asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გიორგი დარასელია: "მიუსაფარ ბავშვებზე ყველამ უნდა იზრუნოს"
ქველმოქმედებას აფიშირება არ სჭირდება
გიორგი დარასელია: "მიუსაფარ ბავშვებზე ყველამ უნდა იზრუნოს"

2011-03-07 13:16:39



გიორგი დარასელია პროფესიით ეკონომისტი და რეჟისორია. ამ ორ სრულიად განსხვავებულ პროფესიას, კიდევ ერთი, განსხვავებული საქმიანობაც დაუმატა. რამდენიმე წლის წინ დააარსა საქველმოქმედო ფონდი "ერთობა", რომელიც მიუსაფარი ბავშვების სულიერ აღზრდას ემსახურება.



– გიორგი, საიდან გაჩნდა ამ ფონდის დაარსების იდეა?

– თითქმის ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი სასულიერო პირების გარემოცვაში გავატარე, რადგან ბავშობიდანვე დავდიოდი ეკლესიაში და 14 წელი სტიქაროსანიც ვიყავი. ადვილი მისახვედრია, რომ ის, რაც ბავშვობაში მინდოდა და მაკლდა (სულიერებას ვგულისხმობ), ახლა ამ ბავშვებს უნდათ, ამიტომ ჩამოვაყალობე ეს ფონდი. ფონდი "ერთობა" უკვე შვიდი წელია, რაც არსებობს. მისი დაფუძნება სასულიერო პირების ლოცვა–კურთხევით მოხდა. რაც შეეხება სახელწოდებას "ერთობა", იმიტომ შევარჩიეთ, რომ საკეთებელი ერთად უნდა ვაკეთოთ. თუმცა, პირველად სასულიერო პირებმა გვითხრეს, რომ "ძმობა და ერთობა" დავარქვათო, მაგრამ ამ სახელწოდებას მარტო "ერთობა" ვარჩიე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ "ძმობა და ერთობა" შეიძლება ზოგს პირდაპირ, ან არასწორად გაეგო.

– ფონდის ძირითადი მიზანი რა არის?

– ჩვენი ფონდის ძირითადი მიზანია, მიუსაფარი ბავშვები თავიდანვე ვაზიაროთ სიკეთესა და მაღალ ზნეობას. ამიტომ ისინი დაგვყავს ტაძრების მშენებლობაზე, ვაცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. თუ ისეთ ადგილებში მივდივართ, როგორიც არის ატენის სიონი და უფლისციხე, მაშინ გიდსაც ვქირაობთ. თავის მხრივ, სასულიერო პირებიც გვეხმარებიან და დადებით ზეგავლენას ახდენენ მათზე. ჩვენი მიზანია, თუნდაც, ერთი დღით დავავიწყოთ თავიანთი ტკივილი და თავი ბედნიერად იგრძნონ.

– სხვა ბავშვები არ დაგყავთ?

– როგორ არა, მაგრამ ოჯახში ბავშვს მშობელი ასწავლის სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, მიუსაფარი ბავშვი კი, ამ ყველაფერს მოკლებულია, ამიტომ მიუსაფარ ბავშვში უფრო მეტი საფრთხეა, რათა ცუდ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს, მათზე ყველამ უნდა იზრუნოს. როდესაც ერთად მიგვყავს მიუსაფარი და არამიუსაფარი ბავშვები, ისინი ერთმანეთთან ინტეგრირებას განიცდიან და მეგობრდებიან.

– რამდენი ბავშვი მიგყავთ?

– წაგვიყვანია 50 ბავშვი, 200 ბავშვიც. გააჩნია ფინანსურ მხარეს. რამდენი გვაქვს ბიუჯეტში დასახარჯი.

– ბავშვებს ასაკის მიხედვით არჩევთ?

– არა. ზოგჯერ 5 წლისაც წაგვიყვანია. ამას მნიშვნელობა არა აქვს.

– ინვალიდი ბავშვები არ დაგყავთ?

– ინვალიდ ბავშვებთან შეხება არ გვქონია, თუმცა, უსინათლო ბავშვებთან გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ძირითადად მიუსაფარ ბავშვებს ვეხმარებით.

– ბოლოს სად გყავდათ ბავშვები?

