
მსახიობი ია შუღლიაშვილი ჯიპის, "რავ 4"–ის საჭეს უზის. მანამდე ორი მანქანა ატარა, ორივე სედანი და ორივე მექანიკა. ავტომატიკიანი ჯიპის ეს მოდელი კი, რომელიც ახლა ჰყავს, სტუდენტობის დროიდან მისი ოცნება ყოფილა.
როცა საჭესთან დაჯდომა და მართვის სწავლა გადაწყვიტა, იას ახალგაჩენილი ჰყავდა მეორე შვილი. ასე რომ, მეცადინეობა, შეიძლება ითქვას, ჩვილით ხელში დაიწყო, თუმცა მანამდე პრაქტიკა უკვე გავლილი ჰქონდა თავის მომავალ ქმართან შეყვარებულობის პერიოდში. ახლა, როცა მეუღლე შენიშვნებს აძლევს, ია ახსენებს ხოლმე, რომ სწორედ მისი მოწაფეა.
– ია, დიდი ხანია მძღოლი ხართ?
– უკვე 6 წელია მანქანას ვატარებ. ანდრია, ჩემი უმცროსი შვილი, 6 თვის იყო, როცა მართვის მოწმობა ავიღე. მას შემდეგ ვზივარ საჭესთან.
– საკმაოდ გვიან მისჯდომიხართ საჭეს და თანაც ჩვილი ბავშვის პატრონი. ასე რატომ მოხდა?
– ეს სტუდენტობიდან მინდოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაშინ ამის საშუალება არ იყო. გარკვეული დროის მერე მქონდა რაღაც თანხა, ბინა უნდა მეყიდა, მაგრამ არ მეყო და მანქანის ყიდვა გადავწყვიტე. "გოლფ 2" შევიძინე. კარგი მანქანა იყო, მაგრამ მე ვერ დავჯექი, რადგან ტარება არ ვიცოდი. კარგა ხანი ჩემი ძმა ატარებდა ჩემს მანქანას. თუ მჭირდებოდა, მომაკითხავდა და წამიყვანდა. ავტომობილი შევიძინე და ცოტა ხანში გავთხოვდი კიდეც. ჩემს მეუღლეს ჰყავდა მანქანა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ტარება მესწავლა. წარმოიდგინეთ, ჩვილ ბავშვთან ერთად დავჯექი და სწავლა დავიწყე. პირველივე გამოცდაზე ჩავაბარე თეორია და რამდენიმე დღის შემდეგ პრაქტიკაშიც გამიმართლა. იმის მერე ვზივარ საჭესთან.
– გაიხსენეთ პირველი გასვლა ქალაქში.
– სხვათა შორის, კარგად მახსოვს. მეგობარს ჰქონდა პრემიერა, სპექტაკლი და აუცილებლად უნდა მივსულიყავი. რამდენიმე თვით ადრე ვიცოდი, რომ ამ სპექტაკლზე უნდა ვყოფილიყავი და მაინცდამაინც იმ დღეს წამოვიდა საშინელი წვიმა–თქეში. თან, არც ქმრისათვის მითხოვია, წამიყვანე–მეთქი. მართვის მოწმობა უკვე აღებული მქონდა და თავად უნდა მომეხერხებინა. იხტიბარი არ გავიტეხე. ნაწვიმარზე ახლა არ მსიამოვნებს სიარული და მაშინ, მით უმეტეს, მეშინოდა. დავჯექი, წავედი სანაპიროთი და საკმაოდ მშვიდადაც ვიარე, ყოველგვარი საფრთხის შექმნისა და შიშის გარეშე. 60–ით მივდიოდი და მშვიდობიანად მივაღწიე. მხოლოდ თეატრთან მისულმა ვიგრძენი, რომ ძალიან დაძაბული ვიყავი.
– დღესაც ნერვიულობთ საჭესთან?
– არა, რადიკალური განსხვავებაა. დღეს ჩემთვის საჭესთან ჯდომა ბუნებრივი, ჩვეულებრივი რამაა, ისეთივე, როგორიც დილით ადგომა და პირის დაბანა. საჭესთან ყოფნის დროს ვაზროვნებ, ვფიქრობ, ვგეგმავ რაღაცეებს, მაგრამ საკმარისია, ერთი თვე არ დავჯდე საჭესთან, რომ ტარება მავიწყდება და აღდგენა მჭირდება. მაგალითად, ზაფხულობით, როცა დასასვენებლად მივდივართ ზღვაზე.
– განწყობა როგორ მოქმედებს, როცა საჭესთან ზიხართ?
– თუ რაღაც მაწუხებს, შეიძლება მექანიკურად გადავერთო სხვა რამეზე, ამიტომ ასეთ დროს საჭესთან არ ვჯდები.
– "გოლფის" მერე რამდენი მანქანა გამოიცვალეთ?
