივალი, სადაც ბავშვთა ანსამბლები დაგვყავს. ადგილობრივი ქართველები აღფრთოვანებულები გვხვდებიან, ისინი განსაკუთრებით ამაყობენ თავიანთი წარმომავლობით. ერთხელ სტამბულში ახალგაზრდა გურჯმა საუბარში აღნიშნა, აქ ბევრ ქართველს მაღალი თანამდებობები ეკავაო. ეს კაცი სტამბულის არქივის თანამშრომელი აღმოჩნდა. დავინტერესდი და ვთხოვე, მათ შესახებ ინფორმაცია მოეძებნა. მომდევნო წელს, როცა კვლავ ჩავედით ფესტივალზე, ასამდე მოღვაწის გვარი დამიდო, მათ შორის იყვნენ პრემიერმინისტრები, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, დიდი ფაშები, ხოლო მათ ბიოგრაფიებში მითითებული იყო: გურჯი ან წარმოშობით გურჯი (ვთქვათ, ბაბუა ჰყავდა გურჯი). საერთოდ, ოსმალეთის იმპერიაში გვარები არ იყო, ადამიანს მოიხსენიებდნენ წოდებით, მამის და ბაბუის სახელით. მოგვიანებით, ათა–თურქის დროს, მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს უნდა მიეღო გვარი, რაც მას სურდა, თუმცა, ცხადია, არა "ძე"–სა და "შვილ"–ზე დამთავრებული. მაგალითად, გვარებად ირჩევდნენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: სინათლე, ნათება, ვარსკვლავი, მთვარე და ა.შ.

ამის შემდეგ თურქეთში მივაკვლიეთ წიგნს ოსმალეთში მოღვაწე გურჯებზე, სადაც ოთხასამდე პირის მოკლე ბიოგრაფია და სურათი იყო წარმოდგენილი. გადავწყვიტეთ, ქართულად გვეთარგმნა. წიგნი მალე დასრულდება, ხოლო გამოცემის შემდეგ პრეზენტაციას მოვაწყობთ.

– გვიამბეთ ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე ერთ რომელიმე გამოჩენილ ქართველზე, ვისი პიროვნებაც პირადად თქვენთვის ყველაზე საინტერესოა.

– დავასახელებ ალი ფაშა თავდგირიძეს, რომელმაც მუჰაჯირობის დროს რუსეთის მიერ საქართველოდან ოსმალეთში გაყრილ 1500 ოჯახს სოფლები უყიდა და დაასახლა. მოგეხსენებათ, გვაქვს ასეთი შინაარსის ძველი სიმღერა – "ალი ფაშამ გვიღალატა...". მერედა, იცით, ვის უღალატა? რუსებს და გადავიდა ოსმალების მხარეს. რუსების მიერ გაყრილ ქართველებს პატრონობდა, ფადიშაჰის კარზე ჩვენს ავტორიტეტს მაღლა სწევდა. სამსუნთან ახლოს, ორდუს რაიონში, დღესაც არის უზარმაზარი სოფელი დუაიერი, სადაც ძირითადად მათი შთამომავლები ცხოვრობენ. მქონდა ბედნიერება, იქ ქორწილსაც დავსწრებოდი. ეს სოფელი მხოლოდ ქართველებითაა დასახლებული. ნიშანდობლივია, რომ "დუაიერი" თურქულად ლოცვის ადგილს ნიშნავს.

– როგორც ამბობენ, სიტყვა "გურჯი" ეტიმოლოგიურად ძლიერს ნიშნავს.

– დიახ, სიძლიერის სიმბოლოა. ოსმალეთის იმპერიაში თვლიდნენ, რომ გურჯი არის სიტყვის კაცი და სანდო ადამიანი, ხოლო მასთან ურთიერთობა – უღალატო და წარმატებული. სამწუხაროდ, საზღვრების გახსნამ და სოციალურმა გაჭირვებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი ღირსება ცოტა დაკნინდა. ალბათ ძნელიცაა ღირსებაზე ლაპარაკი, როცა კაცი იძულებულია, სიდუხჭირის გამო სხვა ქვეყანაში წავიდეს და ნაკელის გადამზიდველად იმუშაოს...

