asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არსენ გვენეტაძე: "მე მივაღწიე შინაგან თავისულებას"
"მე მივაღწიე შინაგან თავისულებას"
არსენ გვენეტაძე: "მე მივაღწიე შინაგან თავისულებას"

2011-02-21 14:10:42



არსენ გვენეტაძე – ექიმი–გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგ–ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი. ამასთანავე, სრულიად საქართველოს "ჩოხოსანთა" საზოგადოების წევრი. თუმცა, გარდა ჩამოთვლილისა, არის კიდევ ბევრი რამ, რაც მისი თეთრი ხალათისა და პროფესიული იმიჯის მიღმაა. ჟურნალ "გუმბათს" ბატონი არსენი თავად ესაუბრა და ექსკლუზიური ინფორმაციაც გაანდო.



არსენ გვენეტაძე:

– 2 ათეულ წელზე მეტია ყოველდღიურ საექიმო შრომას ვეწევი, მრავალი წელია, ვარ პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი. გარდა ამისა, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც საქართველოში რეპროდუქტოლოგიის განვითარებას უწყობს ხელს, ვარ საქართველოს გინეკოლოგ–ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. ეს სამსახურებრივი ნიუანსები, ისე კი, ჩემთვის, გარდა პროფესიისა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ის სამუშაოა, რომელსაც ვუწოდებ თავისუფალ ლექციებს (ეს ცნობილი "დეილი კარნეგის" ტიპის ლექციებია) – ლექციების კითხვა და შრომა სკოლის მოსწავლეებთან, მათ შორის, უპირველესად, ჩემი მაშობლიური, ტყიბულის #6 საჯარო სკოლის ბავშვებთან უდიდესი სიამოვნებაა. უკვე 2 წელია ამ ლექციათა კურსს ვკითხულობ. ერთ–ერთი პირველი თემატიკა გახლდათ: "რანი ვართ, რა გვინდა, რომ გავხდეთ და როგორ მივაღწიოთ ამას?" ეს ყველაფერი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ აზრებსა და ფრაზებს ეყრდნობა. მეორე ლექცია იყო "სიკეთე და შრომა – წარმატების ფორმულა", რომლის მთავარი აზრი გახლავთ: "უდიდესი სიკეთე, რომელიც სხვას შეგიძლია გაუკეთო, ეს უბრალოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ გაუყო მას შენი სიმდიდრე, არამედ დაეხმარო მას საკუთარ თავში საკუთარი სიმდიდრე აღმოაჩინოს" (ბეჟამინ დიზრაელი).

ამჟამად კი ვამზადებ ლექციას განათლების შესახებ. მუდმივია საუბრები ცხოვრების ჯანმრთელი, საღი წესისა და ზრდილობის ეტიკეტის შესახებ. ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამგვარი პრაქტიკის დანერგვა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების ამ ეტაპის მიზანი შევასრულე, უფრო სწორად, დავიწყე შესრულება. ხოლო ეს შრომა, ალბათ, მაშინ დასრულდება, როდესაც გადავბარგდები ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას, "ადგილსა მწვანესა და ყვავილოვანსა"...

სკოლა ცხოვრებისა

– უახლოეს პერიოდში, მე და ჩემი მეგობრების მიერ დაფუძნდება საქველმოქმედო ფონდი – "სკოლა ცხოვრებისა" (ფონდის პრეზენტაცია 16 თებერვალს, გოეთეს ინსტიტუტშია დაგეგმილი). ის დე იურედ გაფორმდება და ოფიციალურად ჩამოყალიბდება, თორემ დეფაქტოდ კარგა ხანია არსებობს. მისი მიზანია გავხადოთ ჩვენი წილი დედამიწისა უფრო უკეთესი, ვიდრე არის. შრომით, სიკეთით, სიმართლითა და სწორი ხედვით გავამდიდროთ ის. ეს ისე, გლობალურად, უფრო კონკრეტულად, კი შევეცდებით ახალგაზრდა ყმაწვილებს გავუზიაროთ არა მხოლოდ ჩვენი, საკუთარი, არამედ მსოფლიო კლასიკოსთა, ბრძენთა ხედვები და მოსაზრებები. ეს საშუალებას მისცემს მათ, სწორი გზა აირჩიონ ცხოვრებაში და იყვნენ უფრო მეტად წარმატებულნი, ვიდრე იქნებოდნენ, თუ არ ეცოდინებოდათ ამ გზის შესახებ. ჩვენ ვეცდებით, ჯერ ვასწავლოთ, როგორ ამოირჩიონ ის ტაძარი და მიზანი, რომელიც შეიძლება მათი ცხოვრების არსი გახდეს და შემდეგ მივუთითოთ, რომელი გზა უფრო უპრიანი და მოსახერხებელი იქნება იქ მისასვლელად. ეს მიზანი ვერ მიიღწევა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით. თუ ეს ყველაფერი მოზარდმა თავად არ მიიღო, არ გაითავისა და მასზე თავისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ დაამატა, ისე არაფერი გამოვა. როცა 100–კაციან აუდიტორიას წაუკითხავ მსგავსი ტიპის ლექციას, იქედან ასივე მიიღებს ამას, ყველა გაიგებს და წარმატებული გახდება? – არა, მაგრამ მათგან ერთმა ან ორმაც რომ მიიღოს, გაიგოს და გაითავისოს, ამად ნამდვილად ღირს შრომა, რომელსაც სიამოვნებით ვდებთ მე და ჩემი მეგობრები, კინოხელოვანი ვახტანგ კუნცევ–გაბაშვილი, მხატვარ–დიზაინერი კახაბერ მეტრეველი, საოპერო ხელოვნების წარმომადგენელი ეკატერინე ბუგიანიშვილი და სხვები "სკოლა ცხოვრებისას" განვითარებაში. მინდა გითხრათ, რომ პირველი შედეგები უკვე გვაქვს, ყმაწვილები, რომლებმაც გაიგეს და გაითავისეს ცხოვრების გაკვეთილები, უკვე არსებობენ – ჩემს მშობლიურ სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობითა და მხარდაჭერით ჩამოვაყალიბეთ და განვახორციელეთ "კარცერ–ლუქსის" პროექტი. ბავშვებმა უფრო მეტად დაიწყეს წიგნის კითხვა, გადავიდნენ სხვა სამყაროში და მიიღეს სხვა განათლება, სხვა სიამოვნება – აი, ჩვენი შრომის მიზანიც და უკვე შედეგიც.

ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ამ იდეის ხორცშესხმა, რომ არა ტყიბულის #6 საჯარო სკოლის უკლებლივ მთელი კოლექტივი, რაღა თქმა უნდა, მისი დირექტორის, ბატონი შოთა ჯინჯიხაძის ხელმძღვანელობით, რისთვისაც პირადად მას და ყველა ჩემს ყოფილ მასწავლებელს, ბიბლიოთეკარსა თუ კოლექტივის სხვა წევრს უაღრესად გულთბილ მადლობას ვუხდი ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით და დამსახურებულად ვთვლი, რომ თუ რაიმე გაკეთდა ან უნდა გაკეთდეს, ეს, უმეტესწილად, მათი კეთილი ნების გამოხატულება და დამსახურებაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი

– ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მე მივაღწიე შინაგან თავისულებას. თუმცა, ეს არ ყოფილა წინასწარ განსაზღვრული, დაგეგმილი და ამაზე არც მიფიქრია განსაკუთრებულად. ვინმემ შეიძლება იკითხოს: რა, აქამდე მონა იყავი? არა, ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ შინაგანი თავისუფლების განცდა სულ სხვა რამ არის. ამას მოჰყვა ის, რომ აღარ მეშინია არც სიცოცხლის, არც სიკვდილის, არც წარმატების, არც წარუმატებლობის – არ მაშინებს არც ერთი მათგანი. მივხვდი, და გავაცნობიერე, რომ მეც ისეთივე თავისუფალი ვარ, როგორც დანარჩენი ადამიანები ევროპაში, ამერიკისა თუ სხვა კონტინენტებზე. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვიღაც დღეს თავისი მატერიალური თუ სოციალური მდგომარეობით მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვისგან, ან პირიქით, მე განვსხვავდები, ვთქვათ, ჩემი სამსახურეობრივი რეგალიებით, თუ სხვა რამ? ვინმესგან. ამას ყმაწვილებთან საუბრისას, ლექციების კითხვისასაც ხშირად ვამბობ და ვიმეორებ. ძალიან მინდა, რომ მათ თავი იგრძნონ თავისუფალ მოქალაქეებად, არა მხოლოდ ტყიბულის, თბილისის თუ საქართველოსი, არამედ სრულიად დედამიწის.

ფოტოხელოვნებით გატაცება

– ფოტოგრაფიით ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი გატაცებული და ამჟამადაც სიამოვნებით ვაკეთებ ამას. მქონდა მიზანი, უფრო სწორად, გამიჩნდა სურვილი, რომ გამეკეთებინა ფოტო–გამოფენა. ამ მხრივაც, ნამდვილად, ბედმა გამიღიმა და ჩემი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა შედგა 2010 წლის 18 იანვარს. გამოფენა აფრიკის თემას მიეძღვნა. თუმცა, მანამდეც იყო სხვადასხვა ფოტო–კონკურსები, რომლებშიც ჩემმა რამდენიმე ფოტომ დადებითი შეფასება მიიღო.