– მერე მყავდა "სიატი", რომელმაც ძალიან მასიამოვნა. ეს არის "გოლფის" ტიპის მანქანა, რომელიც ესპანეთშია აწყობილი. საკმაოდ დიდხანს გვემსახურა ეს მანქანა. დაუჯერებელი იქნება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ასეა – სტუდენტობის დროიდან რაზეც ვოცნებობდი, ახლა იმ მანქანაზე ვზივარ, "რავ 4"–ზე. ზუსტად ამ მოდელის ფორმა მომწონს. ოცნება ავიხდინე და ეს მანქანა შევიძინე. ადვილად გადავჯექი სედანიდან ჯიპზე. დაბალ მანქანაზე ყოველთვის მიჭირდა ჯდომა. უფრო ყურადღებით ვიყავი. ეს მანქანა კი ჩემი მეგობარივით არის.
– ანუ კარგა ხანს არ გამოცვლით, არა?
– ნამდვილად ასეა. ამ ავტომობილს კაიხანი არ გამოვცვლი. არც მოფახფახებულია, რომ ვთქვა, უკვე დროა შევცვალო–მეთქი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს მანქანის მოვლა და საქმეს იქამდე არ მიიყვანს, მთლიანად შესაცვლელი ჰქონდეს ყველაფერი. ახლა ორივეს ეს ავტომობილი გვყავს, ორივე ამით ვმოძრაობთ და გვყოფნის. ორი მანქანის აუცილებლობა არ არის.
– როგორ გაფასებთ ქმარი, როგორც მძღოლს?
– როგორც ყველა მამაკაცი – ქალ მძღოლს. მამაკაცებს არ უყვართ ქალი მძღოლები, მაგრამ ვერაფერს მეუბნება, რადგან მისი მოწაფე ვარ. სანამ შევუღლდებოდით, მანქანის ტარებას მასწავლიდა, ამიტომ ის მოიმკო, რაც მასწავლა.
– ყოფილა შემთხვევა, საჭესთან თქვენ მჯდარხართ და მეუღლე გვერდით ყოფილა?
– კი, როცა ნასვამია, საჭესთან მე ვჯდები. ასე ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ბევრი შენიშვნა აქვს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მამაკაცია და შენიშვნა უნდა მომცეს ქალ მძღოლს. მე კიდევ ვთვლი, რომ შენიშვნას არ ვიმსახურებ, არ ვარ ცუდი მძღოლი. ჯვარი მწერია და აქამდე საგზაო შემთხვევა არც შემიქმნია და არც ავარიაში მოვყოლილვარ. არც სერიოზული ჯარიმები მქონია და პატრულმაც ამ 6 წლის განმავლობაში სულ სამჯერ გამაჩერა. სწორედ ამიტომ მაბრაზებს ჩემი ქმრის შენიშვნები. როცა საჭესთან ზიხარ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, გვერდით მჯდომი რომ გებუზღუნება, რა ცუდად ატარებო. ეს ცოტა შეურაცხმყოფელიც კი არის. ამიტომ მის გვერდით შედარებით ნელა და ფრთხილად დავდივარ. სამაგიეროდ, როცა ჩემი მეგობრები სხედან მანქანაში, ამბობენ, რომ ჩქარი ვარ, რასაც თავად ვერ ვამჩნევ. გზატკეცილზე მეც შემიმჩნევია, რომ საკმაოდ დიდი სიჩქარით მივდივარ და იმ წამსვე შემინელებია.
– თავად რა აზრის ხართ ქალ მძღოლებზე?
– ვეთანხმები მამაკაცებს, რომ ქალები საკმაოდ ცუდად და სახიფათოდ ატარებენ მანქანას. ხშირად, როცა რაღაც მანევრი გაუკეთებია წინა მანქანას, ჩემს ქმარს უთქვამს, იმ მანქანის საჭესთან ქალიაო და მართალიც აღმოჩენილა. იგივე მემართება მეც. რაღაც უხერხულ მანევრებს ვაკეთებთ ქალები, მაგრამ ვცდილობ, ქალივით არ ვატარო მანქანა. მიუხედავად ამისა, მაინც უთქვამთ ჩემთვის, ქალს საჭესთან რა უნდაო!
– ამბობენ, საჭე ბილწსიტყვაობის გარეშე წარმოუდგენელიაო. თქვენც ხომ არ მიგაჩვიათ მანქანამ "ცუდ სიტყვებს"?
– უნდა ვაღიარო, როცა გავბრაზებულვარ, მითქვამს, ეს დამპალი, ეს თავხედი–მეთქი და ა.შ. უშვერი სიტყვებით არ ვილანძღები, ცოტა სასაცილოც კი ვარ.
– ხშირად ქალები ამბობენ, მამაკაცებმა ჯენტლმენობა დაკარგეს, საჭესთან ქალისა და კაცის გარჩევა არ იციანო. თქვენი აზრით, დათმობა, რაინდული ჟესტები სამანქანო მოძრაობის დროს მისაღებია?
