asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ
"ის ერთი საათიც, რასაც კომპიუტერთან ვატარებ, დაკარგულად მიმაჩნია"
ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ

2011-11-07 11:12:41



სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაახლოებით 50–მდე "მსახიობ ლელა მებურიშვილს" ნახავთ. ამ ყველაფერმა ნამდვილი ლელა მებურიშვილი ისე გააღიზიანა, ადგა და საკუთარი გვერდი გააუქმა. შემდეგ ახალი კი გააკეთა, მაგრამ არა – საკუთარი სახელით და გვარით. ახალ გვერდზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ახლობლები დაიმეგობრა და მშვიდად არის. თუმცა ხანდახან, როცა ახსენდება, რომ მისი სახელით სხვები სარგებლობენ, ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებს.
– ლელა, გახსოვთ თქვენი სულ პირველი კომპიუტერის ყიდვა და მაშინდელი ემოცია?
– ძალიან, ძალიან პატარა, დაახლოებით 6–7 წლის ვიქნებოდი, მამაჩემმა კომპიუტერი რომ მიყიდა. მაშინ კომპიუტერი არავის ჰქონდა, ამიტომ ყველას ჩემთან უნდოდა ყოფნა და ვამბობდი, ბავშვები ჩემთან კომპიუტერის გამო მეგობრობენ–მეთქი. და მაინც, მე არასოდეს მიყვარდა და მომწონდა ის. ყველაზე ბევრი, 20 წუთი ან ნახევარი საათი ვმჯდარიყავი კომპიუტერთან.
– თავიდან გაგიხარდათ, როცა კომპიუტერი დაინახეთ?
– ზოგადად, ისეთი ბავშვი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ, რომ ძალიან რთულად მაოცებს ვიღაცა ან რაღაცა. ეს არ მომწონს. კარგია, როდესაც პატარა რაღაცაც გიხარია. მანამდე პატარა სათამაშო კომპიუტერი მქონდა. ჩემთვის ახალი კომპიუტერიც იგივე იყო, ოღონდ მას საინტერესო თამაშები ჰქონდა და, იმ სათამაშო კომპიუტერისგან განსხვავებით, შიგნით ხატვა შეიძლებოდა. სხვადასხვა ფერებით მრავალფეროვანი ორნამენტების გაკეთება რომ შემეძლო, ეს მომწონდა.
– მალე გაერკვიეთ კომპიუტერის ფუნქციებში?
– სხვათა შორის, კი.
– მას შემდეგ ბევრჯერ გამოიცვალეთ კომპიუტერი?
– კი, ჩემს ოჯახში კომპიუტერი საკმაოდ ბევრჯერ გამოიცვალა.
– ახლა რა დანიშნულება აქვს თქვენს ცხოვრებაში ამ ნივთს?
– მხოლოდ საქმისთვის მჭირდება, რომ მეილის საშუალებით რაღაც გადმომიგზავნონ, გადავაგზავნო, სცენარი მივიღო. ათასში ერთხელ მეგობრებთან ურთიერთობისთვისაც ვიყენებ. კონტაქტებისთვის მობილურს უფრო ხშირად ვიყენებ, რადგან ტელეფონშიც მაქვს ინტერნეტი. ნებისმიერ ადგილას, ტრანსპორტშიც შემიძლია უცებ ამოვიღო მობილური და ინტერნეტის საშუალებით თუნდაც უცხოეთში მყოფ მეგობარს შევეხმიანო ან რაღაც შევამოწმო. კომპიუტერთან დიდი ხანი ვერ ვჩერდები. მაქსიმუმი, ნახევარი საათი, ერთი საათი ვიყო. ამის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობ.
– ახლა რა ფირმის კომპიუტერი გაქვთ?
– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ოჯახში არის კომპიუტერიც, ლეპტოპიც, მაგრამ ჩემი პირადი არ მაქვს. სხვათა შორის, ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე, რადგან დღის განმავლობაში 20 წუთსაც არ ვატარებ კომპიუტერთან. შეიძლება კვირაც გავიდეს ისე, არ დავჯდე.
