
"კომედი შოუს" მსახიობ ეკა აბშილავას არ აინტერესებს ინტერნეტნაცნობობა, ვირტუალური ურთიერთობები და, რა დასამალია, აღიზიანებს კიდეც ის ხალხი, ვინც კომპიუტერით არის "დაავადებული", ყველას და ყველაფერზე ელაპარაკება სოციალურ ქსელებში, უნახავად უყვარდება სრულიად უცხო ადამიანი და ა.შ. ტექნიკის ამ მიღწევას თვითონ ძალზე პრაგმატულად უდგება – იყენებს ინფორმაციის მისაღებად, ფილმების საყურებლად. ჰქონდა შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში "ცრუ ეკა აბშილავას" წააწყდა, რომელმაც თავისი საქციელი ფრიად ორიგინალურად ახსნა...
ერთი სიტყვით, თავის დამოკიდებულება–არდამოკიდებულებაზე კომპიუტერის მიმართ ეკა თავად გვიამბობს.
– ეკა, გახსოვთ თქვენი პირველი კომპიუტერი?
– პირველი კომპიუტერი დაახლოებით 2005 წელს ვიყიდე. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი.
– რა ფირმის იყო?
– სამწუხაროდ, არ მახსოვს, ის კომპიუტერი გამოვცვალე.
– ინტენსიურად იცვლება თქვენს სახლში ეს ნივთი?
– არა, მხოლოდ ერთხელ გამოვცვალეთ და იმის შემდეგ მაქვს და მაქვს.
– ახლა ლეპტოპი გაქვთ?
– არა, ლეპტოპი არ არის, ჩვეულებრივი კომპიუტერია. მე და ჩემი და ვიყენებთ და დროს ერთმანეთთან ვათანხმებთ. ჩვენს მშობლებს იშვიათად სჭირდებათ.
– ახლა რა ფირმის კომპიუტერი გაქვთ?
– უი, არ მახსოვს!
– რა ფუნქცია აქვს ამ მანქანას თქვენთვის?
– საქმისთვის ვიყენებ. "ფეისბუქით", "სკაიპით" და გასართობი პორტალებით ნაკლებად ვსარგებლობ. ონლაინ თამაშებით საერთოდ არ ვერთობი. კომპიუტერში ძირითადად ფილმებს ვუყურებ. სწავლის პერიოდში ინფორმაციის მოსაპოვებლად, მოსაძიებლად და რაღაცეების ამოსაბეჭდად ვიყენებდი. კომპიუტერთან საქმიანი დამოკიდებულება მაქვს. საათობით რომ სხედან და ერთობიან, მე ასე არ შემიძლია.
– "ფეისბუქით" არ სარგებლობთ?
– "ფეისბუქი" საერთოდ ფორმალურად მაქვს. მაქსიმუმი, ორ დღეში ერთხელ შევიდე. ამ ქსელს საკონტაქტოდ არ ვიყენებ. ამისთვის უფრო მეტად "სკაიპია" მოსახერხებელი. ერთი პერიოდი "ოდნოკლასნიკებს" მივეჯაჭვე. ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი და ვნახავდი, იქ რა ხდებოდა. რაღაც ეტაპის შემდეგ ეს საიტი "ფეისბუქმა" ჩაანაცვლა. მეც ალბათ აზრები შემეცვალა, სხვა ღირებულებები გამიჩნდა. არ მხიბლავს, საათობით ვიჯდე კომპიუტერთან და უბრალო დიალოგი გავაბა. საუბარიც რაღაც მომაბეზრებელი და ერთფეროვანია ხოლმე: "რას შვრები?", "როგორ ხარ?", "ახალი არაფერი ხდება?". ამის კითხვა ისედაც შემიძლია, როდესაც იმ ადამიანს ვნახავ. ინფორმაციის მისაღებად "იუთუბის" უფრო ვიყენებ.
– ბევრი ინტერნეტმეგობარი გყავთ?