– ბატონო ზურაბ, თურქეთში მცხოვრები გურჯების ადათ–წესებიდან თქვენ რომელს გამოყოფთ განსაკუთრებით?

– უფროსუმცროსობას. ამის კლასიკური ნიმუშია, როცა ასაკით უმცროსი ადამიანი უფროსს არ ეკამათება, მის წინაშე ჩერდება, რაც უნდა მცდარი იყოს უფროსის პოზიცია. უმცროსის დუმილი მისივე სიჭკვიანის დამადასტურებელია. ამით თავადაც მაღლდება და უფროსიც იზრდება, ვინაიდან რაღაც ეტაპზე მიხვდება, რომ უმცროსმა დაუთმო მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკით მასზე აღმატებულია. გამორიცხულია უფროსი ადამიანის წინაშე ხმის აწევა. უმცროსი ძმა უფროსს მხოლოდ სახელით არ მოიხსენიებს, მაგალითად, ზურაბის ნაცვლად იყენებს ასეთ ფორმას – ზურაბ–აბი, რაც აღმატებულს ნიშნავს. მათთვის ღირსეული კაცი ისაა, ვინც იცის დიდი–პაწაი (ანუ უფროს–უმცროსი), კაი–გლახას გარჩევა (კარგის და ცუდის გარჩევა) და ადგომა–დაჯდომა (ქცევის ნორმები). ეს იქ ანდაზასავით არის.

მახსოვს, ბათუმში, სტუდენტობისას, ჩემი ამხანაგები რომ გვესტუმრებოდნენ, ბებიაჩემი (ფაღავას ქალი იყო) ყოველ მათ შემოსვლაზე ფეხზე დგებოდა. რომ ვეუბნებოდი, იჯექი, ბებო, ნუ წუხდები–მეთქი, მეტყოდა, რომ არ ავდგე, შვილო, არ შემიძლია, მუხლებთან ძარღვები მეჭიმებაო. სტუმრის პატივისცემა ძვალ–რბილში ჰქონდა გამჯდარი. განა ადამიანებს შორის თბილი ურთიერთობა აქედან არ იწყება?! ხოლო თბილი ურთიერთობით დაწყებული საქმე ბოლომდე კეთილად წარიმართება.

– თურქეთის გურჯების მეტყველებაში შენარჩუნებულია ძველი ენა, რუსთაველის და სულხან–საბას დროინდელი ფორმები. მათი ლექსიკიდან ნიმუშს ხომ ვერ მოგვიყვანთ?

– მათ ლექსიკაში უამრავ ქართულ მარგალიტს იპოვი. ერთხელ თურქეთში ჩემი შვილი ანი წავიყვანე (მაშინ პატარა იყო). ბავშვი დარბოდა და ადგილობრივმა კაცმა მითხრა: "არ გადაიჭრას", ანუ არ გადავარდეს, არ გადახტესო (გავიხსენოთ რუსთაველთან – "ხმალი გავსტყორცნე, გადვიჭერ"). იქ შენარჩუნებულია ათასობით სიტყვა, რომლებიც ჩვენთან დაკარგულია. სამწუხაროდ, ჩვენ ვფანტავთ ძვირფას სიტყვებს, ფუძეებს, რომლებიც მეგრულში, ლაზურში, სვანურსა და აფხაზურშია. ლამის ტენდენციად გვექცა ქართული სიტყვების დაკარგვა, დაკნინება და უცხო სიტყვათა გათავისება. ამით ვღარიბდებით. ჩვენს ენაში ისტორიულად ისედაც ბევრი უცხოური წარმოშობის სიტყვაა დამკვიდრებული, მაგალითად, ფიქრი, დარდი, ნამუსი არაბულიდან მოდის, მათი ქართული შესატყვისი კი აღარსად ჩანს.

