asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უსახლკარო უმწეო მოხუცებისთვის თავშესაფართა კარი დახურულია
უმწეო მოხუცებისთვის თავშესაფართა კარი დახურულია
უსახლკარო უმწეო მოხუცებისთვის თავშესაფართა კარი დახურულია

2011-02-16 12:14:42



თავშესაფრის გარეშე დარჩენილი, ქუჩაში სამოწყალოდ ხელგაწვდილი ხანდაზმული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ალბათ ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ. არადა ტელევიზიით ხშირად უჩვენებენ, რა კარგად ცხოვრობენ მოხუცები მათთვის განკუთვნილ პანსიონატებში, როგორ ზრუნავს მათზე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, ტოქ შოუებშიც კი იწვევენ და აცეკვებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ასაკოვანი ადამიანებისთვის ჩვენთან ლამის მიწიერი სამოთხეა შექმნილი... მაგრამ, როგორც ჩანს, არა – ყველასთვის! როგორც "სარკემ" გაარკვია, ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, რეალურად რამდენი უმწეო მოხუცი ჰყავს, სტატისტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ისინი უბრალოდ ღვთისა და ბედის ანაბარა არიან დაყრილი. მხოლოდ უმცირეს ნაწილს უმართლებს და ხვდება თავშესაფარში, იქიდან კიდევ უფრო მცირე ნაწილი – მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში, დანარჩენები – საშინელ, გაუსაძლის გარემოში, რომელიც ქუჩაში ცხოვრების ტოლფასია.
საქართველოში ხანდაზმულთა სახელმწიფო პანსიონატი სულ ორია – თბილისსა და ქუთაისსში. აქედან თბილისის პანსიონატში 115 ხანდაზმული ცხოვრობს, ქუთაისში – 110. იქ მოხვედრის მსურველი ქალბატონი 60 წელს უნდა იყოს გადაცილებული, მამაკაცი – 65 წელს. არსებობს საზოგადოებრივ საწყისებზე და კერძო მფლობელობაში მყოფი თავშესაფრებიც – საპატრიარქოს უპოვართა თავშესაფარი და "კათარზისი".
* * *
სახელმწიფო პანსიონატში მოხვედრამდე ხანდაზმულმა სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს სპეციალური განაცხადით, რომელიც განიხილება და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, მოთხოვნა შეესაბამება თუ არა დადგენილებას "განსაზღვრულ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების, თანადაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ", რომელიც საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 27 იანვარს მიიღო. სწორედ ამ დადგენილებით ხელმძღვანელობს სოციალური სააგენტო.
ხსენებული სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკა სანებლიძემ, რომელსაც "სარკემ" მიმართა კითხვით – თავშესაფარში მოხვედრის მსურველმა ვის უნდა მიმართოს და რა პროცედურები უნდა გაიაროს? – შემდეგი გვიპასუხა:
– სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს და სპეციალური ფორმის განაცხადი შეავსოს, თან შემდეგი დოკუმენტებიც დაურთოს: მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ერთი ფოტოსურათი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის ის საბუთები, რაც მსურველმა სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში უნდა წარადგინოს. სააგენტოს ყველა რაიონში აქვს ტერიტორიული სამსახური. თუ ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი ან დაინტერესებული მხარე მოგვმართავს, გარკვეული საბუთების წარდგენა მასაც ევალება.
განაცხადის შევსების შემდეგ, ყველა მოხუცი ირიცხება პანსიონატში?
– შევსებული განაცხადები განიხილება. არსებობს დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, რომ მსურველი პანსიონატში მივიღოთ.
ეს რა დაავადებებია?

– მწვავე ინფექციები, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, აქტიური სიფილისი, კანის გადამდები დაავადებები, თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმა, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადება და ასევე ის სნეულებები, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს.
ვინ განიხილავს განაცხადებს?