– "ფეისბუქზე" დაახლოებით 513 მეგობარი მყავს და ბევრი ისეთი ადამიანი მთხოვს დამეგობრებას, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობ. ასეთებს არც ვიმატებ და არც უარყოფას ვუგზავნი. ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ უცხო ადამიანის დამატება. თუ დავიმატებ, უბრალოდ სიაში მეყოლება, არანაირი კონტაქტი არ მექნება და რა აზრი აქვს?
– უცხო ადამიანების წერილებს თუ პასუხობთ?
– ყველა წერილს ვცემ პასუხს და ამაზე მეგობრები მეხუმრებიან კიდეც. როცა მწერენ, როგორ ხარო, აუცილებლად ვუბრუნებ პასუხს და შეიძლება მეც მოვიკითხო.
– კომპიუტერს რომ ჩართავთ, პირველად რომელ საიტზე შედიხართ?
– პირველად "მაი ავტო.ჯი"–ზე შევდივარ. მანქანის ყიდვა მინდა და ერთი თვეა ყოველდღე ამ საიტის სტუმარი ვარ.
ჩვევად მაქვს, ყოველ საღამოს, ძილის წინ, ერთ ფილმს ვუყურო და დავიძინო. ასევე სამკაულების საიტის ხშირი სტუმარი ვარ. ჩემს დას ვთხოვ და სამკაულებს ის მიწერს ხოლმე. აქსესუარების დათვალიერება ძალიან მიყვარს. ტანსაცმლის გამოწერას ვერ ვრისკავ, ჩემი და კი იწერს. სამოსი რომ შევუკვეთო, ჩამოვიდეს და მერე ვერ მოვირგო, შეიძლება გავრეკო! საათები, სამაჯურები, ბეჭდები რამდენჯერმე გამოვიწერე და კმაყოფილიც ვარ.
– საშუალოდ რამდენ დროს ატარებთ კომპიუტერთან?
– თუ დავჯექი, შემოვრჩები ხოლმე. ვიტყვი, "ფეისბუქზე" ერთი ათი წუთი შევიხედავ–მეთქი, მაგრამ, ვთქვათ, ღამის პირველ საათზე ათი წუთით რომ დავჯდები, დრო ისე სწრაფად გადის, საათს რომ დავხედავ, ღამის სამი–ოთხი საათია. როცა რაღაცას ვაკეთებ, აუცილებლად მუსიკა უნდა მქონდეს ჩართული, ეს არასდროს მავიწყდება.
– ბევრ ადამიანს რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დეფიციტი აქვს და ვირტუალური სამყაროთი ივსებს სიცარიელეს. როგორ ფიქრობთ, ოდესმე სხვებივით თქვენც შეიძლება დაგემუქროთ ინტერნეტდამოკიდებულების საფრთხე?
– იმ ადამიანებს, ვისი მაგალითებიც ახლა თვალწინ მიდგება, ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობების დეფიციტი აქვთ, ამიტომ არ ვიცი, ასეთი დამოკიდებულება რისი ბრალია. ეს ვირტუალური სამყარო უინტერესოა ჩემთვის. შეიძლება ვიღაცამ დაგაინტერესოს, დაელაპარაკო, მის ფსიქიკაში ჩაწვდომა მოგინდეს. ეს კიდევ მესმის, მაგრამ არ მომწონს, ყველას რომ ელაპარაკებიან. მინახავს ისეთებიც, რომლებიც მართლა ამით ცხოვრობენ. ალბათ სხვა საქმე არ აქვთ და ამიტომ. 24 საათის განმავლობაში რომ სახლში ვიყო, შეიძლება მეც კომპიუტერთან დავჯდე, თუმცა არ მიზიდავს. განსაკუთრებით ეს ონლაინ თამაშები მაგიჟებს. ადამიანები რაღაცნაირად მასზე დამოკიდებული ხდებიან. სული უკაწკაწებთ, რომ შევიდნენ და რაღაც ნახონ.
– რითი შეიძლება თქვენი ყურადღება მიიქციოს ადამიანმა, რომელიც ნანახი არ გყავთ, არ იცნობთ და გწერთ?