ზოგჯერ სიტყვებს მათი დანიშნულების მიხედვით არ ვიყენებთ და ასეთივე მახინჯი ფორმით ვამკვიდრებთ. განა შეიძლება ყველაფერზე თქვა, მაგარიაო?! მაგარი შეიძლება იყოს, ვთქვათ, რკინა და არა – მაკარონი, ქალი ან პრეზიდენტი. სიმღერაც შექმნეს პრეზიდენტზე – მაგარიაო. ასეთი გამოთქმა იქ (თურქეთის გურჯებში) შეურაცხმყოფელია... არ უნდა დავამკვიდროთ უგემოვნო და უსახური მეტყველება.

– მათ რელიგიურ ტრადიციებზეც გვესაუბრეთ, რა არის მათთვის ყველაზე ნიშანდობლივი?

– ქალის, დედის პატივისცემა. ყოვლადწმინდა მარიამი მუსლიმებისთვისაც უპირველესი, ყველაზე აღმატებული წმინდანია. წმიდა მარიამი ქალის სიმბოლოდ ითვლება და ეს მკაფიოდ ჩანს ოჯახში, რძალსა და დედამთილს შორის დამოკიდებულებაში. რძალი დედამთილს საგულდაგულოდ უმზადებს თავსაფარს და მას თავისივე ხელით ქარგავს. ეს დედამთილისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, ვინაიდან, თავსაფარმოხურული ქალი უნდა დაემსგავსოს ჰეზრეთი მერიემს – ასე გამოითქმის არაბულად "წმინდა მარიამი".

მუსლიმები იესო ქრისტეს უაღრესად დიდ პატივს მიაგებენ. აღიარებენ, რომ ის ღმერთის სიტყვით იქნა ჩასახული წმინდა მარიამის სხეულში, შემდგომ ღმერთმა თავისთან წაიყვანა, ხოლო განკითხვის ჟამს კვლავაც მოვა და განიკითხავს ყოველს. მათი წმინდა წიგნი "ყურანი" ბიბლიურ ცოდნას ეყრდნობა. მისი ძირეული განსხვავება ქრისტიანულ მოძღვრებასთან მრწამსის არსშია. ცნობისათვის, ილია ჭავჭავაძემ 1906 წელს ფრანგულიდან ათარგმნინა ყურანი (მაშინ არაბულის მცოდნე ვერ იპოვა), საჭიროდ ჩათვალა, მისი შინაარსი ქართველ საზოგადოებას სცოდნოდა, რათა შემდეგ არ ყოფილიყო რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც მტერს განსაკუთრებით აძლევდა ხელს. მოგეხსენებათ, მტერი რელიგიურ იდეოლოგიას იყენებდა განხეთქილებისთვის, მისთვის ხელსაყრელი იყო ხალხის უმეცრება. მტერმა ისლამი ტერორიზმთანაც გააიგივა და ხალხის აზროვნებაში მუსლიმის, როგორც ტერორისტის, ხატიც შექმნა. განა შეიძლება კაცისკვლა, სიავის ქმნა რომელიმე სარწმუნოების თვითმიზანი იყოს?! გამორიცხულია! მორწმუნე ადამიანი მოსიყვარულეა. სრულყოფილი მორწმუნე ვერ იქნები, თუ არ იცი, ღმერთისკენ სავალ გზაზე რატომ მიდიხარ. ცოდნა სარწმუნოებასაც გულისხმობს.

ყურანში მოხსენებული ისა ფეიღამბერი იესო ქრისტეა, მუსა მოსეა, იბრაიმი აბრაამია და ა.შ. ბაირამი მათი უდიდესი დღესასწაულია, ეს არის ბიბლიური აბრაამის დღე. აბრაამი უმაღლესი რწმენის სიმბოლოა, ერთ შვილს ისააკს ღმერთს სწირავდა, ხოლო მეორე ისმაილი, უფლის კარნახით, უდაბნოში დატოვა დედამისთან ერთად, ანუ ღმერთს ჩააბარა... მერე მისი შთამომავლები მოედვნენ ქვეყნიერებას. დავით აღმაშენებელი თავს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად თვლიდა, ხოლო დავით წინასწარმეტყველი, თავის მხრივ, აბრაამის შტოდანაა. აბრაამის დღეს მუსლიმები განსაკუთრებულად აღნიშნავენ და ცხვარს კლავენ. ეს ყველაფერი რომ ვიცოდეთ, ხომ უფრო მეტი პატივისცემით მოვეკიდებოდით. დღეს უფრო მეტი საშუალება გვაქვს, ცოდნა მივიღოთ, თუ ამას არ გავაკეთებთ, ესე იგი თვითონ ვართ საკუთარი თავის მტერი.

