asdas
ცნობილი ადამიანები
ბატონი საშა ცოლს ხმაურით ღლის
ბატონი საშა ცოლს ხმაურით ღლის
ბატონი საშა ცოლს ხმაურით ღლის

2010-07-24 12:52:59



ახლა ისეთ რამეს გეტყვით, გაგიკვირდებათ. ღლონტების და ჩხეიძეების ახირებული მოხუცი მეზობელი, ბატონი საშა, გინეკოლოგია. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია სერიალზე "შუა ქალაქში". ხოლო პროფესიით გინეკოლოგი კი საშას როლის შემსრულებელი გია მუჯირი გახლავთ.

ბატონი გია სანამ ქალების ექიმი გახდებოდა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, სუბიექტური მიზეზების გამო. მერე ექიმი გახდა. ახლა ნანობს, მრავალი წელი საავადმყოფოში რომ იმუშავა და კინოსა და თეატრს გამოაკლდა. ერთი წელია, რაც გინეკოლოგობა მიატოვა – პენსიაზე გავიდა. სამაგიეროდ ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აუსრულდა – ბოლო დროს ბევრ ფილმსა და სერიალში გადაიღეს – "ყავა და ლუდი", "ორმაგი სახე", "ომი და ქორწილი", "ყარაბაღი 2"... სულ პირველად კი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" უთამაშია პატარა როლი.

ბატონი გია 41 წელია ერთ ქალბატონზეა დაქორწინებული – ნანა კალანდაძეზე (უცხო ენების სპეციალისტი) და, ახლა უნდა გამოგცვალოო, "ემუქრება" ცოლს, რომელიც მთელი ცხოვრება ჰიპერენერგიულ ქმარს თავისი სიმშვიდით აბალანსებდა. მათ ორი შვილი ჰყავთ – თამარი და ლევანი.

– ბატონო გია, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა მიზეზების გამო წამოხვედით თეატრალური ინსტიტუტიდან.

გია: სამსახიობოზე ვსწავლობდი, დოდო ალექსიძე იყო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი, მაგრამ ის ხშირად გადიოდა თბილისიდან და მისი ასისტენტი გივი სარჩიმელიძე გვასწავლიდა. მსგავსი ინტელიგენტი კაცი აღარც შემხვედრია ცხოვრებაში. მესამე კურსზე რომ გადავედი, უეცრად დამჭირდა ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთება და თვენახევარი ვიწექი საავადმყოფოში.

დილით ოპერაცია გამიკეთეს და იმავე საღამოს საცივიც გეახელით, ბოლოკიც და ჯონჯოლიც – პალატაში ვიღაცას პურმარილი მოუტანეს და... ჭრილობაში დიდი ინფილტრატი გამიჩნდა. სანამ არ გამიარა, არ გამომიშვეს. მაშინ გადავწყვიტე ექიმობა. იმდენად შევეჩვიე იქაურობას, რომ ვიღაც მთვრალი შემოვიდა თავგაჩეხილი და ის ჭრილობაც გამაკერვინეს. ოჯახის წევრებს უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი და ჩემს მსახიობობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ბაბუა, მიხეილ მუჯირი, ცნობილი ექიმი, ტროპიკოსი იყო, რომელმაც 1918 წელს ბათუმში საკუთარი, რვასაწოლიანი მალარიის საწინააღმდეგო კლინიკა გახსნა. ბებია მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ.

ნანა: გიას ისეთი ბებია ჰყოლია, თურმე მაგიდაზე ხელს რომ დაარტყამდა, მთელი კლასი ისუსებოდა.

გია: მამა მთელი ცხოვრება ძეგლთა დაცვის მთავარი ინჟინერი იყო, დედა კი, თამარ კეჭაღმაძე, უცხო ენათა ინსტიტუტის მეთოდიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი. მას რამდენიმე კლასის სახელმძღვანელო აქვს გამოშვებული გერმანულ ენაში.

ნანა: ჩემი და გიას მამები ბავშვობის მეგობრები იყვნენ. უცხო ენათა ინსტიტუტში საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია უნდა ჩამებარებინა. ერთი წიგნი არსად იშოვებოდა. გიას დედას დედაჩემმა დაურეკა, ხომ არ შეგიძლია, ეს წიგნი მიშოვოო. ჩემი დედამთილი საოცრად შანსიანი ქალი იყო – გაუჩენელს გააჩენდა. რა თქმა უნდა, მიშოვა და მითხრა, ჩვენთან სახლში მიდი და წაიღეო. მე და გიამ მაშინ ვნახეთ პირველად ერთმანეთი. მერე შაყირობდა, სახლში მომაკითხაო.