– დამიჯერებთ, რომ ასეთი შემთხვევა არ მქონია? რაღაცეები იყო, ოღონდ ბავშვობაში, აი, ისეთი, ტელეფონით რომ ურეკავდნენ ხოლმე ვიღაცეებს. ჩემს დაქალთან ერთად ვრეკავდი და რაღაცეებს ვლაპარაკობდით. შემდეგ მსგავსი რამ აღარ ყოფილა. ზოგადად მამაკაცებზე რაღაცნაირი აზრი მაქვს ჩამოყალიბებული – ყველასთან ურთიერთობა, ფლირტაობა არ შემიძლია, მიდებ–მოდება არ მიყვარს. წლები ისე გადის, რომ ჩემ გვერდით არავინ არის, მაგრამ თუ არის, ბოლომდე მასთან ვარ. ვირტუალური სამყარო ალბათ ამიტომაც არ მიყვარს.
– ვირტუალური ნაცნობობით დაწყებული ურთიერთობა ოჯახის შექმნითაც სრულდება. ასეთ ურთიერთობებს როგორ აფასებთ?
– უბრალოდ არ ვეთანხმები იმას, რომ უნახავად ექმნებათ შთაბეჭდილება და ამბობენ, მიყვარს, ვგიჟდებიო. შეიძლება მოგეწონოს, ვინმეთი დაინტერესდე, ნახო და ურთიერთობა მერე ააწყო, რატომაც არა?! მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როცა ასეთი გრძნობა შეხვედრამდე ჩნდება.
– სამწუხაროდ, სოციალური ქსელები დაცული არ არის და სხვისი სახელითა და გვარებით სარგებლობენ. თქვენით სარგებლობს ვინმე?
– სულ შემთხვევით ერთმა ახლობელმა მომწერა მობილურზე. მკითხა, რას შვრებიო. ვუთხარი, სახლში მივდივარ–მეთქი. გაუკვირდა, რატომ მატყუებ, "ოდნოკლასნიკებში" ხარო. გადავირიე, არასდროს ვიტყუები. სახლში მივდივარ–მეთქი, ვუთხარი, ის კი მიმტკიცებდა, საიტზე ხარო. სახლში მივედი და მართლა იყო ვიღაც ეკატერინე აბშილავა ჩემი ფოტოებით დარეგისტრირებული. გავგიჟდი და მივწერე. ზუსტად ვიცი, ასაკით პატარა იქნებოდა. ჩემზე და ჩემს ოჯახზე ყველაფერი მითხრა. აშკარად ახლობელია, თუმცა არ მითხრა, ვინ იყო. მითხრა, მინდა, აქ ერთი ადამიანი გავამწარო, რადგან შენ არ უყვარხარ, ნუ გეშინია, ჩემს მისიას შევასრულებ და მერე გავქრებიო. მართლაც ერთი კვირა გავიდა და "ფეისბუქზე" ისევ ჩემი სახელით და გვარით გაკეთებული გვერდიდან მომწერა: "ოდნოკლასნიკებში" თქვენი სახელით გახსნილი გვერდი წავშალე, არ ინერვიულოთ, ამასაც ვშლიო. ვერ მივხვდი, ეს რატომ გააკეთა.
– სტატუსის საშუალებით, წამებში შეგიძლიათ დააფიქსიროთ დღის გეგმა, განწყობა და ასე შემდეგ. თქვენ რამდენად ხდით საჯაროს თქვენს გეგმებს, თქვენს შინაგან განწყობას?
– სტატუსი არასდროს დამიწერია. ყველაზე მეტად სხვის სტატუსებზე ვხალისობ. ზოგს უწერია: "ბედნიერი ვააარ!" და მერე კომენტარებს აკეთებენ. ეს ცოტა სასაცილოა ჩემთვის.
ეკა ლემონჯავა

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა











თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის
ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ 






















































