– ალბათ ოჯახის დანარჩენი წევრები უფრო ინტენსიურად იყენებენ.
– არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი მასზე მიჯაჭვული არ არის. ყველას საქმიანი ურთიერთობა აქვს. საქმესთან ერთად შეიძლება ცოტა გაერთონ, სოციალურ ქსელს ესტუმრონ ან თამაში გადმოწერონ.
– როდესაც საქმეს აკეთებთ, პარალელურად თუ ერთობით ან რომელიმე სოციალური ქსელი თუ გაქვთ ჩართული?
– კომპიუტერული თამაშებით არ ვერთობი. არც მახსოვს, ბოლოს როდის ვითამაშე. სხვათა შორის, რომ დამირეკეთ, შევედი "ფეისბუქზე" და ამ ქსელში დაახლოებით 50–მდე ლელა მებურიშვილია დარეგისტრირებული. სხვა ქსელზე – არ ვიცი. ზოგჯერ ეს არ მოქმედებს ჩემზე და ვამბობ, რა მოხდა, არა უშავს–მეთქი. მაგრამ ამას წინათ ამ ყველაფერზე ცოტა გავღიზიანდი. როდესაც ვიღაც იმ ლელას სწერს, რა კარგი, რა ლამაზი გოგო ხარო და ის პასუხობს, ვიციო, ვიღაცას შეიძლება მართლა ეგონოს, რომ ის მე ვარ და ის ჩემი პასუხია. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა კი იციან, რომ მე არ ვარ და არ ეკონტაქტებიან, მაგრამ ვინც არ იცის, იმას ხომ ეგონება? ფოტოებიც ისეთები უდევთ, რომლებიც მეც კი არ მაქვს. არ ვიცი, საიდან აქვთ, ალბათ კარგად ეძებენ.
– ასეთი შემთხვევები ხშირია, ამ დღეში მხოლოდ თქვენ არ ხართ. თქვენი აზრით, ეს მოვლენა – სხვისი სახელის მითვისება – რისი მაჩვენებელია?
– ეს ყურადღების მიქცევის ერთ–ერთი საშუალებაა. უფრო მარტივად იზიდავ მეტ ხალხს, როცა ცნობილი ადამიანის სახელით მოქმედებ. ერთ–ერთს როდესაც მისწერეს, ლელა არ ხარ და მის სახელს რატომ იყენებო, უპასუხა, მართალია, ლელა არ ვარ, ეს მისი გვერდი არ არისო. მაგრამ ფოტოები, სახელი და გვარი ჩემი ჰქონდა, ანუ ამით ყურადღება მიიქცია, ბევრი ადამიანი დაიმეგობრა. ბევრი ამ ყველაფერს რეკლამისთვისაც იყენებს. შეიძლება ჩემი სახელით რაღაცის მიღწევა უფრო ადვილია. თუნდაც წერენ, ამ საიტზე შედით, ხმა მიეცით, გთხოვთ, დაალაიქოთო. ვფიქრობ, ეს ბოროტი საქციელია, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი დაზარალებულა იმის გამო, რომ ჩემი სახელით სხვები სარგებლობენ. ყველას ვთხოვ, არ დაუჯერონ ასეთებს და იმ ადამიანებსაც მივმართავ, ვისაც ეს გვერდები აქვთ, იქნებ ცოტა გონს მოეგონ და გაჩერდნენ! ჩემი აზრით, ასეთი საქციელი ძალიან არასწორია.
– თქვენი "ფეისბუქის" პროფილი გახსნილი გაქვთ?
– ახლა "ფეისბუქი" ჩემი სახელი და გვარით აღარ მაქვს გახსნილი. მხოლოდ ჩემი მეგობრები მყავს დამატებული.
– რატომ გააკეთეთ ეს?