– სპეციალისტები, ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი და შემდეგ ჩარიცხვის საკითხი მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოზე გადაწყდება. ყველა რეგიონში გვყავს საბჭო, რომელიც სააგენტოს წარმომადგენლობითი ხასიათის სათათბირო ორგანოა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი სააგენტოს წევრები, განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლები, ექიმი, იურისტი, ფსიქოლოგი...
პანისონატში ცხოვრება ფასიანია?
– დაფინანსების პირობები შემდეგნაირია: თვიური გადასახადი 600 ლარია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა არსებობს. იქ დარეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.000–ს და ასეთი ოჯახის წევრი განაცხადს აკეთებს ჩარიცხვის თაობაზე, მომსახურება სრულად უფინანსდება. 57.001–დან 70.001–მდე ქულის მქონეს 510 ლარს სახელმწიფო უფარავს, დანარჩენი თავად ბენეფიციარის გადასახადი ხდება. თუ 100.001–მდე ქულა აქვს, მაშინ სახელმწიფო 450 ლარს უხდის, ხოლო თუ ქულები 100 ათასს აღემატება, მაშინ თვითონ ბენეფიციარმა მთლიანი გადასახადი უნდა გადაიხადოს.
ანუ, თუ მოხუცი არ არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ ცხოვრობს ქუჩაში და არ აქვს თავშესაფარი, ის პანსიონატში ვერ მოხვდება?
– თავშესაფრის გარეშე მყოფი პირებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებობს პროგრამები. სწორედ მათ კომპეტენციაში შედის, რომ ასეთებს მიხედონ. ის ადამიანი რომ შეაფასონ, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, მან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს. თუ ჩვენ მოგვმართავს, რიგში ჩადგება და ჩაირიცხება, ოღონდ თვითდაფინანსებით, ხოლო თუ ადამიანს საკმარისი ქულები არ ექნება და გადახდაც არ შეუძლია, მაშინ პანსიონატში ვერ წავა.
ადამიანი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და თავშესაფარი არ აქვს, ლოგიკურია, ამ გადსახადს ვერ გადაიხდის.

– დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, თუ ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში არ არიან დარეგისტრირებული და შესაბამისი ქულები არ აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას ვერ მიიღებენ.
რეალურად ასეთებს სჭირდებათ თავშესაფარი და გამოდის, რომ კვლავ ქუჩაში უნდა იცხოვრონ...
– მათ შეუძლიათ მიმართონ იმ თავშესაფრებს, რომლებიც თვითდაფინანსებაზე არიან ან საპატრიარქოს თავშესაფარს. მართალია, ასეთ ადამიანს, ვინც ქუჩაშია, ყველაზე მეტად სჭირდება თვაშესაფარი, მაგრამ ადგილები შეზღუდული გვაქვს. მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილია.
* * *
ვნახოთ, რა მდგომარეობაა სახელმწიფო პანსიონატში, სადაც "იღბლიანი" ანუ გადახდის უნარის მქონე მოხუცები ხვდებიან. "სარკე" თემქაზე მდებარე პანსიონატს ეწვია, სადაც დირექტორი, ნინო დვალიშვილი გვესაუბრა.
ნინო დვალიშვილი:
– ამჟამად ჩვენთან 114 მოხუცი ცხოვრობს. 82 მოხუცი გვყავდა, მაგრამ დაახლოებით 2 თვის წინ შემოგვემატნენ. შენობას თვისუფალი, დიდი დერეფნები ჰქონდა, რის ხარჯზეც ოთახები დავამატეთ. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, რომელიც ჩვენი დონორი ორგანიზაციაა, ოთახები გააკეთა.
რა კატეგორიის ადამიანები ცხოვრობენ თქვენთან?

– ჩვენს პანსიონატში რამდენიმე კატეგორიის მოხუცი ცხოვრობს. ერთ ნაწილს საერთოდ არავინ ჰყავს. არის ისეთიც, რომელსაც რამდენიმე თვეში ორი შვილი, შვილიშვილი, ოჯახის წევრები დაეღუპნენ. არიან მეორე კატეგორიის მოხუცები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, მაგრამ ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მესამე კატეგორია კი ისეთებია, რომლებსაც კონფლიქტი აქვთ ოჯახის წევრებთან, ეს იქნება რძალი, შვილი თუ შვილიშვილი და თვითონვე გამოთქვამენ აქ ცხოვრების სურვილს.
როგორ ცხოვრობენ აქ, რა პირობები აქვთ?