ბრძენს უთქვამს: "ბიბლიაში სულელი უამრავ სისულელეს იპოვის, ბრძენი უამრავ სიბრძნეს, სიყვარულის მაძიებელი – უამრავ სიყვარულს, სიძულვილის მაძიებელი უამრავ სიძულვილს". და განა ასე არ არის? იპოვი იმას, რასაც ეძებ.

– ბატონო ზურაბ, თურქეთის სახელმწიფოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იქ მცხოვრები გურჯები ეროვნულ თვისებებს, "მეობას" და უფლებებს ინარჩუნებენ.

– მოხარული ვარ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, როცა გვთავაზობს, მობრძანდით და თქვენი ტაძრები აღადგინეთო. თანაც ეს ტაძრები მისი ტერიტორიის თითქმის შუაგულში მდებარეობს. ტრადიციულად, თურქები ქართველებს დიდ პატივს სცემდნენ და ბაძავდნენ კიდეც. თავდაპირველად ოსმალეთში ჩასული ქართველები ადგილობრივებს ნახევრად ხუმრობით "კუდიანებს" ეძახდნენ და მათთან ქორწინებას, სისხლის შერევას ერიდებოდნენ. ასე შეინარჩუნეს ეთნიკურობა.

წყაროებიდან ცნობილია: თავად თურქეთის ლიდერს, ათა–თურქს უთქვამს, გურჯისტანი ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მეგობარია, მოუარეთ და გაუფრთხილდითო, მაშინ, როცა რუსები ცეცხლითა და მახვილით ცდილობდნენ ჩვენი მიწიდან მოსახლეობის აყრას, ეკლესიებს და მეჩეთებს ანადგურებდნენ, ხალხს ლამის ლენინის კერპზე ალოცვინებდნენ.

ძალიან ვწუხვარ, რომ საშუალება არ მომეცა, თურქული მესწავლა, ამით ბევრ საქმეს გავაკეთებდი.

– ბატონო ზურაბ, გარდა ტელესერიალში მონაწილეობისა, ამჟამად რას საქმიანობთ?

– კინოკომპანია "გრან–პრი" გეგმავს, გადავიღოთ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმების სერია, სადაც კინოვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბავშვები. თვით ფსალმუნებშია ნათქვამი: "პირითა ყრმათა ჩვილთაი დაამტკიცე ქებაი". სცენარის მიხედვით, ბავშვების ჯგუფი უნდა ვატაროთ ისტორიულ ადგილებში, წმინდა სავანეებში. კონსულტანტებად ავიყვანთ სასულიერო პირებს და ისტორიკოსებს, რომელთაც პასუხი უნდა გასცენ ფილმში ბავშვების მიერ დასმულ კითხვებს. ბავშვების პირით უნდა ვთქვათ, რა არის სამშობლო, ერთგულება, სიყვარული... შერჩევა უკვე დაწყებულია, ვეძებთ ნიჭიერ, ნაკითხ ბავშვებს და, რაც მთავარია, კაი ოჯახიშვილებს.

– "კაი ოჯახიშვილებში" რას გულისხმობთ?

– ოჯახში გაზრდილს, ვინც იცის "კაი–გლახა, დიდი–პაწაი და ადგომა–დაჯდომა". ალბათ ამ ფილმით პასუხი გაეცემა უამრავ კითხვას. უმთავრესი ცოდნაა. თურქეთში მითხრა ერთმა კაცმა: ნახე, რა ლამაზი კაცია, იმან ბევრი რამე იცისო, ანუ ყოველი მცოდნე ლამაზიაო. ჩვენ უნდა დავნერგოთ ფორმულა: "ცოდნა ალამაზებს" და ადამიანები შეეცდებიან, ლამაზები იყვნენ. არარა ბოტოქსი არ შველის ისე, როგორც ციდნა. ცოდნის გარეშე სიკეთეც კი შეიძლება ბოროტებად გვექცეს.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online