asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ჩააბარებენ გამოცდებს მე–12 კლასელები
როგორ ჩააბარებენ გამოცდებს მე–12 კლასელები
როგორ ჩააბარებენ გამოცდებს მე–12 კლასელები

2011-02-21 14:10:43



უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, რომ მეთორმეტეკლასელებს ატესტატის ასაღებად გამოცდების ჩაბარება უწევთ. სიახლე მხოლოდ ამ გამოცდის ფორმაა. პრაქტიკა, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში აქამდე არ განხორციელებულა, ერთგვარ ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, თუმცა, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმთავითვე აღნიშნავენ მის რამდენიმე უპირატესობას: ლოჯისტიკის კუთხით, ტესტის მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრირება, საგამოცდო მასალის დაცულობა და, რაც ყველაზე მთავარია, თითოეული მოსწავლის ცოდნასა და შესაძლებლობაზე მორგებული პროგრამა. ივა მინდაძე (უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი) ერთ–ერთი წევრია იმ გუნდისა, რომელიც საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ჩვენ მიერ ამ საკითხზე დასმულ რამდენიმე კითხვაზე პასუხი სწორედ ბატონმა ივამ გაგვცა.

– როგორც ვიცით, მე–12 კლასელთა გამოცდების ჩასატარებლად CAT (Computer Adaptive Testing–ის ტიპის საგამოცდო სისტემა შეირჩა. რატომ აირჩიეთ მოსწავლეთა ზოგადი ცოდნის დონის შესამოწმებლად საატესტატო გამოცდებისთვის ამგვარი მოდელი?

– ამგვარ ფორმატს ბევრი უპირატესობა აქვს. ეს არის მაღალტექნოლოგიური, და ამასთან ერთად, საკმაოდ ეკონომიური გამოცდა. სფე– ის პროგრამა (რაც მოსწავლის ცოდნასა და შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებული ტესტირების ფორმას ნიშნავს), ავტომატურ რეჟიმში აწვდის მოსწავლეებს შესაბამის დავალებებს, ხოლო ეს, ცხადია, მხოლოდ კომპიუტერის დახმარებით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ამ პროგრამის დახმარებით ჩვენ თავს ვარიდებთ უამრავი ფურცლის დაბეჭდვას, სატესტო ბუკლეტების დამზადებას, მათ მიტანას სკოლამდე, შემდეგ მათ აკრებას, გასწორებას. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიური თვალსაზრისით, ამგვარი მოდელი საკმაოდ მომგებიანია. მართალია, თავიდან გვჭირდება გარკვეული ინვესტირება ტექნიკისა და, პირველ რიგში, ქსელის ოპტიმიზაციისთვის, თუმცა, შედეგად ვიღებთ დაზოგილ დროსა და სახსრებს. ამიტომ, ყველანაირად გამართლებულია, რომ თავიდანვე, ასე ვთქვათ, ონლაინ–რეჟიმში ჩატარდეს გამოცდა. ასე რომ, გარდა იმისა, რომ მეთოდურად აუცილებლად გვჭირდებოდა კომპიუტერის გამოყენება, ამას რაღაც გარკვეული ეკონომიური ფაქტორებიც ახლდა თან.

– როგორ მუშაობს აღნიშნული პროგრამა?

– როგორც ვთქვით, ეს არის მოსწავლის ცოდნასა და შესაძლებლობაზე მისადაგებული პროგრამა. ეს გულისხმობს შემდეგს: მოსწავლე იღებს დავალებას და პასუხობს მას სწორად, ან არასწორად. თუ ის იძლევა სწორ პასუხს, მაშინ პროგრამა ირჩევს მონაცემთა ბაზიდან ოდნავ უფრო რთულ დავალებას. თუკი მოსწავლე სტაბილურად სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, მაშინ პროგრამა გადაწყვეტს, რომ მოსწავლეს აქვს შესაბამისი ცოდნა და შეწყვეტს დავალებების მიწოდებას – ჩაითვლება, რომ მოზარდმა თავისი მაქსიმალური ცოდნა გამოავლინა. იგივე ხდება საპირისპირო შემთხვევაშიც: თუ მოსწავლემ მცდარი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვას, მაშინ პროგრამა ოდნავ უფრო ადვილ დავალებას მიაწვდის მას. ასე რომ, ყოველი შემდეგი საკითხის სირთულე დამოკიდებულია მოსწავლის პასუხებზე. რომ ავიღოთ ორი უკიდურესობა: პირველი, მოსწავლე ვერაფერს ვერ პასუხობს – ამ შემთხვევაში მისი ცოდნა და შესაძლებლობები ძალიან დაბალია, პირობითად რომ ვთქვათ, 0%, თუ ყველაფერს პასუხობს, 100%–ს. მოსწავლეების დიდი უმრავლესობა, ცხადია, ამ შუალედშია და მათი პასუხები გარკვეულ ნიშნულზე იწყებს რყევას, ანუ გარკვეულ ნიშნულზე იწყებს სტაბილურად სწორი და მცდარი პასუხების გაცემას. ეს ნიშნავს, რომ დადგინდა ის ბარიერი, რომელიც მოსწავლის ცოდნასთანაა მაქსიმალურად მიახლოებული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ესეც მხოლოდ კომპიუტერის გამოყენებით იქნებოდა შესაძლებელი. ამ ტიპის გამოცდის უპირატესობა ისიცაა, რომ პროგრამა, კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით, ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის შესაძლებლობებს არ დაადგენს. შესაძლებელია ერთი მოსწავლის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა, ვთქვათ, 30 აღმოჩნდეს, მეორის შემთხვევაში კი – 40.