– სამედიცინო მომსახურება უმაღლეს დონეზეა. გვყავს მომვლელები, რომლებიც ცვლებში მუშაობენ და მომსახურების 24 სააათიანი სერვისი გვაქვს. ჩვენთან შემოსული ყველა უმწეო ბენეფიციარი დაზღვეულია. გვაქვს სამრეცხაო, სტილისტის კაბინეტი, აბაზანები, ბიბლიოთეკა... კვება ოთხჯერადია. საკვები ოთახში მიაქვთ. კომფორტულად ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან განიცდიან, რომ თავიანთი ოჯახებიდან შორს არიან. მათ სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდებათ. დაახლოებით 10 მწოლიარე ავადმყოფი გვყავს. ერთი უხუცესი ქალბატონი გვყავს, რომელიც 92 წლისაა. ჩვენთან 70 წელს გადაცილებული მოხუცები ცხოვრობენ.
* * *
მდგომარეობა, რომელიც საპატრიარქოს თვითდაფინანსებაზე მყოფ უპოვართა თავშესაფარში დაგვხვდა, ძნელია, სიტყვებით გადმოსცე. ერთადერთი, რამაც იქ მცხოვრები ადამიანები შესაძლოა ოდნავ ანუგეშოს, მხოლოდ თავზე ჭერია. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, მათ შეიძლება აუტანელი ეწოდოს. ერთი პატარა ოთახი, ერთი ლოგინი და რამდენიმე სული ადამიანი... შეშის ღუმელი შეშის გარეშე, მაგიდა თეფშებისა და საჭმლის გარეშე... ექიმსა და მომვლელზე ლაპარაკი ზედმეტია, ისე როგორც კვებაზე. ამ დაწესებულებაში უმწეო მოხუცები ხვდებიან, მაგრამ იშვიათად. უფრო მეტად მარტოხელა დედები და მათი შვილები, კიდევ სხვადასხვა ასაკის და ოჯახური მდგომარეობის ადამიანები აფარებენ თავს. "სარკეს" თავშესაფრის დირექტორი გია მახათაძე ესაუბრა.
რა კატეგორიის ადამიანები ცხოვრობენ აქ? როგორ ხვდებიან თქვენთან?

– აქ მყოფი ყველა ადამიანი ქუჩიდან მოხვდა, თუმცა მათ პირდაპირ არ ვიღებთ. აქ მოხვედრის მსურველი საპატრიარქოში უნდა მივიდეს და განცხადება დაწეროს. ამის შემდეგ მეუფე იაკობი დამიკავშირდება და ადგილის არსებობის შემთხვევაში მივიღებთ უპოვარს. ამ მომენტში ადგილი საერთოდ არ გვაქვს. 21 ოჯახი გვყავს. ამდენიც არ უნდა გვყავდეს, მაგრამ რას ვიზამთ.... ზოგს ერთი ოთახი აქვს, ზოგს – ორი. ჩვენი თავშესაფარი ბავშვთა და დედათაა. ზოგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ყველაზე დიდი ასაკის ადამიანი 55 წლისაა. ზოგი მარტოხელაა. მოხუცი არავინ მყავს, დაიღუპნენ. რამდენიმე ადამიანი პატრულმა მომიყვანა, ქუჩაში რომ არ ეცხოვრათ. ზოგი ვისთან შევასახლეთ და ზოგი – ვისთან. რამდენიმე მათგანს საავადმყოფოშიც ვუმკურნალეთ. მედპერსონალი და მომვლელები არ გვყავს, ამიტომ დავარდნილ და ავადმყოფ ადამიანებს ვერ ვიღებთ. აქ ყველა საკუთარ თავს თვითონ უვლის.
– როგორც ჩანს, მომსახურება უფასოა.
– დიახ, ჩვენთან არაფერია გადასახადი. ყველა, ვინც აქ ხვდება, სიღარიბის ზღვარის მიღმაა. ეს შენობა საპატრიარქოსი იყო და ამ ადამიანებს ქუჩაში რომ არ ეცხოვრათ, მივეცით. ვიწვალეთ, სპონსორები მოვძებნეთ და ფანჯრები, კარები ჩავუსვით, ლინოლეუმი დავუგეთ. ახლა შუქის პრობლემა გვაქვს, ყველას ვაწუხებ, იქნებ ჩაგვირთონ. დევნილთა შენობიდან გადმოვჭიმეთ კაბელი, მაგრამ საკუთარი არ გვაქვს. ვინ არ მივაგზავნე, მაგრამ არ მაძლევენ. შეშაზეც დავმათხოვრობთ. გამგეობა დაგვპირდა, რომ რამდენიმე მანქანა შეშას ამოგვიტანდა...
რა დაფინანსება გაქვთ?

– არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, თავი შემოწირულობებით გაგვაქვს. რამდენიმე მოხუცთა თავშესაფარია, სადაც მოხუცები გადასახადს იხდიან, მაგრამ ჩვენთან მომსახურება აბსოლუტურად უფასოა. სამწუხაროდ, ოთახები აღარ გვაქვს. რამდენიმე ხნის წინ მეუფემ დამიბარა და უარი ვუთხარი.
თუ ადგილი გაქვთ, მსურველს პირდაპირ იღებთ, შეიძლება ითქვას, ქუჩიდან?
– ჩვენ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ვართ. აქ მოხვედრის მსურველმა ჩვენი დებულებები უნდა დააკმაყოფილოს. ნამდვილად უსახლკარო უნდა იყოს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ადგილები აღარ გვაქვს. 50 ადამიანი უნდა გვყავდეს და თავშესაფარში ამჟამად 70 მცხოვრებია. რეგიონებში გვაქვს შენობები, მაგალითად, ძეგვში, მაგრამ ქალაქაგარეთ არ მიდიან. გამოდიან და ისევ მათხოვრობენ...
* * *
დაბოლოს, სახელგანთქმული "კათარზისი". იქ მოხუცები კარგად ცხოვრობენ, თუკი საერთოდ შეიძლება, რომ მათ მდგომარეობაზე "კარგი" ითქვას. თავად აღნიშნავენ, რომ საყოფაცხოვრებო პირობები მაღალ დონეზე აქვთ – ერთი დიდი საერთო ოთახი საწოლებით, ასევე საერთო საპირფარეშო და სააბაზანო, სითბო, სისუფთავე და მყუდრო გარემო. თავადაც საგანგებოდ შერჩეულ კონტინგენტს წარმოადგენენ.
"კათარზისის" დამფუძნებელი ზაურ (ოლეგ) ალადაშვილი:
– ჩვენთან მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლის უნარი აქვთ და საპენსიო ასაკში არიან. ჩვენი თავშესაფარი არ არის ტიპური, ანუ ეს არ არის ის დაწესებულება, რომელშიც ერთი ადამიანი ცხოვრობს ერთ ოთახში ან, გნებავთ, ორი ადამიანი ერთ ოთახში. აქ ერთ დიდ ოთახში ათი ადამიანი ცხოვრობს.
ადამიანს, რომელსაც აქვს საკუთარი თავის მოვლის უნარი, მეურვე ჰყავს, რომელიც მასზე ზრუნვას იკისრებს მისი გარდაცვალების შემდეგ ან მძიმედ დაავადების შემთხვევაში, ცნობა მოაქვს, რომ მოხუცი ფსიქიკურად ჯანმრთელია, არ აქვს ვენერული და ინფექციური დაავადებები და ამის შემდეგ ვიღებთ თავშესაფარში თუ, რა თქმა უნდა, ადგილი გვექნება. ის თავშესაფრის გამგესთან უნდა მივიდეს და საქმის კურსში ჩააყენოს. თუ აღმოჩნდა, რომ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდება. ახლა ახალი შინაგანაწესი გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ყველა ასეთი შეხვედრა ვიდეოფირზე იწერება. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც გვქონია, როდესაც ადამიანი სულ სხვა ისტორიას ყვება, მაგრამ მერე, როცა ჩვენთან არის, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე. როდესაც ვეკითხებით: "რატომ მოიტყუეთ?". პასუხი ასეთი აქვთ – თქვენ არ მიგვიღებდით, ჩვენი რეალური ისტორია რომ მოგვეყოლაო. ამის შემდეგ ვეღარ ვეუბნებით, ადექი და წადი–თქო. ვიდეოჩანაწერის შემთხვევაში ასე აშკარად მოტყუებას ვეღარ გაბედავენ.
რამდენი ადამიანი გყავთ და თავისუფალი ადგილები თუ გაქვთ?

– ამჟამად ჩვენთან 14 ადგილია. 1 ადამიანის მიღება შეგვიძლია და ამ 1 ადგილზე 5 კანდიდატურა განიხილება.
მომსახურება ფასიანია?

– ჩვენთან მომსახურება უფასოა. საერთოდ, მომსახურების სხვადასხვა სისტემაა. ფასიანი და ნახევრადფასიანი თავშესაფრები არსებობს, სადაც პენსიის ნახევარს ტოვებენ, ასეთია მაგალითად, "ბეთელი" ან ნახევრადფასიანი, როგორიც, ვთქვათ, თემქაზე მდებარე პანსიონატია. ჩვენთან მომსახურება სრულიად უფასოა. საყოფაცხოვრებო პირობები კი ასეთია: ერთი ძალიან დიდი ოთახია, სადაც საწოლები დგას. გვაქვს საერთო აბაზანა, საპირფარეშო, სასადილო ოთახი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო. სათნოების და გვყავს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.
კერძო სტრუქტურა ხართ?
– ჩვენ ვართ საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული ორგანიზაცია.
რა ფინანსებით არსებობთ?
– შემოწირულობებით ვარსებობთ, იმ ორგანიზაციების წყალობით, რომელთაც ამის სურვილი გააჩნიათ. ასეთი კი ძალიან ბევრია.
ეკა ლემონჯავა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online