გია: ავად ვიყავი და ვიწექი. ჩემი ორი მეგობარი იყო სანახავად მოსული და ნანა რომ დაინახეს, მითხრეს, ესე იგი, ვიღაცას ხვდები და ჩვენ გვიმალავო. არადა ნანა პირველად დავინახე. ვუთხარი, ღმერთი, რჯული, არაფერს ვმალავ–მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა?! ერთ–ერთი ექიმი ზურა ყიფიანი იყო და დღემდე არ სჯერა, რომ მაშინ გავიცანი ნანა.

– მერე, შეძახილმა ხე გაახმოო და მართლა მოგეწონათ?

გია: იმ წელს ბათუმში წავედი. ჩვენც გვქონდა ბათუმში ბინა და ნანას ოჯახსაც. იქ, ყოველგვარი შეძახილის გარეშე, პლაჟზე დავახლოვდით.

ნანა: ზურა ყიფიანი მეუბნება, სპეციალურად მიხვედი გიასთან სახლშიო. არადა ისეთი ტიპი ვიყავი, რომ მცოდნოდა, სახლში იყო, სულ არ მივიდოდი! ჩემს სადედამთილოს კი მოვდიოდი თვალში და შეიძლება სპეციალურადაც მიმაგზავნა.

გია: თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ერთი გოგო შემიყვარდა ძალიან. ჩემზე უფროსია ორი–სამი წლით. ვინაობას არ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ ცნობილი მსახიობიცაა და ტელედიქტორიც იყო. მისი დედა თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი გახლდათ. ჩხუბი მოგვდიოდა მისი გულისთვის, 17–18 წლის ბიჭები ვიყავით. დამიბარა პარტკომმა და მითხრა, რა უფლება გქონდა, ის გოგო რომ შეიყვარეო. ვუთხარი, მაპატიეთ, ეს უფლება თქვენგან რომ არ ავიღე–მეთქი და მერე აღარც დავბრუნებულვარ თეატრალურში, წამოვედი.

ნანა: ერთხელ ბაკურიანში მყავდა ბავშვები დასასვენებლად და ის ქალი დავინახე. გადავეკიდე, ვაიმე, როგორ მეცნობით–მეთქი. თურმე კარგად იცოდა, ვისი ცოლი ვიყავი. რომ ჩამოვედი, გიას მოვუყევი ყველაფერი. მაშინ ბავშვი წლინახევრის მყავდა. მერე, ჩემმა ბიჭმა ცოლი რომ მოიყვანა, მაშინ შევხვდი მძახლებთან.

გია: ჩემთვის, პლატონური სიყვარულით მიყვარდა, თორემ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. ნანამ კი წამოიძახა, ბოლო–ბოლო უნდა გავიცნო ის ქალი, ჩემს ქმარს რომ უყვარდაო – გადაეხვია და გადაკოცნა.

მერე ნანა აქეთ დავისვი, ის – იქით და ვიყავი ბედნიერი. მოგვიანებით დავმეგობრდით და წუხელ ტელეფონითაც ველაპარაკე.

– გინეკოლოგია რატომ აირჩიეთ სპეციალობად?

გია: როცა სამედიცინო დავამთავრე, ბათუმში გამანაწილეს ქირურგიაში. იქ კი ონკოგინეკოლოგიაში გადავედი. მაშინ მოდაში იყო გემის ექიმობა და შორეულ ნაოსნობაში გემის ექიმად წავედი თითქმის 5 წლით. 1964 წლიდან კი სულ გინეკოლოგიაში ვიყავი შარშანდლამდე. დიდი ბედნიერებაა, როცა ახალშობილთან გაქვს საქმე, მაგრამ მაინც ვნანობ, თეატრალური რომ არ დავამთავრე.

ნანა: მე კიდევ, იცით, როგორი ცოლი ვიყავი? პირველი გოგო რომ გამიჩნდა, ბოდიშს ვუხდიდი, ბიჭი რომ არ დაიბადა.

– ასე აპროტესტებდა?

გია: ვამბობდი, ეგ ჩემი შვილი არ არის–მეთქი.

ნანა: დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი იქნებოდა. ამბობდა, არ არსებობს, გოგო არ დაიბადებაო.

– ქალბატონო ნანა, გია მკაცრი ქმარია?

ნანა: არა, პირიქით. შვილებთანაც, როცა საჭირო იყო მისი გაბრაზება, მაშინაც კი ლოიალური იყო. უბრალოდ გურული ფხუკიანია.

– ანუ მკაცრი ბატონი საშას ანტიპოდია?

ნანა: საშას საწინააღმდეგოა ცხოვრებაში. არ შეუძლია, მკაცრად მოითხოვოს რამე.

გია: ჩემზე უბედური კაცი არ არის ამქვეყნად – ცოლი გურული, ორი შვილი გურული, დედ–მამა გურული, მძახლებიც გურულები! ერთადერთი, გამიმართლა, რომ ქალიშვილმა წერეთლის ქალი გამიჩინა და ამან ცოტა გამომიკეთა მდგომარეობა. მარა, რაც კარგები ვართ, გურულები ვართ!