– რამდენადაა დაცული უსაფრთხოების ზომები?

– ცხადია, რომ ყველაფრის გატეხა თეორიულად, ალბათ, დასაშვებია, თუმცა, ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები გვპირდებიან, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. მონაცემების ჩაწერა დახურულ სერვერებზე ხდება, რაც, ვფიქრობ, ჰაკერებისთვის არ არის შეღწევადი. ჩვენ გვაქვს ამის საკმაოდ ცუდი გამოცდილება, 2008 წელს იყო მცდელობა ჩვენთან შემოღწევის, რომელიც, საბედნიეროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში პარლამენტისა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საიტი დაზიანდა. ჩვენ ვიყენებთ დახურულ ქსელებს, ამიტომ ჩვენთან შემოსვლა, რიგ შემთხვევებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვიმედოვნობ, რომ ყველაფერი ძალიან მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაივლის.

– თვითონ გამოცდის ფორმატზეც მინდა გკითხოთ, რატომ აირჩიეთ ტესტის ფორმის გამოცდა, მაშინ როდესაც მოსწავლეს საშუალება ექნება, ინტუიციისა თუ სხვა ხელშემწყობი ფაქტორების დახმარებით სწორად გასცეს შემოთავაზებულ დავალებას პასუხი?

– ეს არის მრავალპარამეტრიანი პროგრამა. ცხადია, როდესაც მოცემულია რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი, არსებობს შანსი, რომ თუ მოსწავლეს კარგი ინტუიცია აქვს, ან იღბალი სწყალობს, სწორად უპასუხოს დავალებას. ერთხელ ეს შესაძლებელია. ზედიზედ რამდენჯერმე სწორი პასუხის გაცემა რთულია და მოდით, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად, შეუძლებელი. დავალებების რაოდენობა დაახლოებით 40 იქნება და ძნელი წარმოსადგენია, რომ ორმოცივეს სწორად უპასუხოს ინტუიციის წყალობით. ერთ–ერთი პარამეტრი ამ გამოცდაში სწორედ შემთხვევითობის ალბათობაა. რასაკვირველია, ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ვიღაცამ შესაძლოა უცაბედად სწორად უპასუხოს ძალიან რთულ შეკითხვას, თუმცა, არის პროგრამა, რომელიც ცდილობს ამის ოპტიმიზაციას. მხოლოდ ერთი ან ორი დავალებით, ცხადია, არ წყდება მოსწავლის არც ბედი და არც შესაძლებლობები.

– გაუთვალისწინებელი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, რა ბედი ელის მოსწავლეს?

– ეს პროგრამა მყისიერ რეჟიმში მუშაობს, ანუ ყოველი პასუხის დამახსოვრება და ახალი დავალების მიწოდება დაუყოვნებლივ ხდება. დავუშვათ, რომ გაითიშა დენი, საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილები იქნებიან დენის ალტერნატიული კვების წყაროებით და მისი აღდგენის შემდეგ, მოსწავლეს საშუალება ექნება, განაგრძოს მუშაობა ზუსტად იქედან, სადაც შეწყვიტა. ასევე, თეორიულად შესაძლებელია, დაზიანდეს ქსელი, ან შეიქმნას სხვა სახის პრობლემები, თუმცა, ჩვენ ამაზეც ვიფიქრეთ. გარდა იმისა, რომ თითოეულ საგამოცდო ცენტრში სათადარიგო კომპიუტერები იქნება, გათვალისწინებული გვაქვს სათადარიგო დღეებიც. გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთი ან ორი დღის გამეორება (მაისის ბოლოდან ივნისის პირველ დეკადაში). ამგვარი თავდაცვის თუ უსაფრთხოების მექანიზმები ამ პროგრამაში დევს და გათვალისწინებულია.

თეონა სირბილაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online