– ჩემი სახელი და გვარით იმდენს აქვს გახსნილი, მგონი, მე უკვე ზედმეტი ვარ. თავიდან ჩემი სახელი და გვარით მქონდა გახსნილი. 5 ათასამდე ადამიანი მყავდა მეგობრებში, მეტს ვეღარ ვიმატებდი. მსაყვედურობდნენ, რატომ არ მიმატებ, გეხვეწები, ვინმე წაშალე და მე დამიმატეო. ამდენი მეგობარი რომ გყავს, ძალაუნებურად შესვლა გინდა, ნახო, რა ხდება, გააკონტროლო, ვინ რა მოგწერა, რა კომენტარი დაგიდო და ამ ყველაფერზე უკვე მიჯაჭვული ხდები. მოთხოვნილება გიჩნდება, ნახო, იმ 5 ათას მეგობარში რა ხდება, რა სიახლეები აქვთ. ამიტომ ის გვერდი გავაუქმე და ამ ახალ გვერდზე მხოლოდ 100 თუ 200 ადამიანი მყავს დამატებული. უკვე მშვიდად ვარ, რადგან ყველა მათგანს ვიცნობ.
– მხოლოდ "ფეისბუქზე" ხართ დარეგისტრირებული?
– კი. "ოდნოკლასნიკებით" ვიღაც სხვა სარგებლობს.
– არ გიცდიათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვენი სახელით სარგებლობენ, მიგეწერათ, გეკითხათ, რატომ იქცევიან ასე?
– ერთხელ ერთს მივწერე და ვთხოვე, ეს ყველაფერი შეეწყვიტა. ახლავე გავაუქმებ ამ გვერდს, შენი სკაიპის იდს თუ მეტყვიო.
– ანუ ბიჭი იყო?
– ალბათ. შეიძლება გოგოც იყო. ერთი–ორჯერ ის ვითომ ლელა სტატუსზე წერდა, მე ვეღარ გიმატებთ, იმდენი ხართ, ჩემს სკაიპს გეტყვით, იქ შემეხმიანეთო და ჩემი სახელი და გვარით გაკეთებული სკაიპის მისამართი ეწერა. ასეთ დღეში მარტო მე არ ვარ. ეს იმას ნიშნავს, ხალხში რაღაც პრობლემაა.
არაფერზე ვარ დამოკიდებული და არ მსიამოვნებს, რამეზე, თუნდაც ყავაზე დამოკიდებული რომ ვხდები. უკვე მოთხოვნილება რომ ჩნდება, რაღაცის გარეშე აღარ შემიძლიაო, არ მომწონს. ზოგადად, ინტერნეტი საჭიროა, ძალიან მარტივად მოიპოვებ ინფორმაციას, რასაც აქამდე ბევრი დრო სჭირდებოდა. უცებ უცხო სიტყვის გადათარგმნა რომ დამჭირდება, ერთი წამი მინდა, საიტზე შევიდე და გადავთარგმნო. ინტერნეტი აუცილებელი, საჭიროა, მაგრამ ალბათ ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია კარგი.
– იმდენად მიმზიდველია ეს ყველაფერი, ბევრისთვის ძნელია უარის თქმა.
– ჩემთვის არ არის ალბათ მიმზიდველი. არასოდეს მქონია ის მომენტი, რომ კომპიუტერს ვერ მოვწყდი. კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ის ერთი საათიც, რასაც კომპიუტერთან ვატარებ, დაკარგულად მიმაჩნია.
– როგორ ფიქრობთ, კომპიუტერზე მიჯაჭვულობამ რეალური ურთიერთობების პრობლემა ხომ არ შექმნა?
– ადამიანები, რომლებსაც ასეთი რაღაც ემართებათ, ცოტა განსხვავებულები არიან, ვირტუალური ურთიერთობები უადვილდებათ. ამ შემთხვევაში შეუძლიათ უფრო თამამები იყვნენ, გაბედული ნაბიჯები გადადგან. ეს ვიღაცისთვის შეიძლება დადებითი იყოს. ზომიერებას თუ დაიცავ, კომპიუტერი ცუდი არ არის, მაგრამ, როგორც ვხედავ, ამ საკითხში ზომიერება არ გამოდის.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლელა მებურიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online