– არა, ასეთ ქალებს არ ვეთანხმები. მანქანა სქესს არ განარჩევს. ის რკინაა და არ აქვს მნიშვნელობა, შიგ ქალი ზის თუ კაცი. მძღოლი მძღოლია. მანქანას აქვს თავისი გზა. წესებს მამაკაციც უნდა ემორჩილებოდეს და ქალიც. საჭესთან ჯენტლმენობა რას ნიშნავს?! შეიძლება ვიღაცას გზა დაუთმო, გაატარო, მაგრამ შენი ეს საქციელი არ იყოს სწორი მოძრაობის წესების თვალსაზრისით. არსებობს კანონები და ამ კანონებისთვის სულერთია, საჭესთან ქალი იქნება თუ კაცი.
– მანევრების გაკეთება თუ გჩვევიათ?
– კი, მე შემიძლია გავძვრე საცობში, ავიდე ბორდიურზე და იქ დავაყენო მანქანა, გავუსწრო წინა მანქანას და ჩემი ადგილი დავიკავო. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ფრთხილად ვაკეთებ. კარგი მხედველობა მაქვს, ვხედავ, რამდენი მანქანა მიდის, ვინ რა დაშორებით არის ერთმანეთთნ, ვის შორის შემიძლია გავძვრე და ა.შ.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ვიღაც შეგჯიბრებიათ სიჩქარეში?
– ამას წინათ შევამჩნიე, რომ ვიღაც ორი ბიჭი მეჯიბრებოდა. ჩემს გზაზე მივდიოდი. ისინი გამომეკიდნენ და გამისწრეს. მერე დამიცადეს და ისევ გამისწრეს. თან, რაღაცას ლაპარაკობდნენ და მე მიყურებდნენ, ანუ მე მომმართავდნენ. მემაიმუნებოდნენ და მივხვდი, რომ ჩემი გამოწვევა უნდოდათ, მაგრამ არ ავყევი. არ ვარ ისეთ ასაკში, რომ "ვიგონკაო".
– ყველა საგზაო ნიშანს ცნობთ?
– კი, დროთა განმავლობაში ყველა საგზაო ნიშანი ვისწავლე. რაც საჭესთან ვზივარ, სულ სამჯერ გამაჩერა პატრულმა. ერთხელ მარჯანიშვილიდან რომ გამოვედი, ქუჩაში ისეთი განათება იყო, ფარები აღარ ამინთია და პატრულმა გამაჩერა. მართლები იყვნენ და მეც გულწრფელად ვუთხარი, ისეთი გაჩახჩახებულია ქუჩები, რომ ანთება დამავიწყდა–მეთქი. მეორეჯერ გზაში გამიფუჭდა მანქანის ფარი. დელისის მეტროდან, სანამ დიღმამდე მივედი, პატრულმა სამჯერ გამაჩერა და მათ უკვე ვეუბნებოდი, ვიცი, რატომ მაჩერებთ, წინა პატრულმა მითხრა და მივხედავ–მეთქი. მესამეჯერაც ფარის გამო გამაჩერეს. ჯარიმები მომსვლია ისეთი, რომ მე ვერც კი მივმხვდარვარ, რის გამო დამაჯარიმეს. ძალიან უმნიშვნელო და წვრილმანი, მაგრამ მაინც შეცდომა იყო და არ მაპატიეს.
– მანქანის მოვლა თუ გიყვართ?
– მიყვარს, როცა ამის საშუალება მაქვს. ყოველდღე გარეცხვა ძნელია, ამისი დროც არ არის. ჩემს სამსახურთან ახლოს არის სამრეცხაო, შევირბენ ხოლმე და გავარეცხვინებ. მანქანაშიც მაქვს პატარა მტვერსასრუტი და იმით ვასუფთავებ სალონს. სხვათა შორის, ჩემი მანქანის ფერი საკმაოდ იტანს ჭუჭყს. ადვილად არ ეტყობა, როცა ისვრება. ამ მხრივ, შეღავათი მაქვს.
ანა ნოდია

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



ოპელის ახალი ზაფირა
ამერიკელები ახალ სუპერქარს გამოუშვებენ
ლამბორჯინის ზემსუბუქი სუპერქარი
რენომ სანდერო განაახლა














უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
Toyota ავტოწარმოებას 30 %-ით ამცირებს 

ოპელის სამკარიანი ასტრა
ახალი მერსედესები
ავსტრალიელებმა კარბონული სუპერქარი შექმნეს
ბმვ–ს ახალი მოდელი
ახალ აუდი ა2–ს ფრანკფურტში წარადგენენ
მერსედესის ყველაზე მდიდრული ჯლ–კლასი
მინის ყველგანმავალი
პოლონელები სუპერქარს გამოუშვებენ























































