წარმატების ფორმულა

– ერთხელ ჩემმა შვილმა, ლუკამ მითხრა: "შენ, მამა, მოსიარულე იღბალი ხარო". მეც ვთვლი, რომ ბედი საკმაოდ მიღიმის და მწყალობს, თუმცა, ასევე ვთვლი, რომ არაფერი თავისით არ მიმიღია და არაფერი თავისით არ მოსულა. ჯერჯერობით, ჩემი არცერთი სერიოზული შანსი ხელიდან არ გამიშვია. ჩემს ყველა წარმატებაში ლომის წილი დაუღალავ შრომას, მუდმივ ძიებას უჭირავს. თუმცა, წარმატება ყოველთვის და მუდამ არ იქნება, მიმაჩნია, რომ წარმატებას ფასი არ ექნება, თუ შიგადაშიგ წარუმატებლობით არ იქნა განზავებული. ხომ გაგიგონიათ, "ბედნიერებას ფასი არ ექნებოდა, უბედურება რომ არ არსებობდესო". ვამბობ ხოლმე, რომ ერთის დატოვების უფლება რომ მქონდეს ჩემი შვილებისთვის, იმ შეგონებას დავუტოვებდი, რომელზედაც მე ბებიამ გამზარდა: "ფულმა არ გადაგრიოს და უფულობამ არ შეგაშინოს". მე ჩემი მხრივ, ამას დავუმატებდი, რომ ფულმა და წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოს და უფულობამ და წარუმატებლობამ არ შეგაშინოს!

როგორც უკვე გითხარით, განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს საკუთარი თავისუფლების შეგრძნება. ეს ზოგადად, ისე კი, საყვარელი საქმის კეთება და წარმატების მიღწევა ჩემს არჩეულ გზაზე. სიამოვნებას მანიჭებს იმის ფიქრიც, რა შეიძლება გავაკეთო ახალი, როგორ დავიხარჯო და ვისიამოვნო კიდეც ამით. მსიამოვნებს, როდესაც ვინმესგან რამეს ვსწავლობ და ვეთანხმები იმ აზრს, რომ უკლებლივ ყველასგან შეიძლება რაიმეს სწავლა, თუ ამის ნიჭი და სურვილი გაქვს. ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნების მიღების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მიზნები, მიღწეული და ჯერ მიუღწეველი

– დასაწყისისთვის, ისევე როგორც, ალბათ, ყველა, მეც ვცდილობდი და მინდოდა, საზოგადოებაში ჩემი პიროვნული ადგილი მომეპოვებინა და დამემკვიდრებინა, ნორმალური ოჯახი მქონოდა და სხვა. დღეს, ეს ყველაფერი, მეტ–ნაკლებად, მიღწეულია, თავისუფლებაც და ბევრი სხვა რამეც. როდესაც ერთმა მეგობარმა მკითხა, შენ რა ინტერესი გაქვს იქ (იგულისხმებოდა ჩემი მშობლიური ტყიბულის სკოლა), ამდენ რამეს რომ აკეთებო? ვუპასუხე, ჩემი ინტერესი ის არის, რომ რაც უფრო მეტი კარგი ადამიანი იარსებებს, განათლებული და კეთილად მოაზროვნე, რაც უფრო მეტი მსხმოიარე ხე იქნება დედამიწის ზურგზე, ამით ცოტათი მაინც უკეთესი გახდება სამყარო და, ვიმედოვნებ, ეს იმ ყმაწვილებს ძალუძთ, რომლებიც ქვეყნისა და დედამიწის ხვალინდელ დღედ მოიაზრებიან. სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების შრომის მიზანიც. პროფესიულ მიზნებზე კი, ალბათ, იმას ვიტყვი, რომ ვინაიდან "სულიერი სიკეთის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფილნი არიან", მეც ვცდილობ, გამუდმებით ვიშრომო, კეთილსინდისიერად შევასრულო და გავაკეთო ჩემი საქმე და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო გამოჯანმრთელებაში თუ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასევე მათთან ერთად გავიზიარო შვილის შეძენის ბედნიერება, უშვილობლობის წარმატებული მკურნალობის შემდეგ და, შესაბამისად, საარსებო წყაროებითაც უზრუნველყოფილი ვიყო. მარკუს ავრელიუსს დავესესხები და ვიტყვი: "ერთ სიკეთეს მეორე მიაყოლო ისე, რომ შუალედიც არ დარჩეს – აი, რა მიმაჩნია ბედნიერ ცხოვრებად". მუდამ მახსოვს დეილ კარნეგის შეგონება: "სიკეთეს რომ სჩადიხართ, მადლიერებაზე ნუ ფიქრობთ. თუ თქვენ გსურთ, ეზიაროთ ბედნიერებას, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა და უმადურობაზე". მე კი მსურს, ვეზიარო ბედნიერებას, შევეცადო, რომ მუდმივად ვისწავლო, რადგანაც განათლება განახლებადი პროცესი უნდა იყოს და ის, ვინც თვლის, რომ უკვე ყველაფერი იცის, რბილად რომ ვთქვათ, ცდება. ნება მიბოძეთ ეს ინტერვიუ მიშელ დე მონტენის საოცარი, ჩემი უსაყვარლესი სიტყვებით დავასრულო: "როცა სიკეთეს აკეთებ, თვითონ უდიდეს სასიხარულო კმაყოფილებას განიცდი, რომელსაც თან ახლავს სუფთა სინდისის კანონიერი სიამაყე".

თეო სირბილაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online