– ნიქოზსა და ბორჯომში. მაშინ ნიქოზში ეთნიკური უმცირესობის ბავშვები ჩავიყვანეთ, ჩვენ ამით სხვებს დავანახეთ, თქვენ რომ ანგრევთ, ჩვენ ვაშენებთ. ბორჯომში რომ ვიყავით, მეუფე სერაფიმემ საუცხოო ტრაპეზი მოუწყო ბავშვებს.

– ბავშვებს თუ გამოუთქვამთ რაღაც ხელობის მიმართ ინტერესი?

– დიახ, ბევრს რაღაც ხელობის მიმართაც გამოუმჟღავნებია ნიჭი.

– თქვენი ფონდის სპონსორები ვინ არიან?

– ყოველთვის სხვადასხვა სპონსორი გვყავს, მაგრამ სპონსორს რეკლამა თუ არ გავუკეთეთ, ჩვენს ფონდს არ დააფინანსებს, ამიტომ ჩვენი საქმიანობა ხშირად ტელევიზიით შუქდება. თუმცა, მიმაჩნია, რომ სიკეთესა და ქველმოქმედებას რეკლამა და აფიშირება არ სჭირდება. ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანს ბედნიერებასა და სიხარულს ვანიჭებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეგობრებს დავუფინანსებივარ.

– თქვენს ფონდში სასულიერო პირები თუ არიან?

– კი, ძალიან ბევრი სასულიერო პირია. სასულიერო პირები ხშირად იხდიან პარაკლისს, ნათლავენ ბავშვებს, აცნობენ მართლმადიდებლობის მადლსა და ძალას. მათ გარეშე არაფერს ვაკეთებთ.

– თავად თუ მოგინათლავთ მიუსაფარი ბავშვი?

– კი, ერთი ბავშვი მოვნათლე, ისე, 20 ნათლული მყავს.

– ნათლიის მოვალეობას როგორ ასრულებთ?

– ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სულ დაკავებული ვარ. ამიტომ ნათლიის მოვალეობას ვერ ვასრულებ.

– სასულიერო პირები საჩუქრებს თუ ჩუქნიან ბავშვებს?

– დიახ. სასულიერო პირები ყოველთვის ჩუქნიან ბავშვებს პატარ–პატარა საჩუქრებს: ხატებს, ფსალმუნებს და ასე შემდეგ.

– ცნობილი სახეები თუ იღებენ მონაწილეობას თქვენს აქციაში?

– კი. ისინი ჩვენთან ერთად წამოსულან და მთელი დღე ბავშვებთან გაუტარებიათ.

– ახლა სად აპირებთ წასვლას?

– ისევ ნიქოზში წავალთ, რადგან საზღვართან გვინდა მშვიდობის ხეები დავრგოთ. ამით გვინდა, იქ მაცხოვრებლებს დავანახოთ, რომ ისინი ჩვენ გვიყვარს და გვახსოვს. აგრეთვე გვახსოვს ის უცნობი გმირიც (ეს პიროვნება სამხედრო არ იყო, ადგილობრივი მაცხოვრებელი გახლდათ), რომელიც რუსმა ჯარისკაცებმაც დაიჭირეს და უბრძანეს დაჩოქილიყო და მათი დროშისთვის ეკოცნა. ბუნებრივია, ქართველი მათ დროშას არ აკოცებდა, ამიტომ ეს პიროვნება სასტიკად აწამეს და მოკლეს.

– გიორგი, თქვენ კლიპებსაც იღებთ, მიუსაფარი ბავშები თუ გადაგიღიათ კლიპებში?

– რა თქმა უნდა. ჩვენთან ასეთი ტენდენციაა, როცა კლიპში იღებენ ბავშვებს, რატომღაც თავისიანი (დისშვილი, ძმისშვილი, ბიძაშვილიშვილი და ასე შემდეგ) უნდა გადაიღონ. როდესაც ეთერ კაკულიას კლიპი გადავიღე, იმ კლიპში ყველა მიუსაფარი ბავშვი იყო. თავად ეთერ კაკულიამ მოითხოვა, რომ კლიპში ჩემზე მეტად ეს ბავშვები აჩვენეთო. კარგია, სხვა მომღერლებიც თუ მიბაძავენ მას.

ლია ოსაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online