ნანა: ახალგაზრდობაში კი იცოდა გაბრაზება. ერთ დღეს რაღაცაზე გამიბრაზდა და სამი დღე აღარ მოვიდა სახლში. მოსკოვიდან დამირეკა – ნანა, დომოდედოვოს აეროპორტში გელოდები ხვალო. რა თქმა უნდა, არ წავედი და მერე ისევ თვითონ დაბრუნდა.

– იქ ვისთან მირბოდა?

ნანა: ბიძაშვილები ჰყავდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი წუთით არ მიეჭვიანია, რადგან გია ძალიან ერთგულია. გამოცდილი მყავს, უპატიოსნესი პიროვნებაა.

გია: არ გიყვები ჩემს ცოდვებს, არა! ერთხელ ბათუმში ვიყავი და ჩემი მეგობარი, ნათელა არველაძე ჩამოვიდა. ბინის დაქირავება უნდოდა, მაგრამ მე მივიპატიჟე სახლში და რამდენიმე დღე დარჩა. ნათელა რომ წავიდა, მერე ნანა ჩამოვიდა. იქ ერთი სასწაული მეზობელი გვყავდა – მანია. იმან უთხრა ნანას, ერთი გოგო იყო შენს ქმართან, "კუპალნიკზე" წინსაფარი ეკეთა და ბორშჩს აკეთებდაო. ნანამ მაშინვე მითხრა, ნათელა იქნებოდა, არველაძეო.

ნანა: ამ დროს ხომ შეიძლებოდა, მე ამეტეხა დიდი ამბავი?!

– ბატონო გია, სერიალში თქვენი გმირი ლაშაზე და ვახოზე ამბობს, ყოჩაღ, დებ ღლონტებს რომ უძლებენო. თქვენ როგორ ქალს "გაუძელით" აქამდე?

ნანა: პირიქით, ბევრს უთქვამს ჩემთვის, ამას როგორ უძლებო! მედეა ძიძიგური მეგობრობდა ჩვენთან და ერთხელ მანაც იგივე მკითხა. ფსიქოლოგიაში არის ადამიანის ტიპი – სანგვინიკი, რომელიც თავის ემოციებს ვერ აკონტროლებს და სულ ენერგიულია.

გია: ნანას რძალმა ტაიფუნი, სმერჩი დამარქვა.

ნანა: ბოჰემური ცხოვრება უყვარდა. გიას მთელი დღე და ღამე დროსტარება უნდოდა, ოღონდ – ჩემთან ერთად. რომელი ქალი შეძლებს, დღე და ღამე მიატოვოს შვილები და დრო ატაროს?!

გია: ნანა კი შემწყნარებელია, ერთგულია, სიცოცხლის ელექსირია!

– მართალია, ფილმებში ადრეც მიგიღიათ მონაწილეობა, მაგრამ მას მერე, რაც საშას როლს თამაშობთ, ალბათ უფრო პოპულარული გახდით.

ნანა: ცოტა ხნის წინ მაღაზიაში შევედით. ახალგაზრდა გოგოები იყვნენ გამყიდველები. გია რომ დაინახეს, ხარხარი დაიწყეს.

გია: სულ ასე ხარხარებენ. ერთ სკოლასთან გავჩერდი და უნდა გენახათ, რა ხდებოდა! ბავშვები მომცვივდნენ, საშა ბიძია, სურათი გადაიღე ჩვენთანო.

– ხმაური ცხოვრებაშიც არ გიყვართ?

ნანა: პირიქით, დაგღლიდა ამის ხმაური! დედაჩემი ამბობდა, როცა გია სახლში არ არის, კედლებიც კი მოწყენილი არიანო. ახლა ცოტა შეიცვალა, თორემ 24 საათი შეეძლო ეხმაურა.

– ბატონო გია, სერიალში "შუა ქალაქში" როგორ მოხვდით?

გია: ბოლო დროს რა როლებიც მივიღე, ყველა მანანა ორბელიანის დამსახურებაა. ერთხელ შემხვდა და მკითხა, შეიძლება ფოტოები გადაგიღოთო – რეჟისორის ასისტენტი იყო და კასტინგს ატარებდა. მას მერე დავმეგობრდით და სადაც მეძახიან, სულ მისი დამსახურებაა. ერთხელ სამშობიაროდან მოვედი, ნერვები მქონდა მოშლილი, სახლში ყველა დავცოფე და დავწექი. ამ დროს დამირეკა მხატვარმა მალხაზ ფუხაშვილმა – რაღაც კლიპის გადაღებაა და ხომ არ მოხვალო. წამოვხტი და გავიქეცი. იმ კლიპის გადაღებაზე გავიცანი ციცო ფარულავა, რომელმაც მერე 15 სარეკლამო კლიპში მაინც გადამიღო. ოპერატორმა ლევან დაბრუნდაშვილმა მითხრა მერე, მე მივეცი "შუა ქალაქის" ხალხს შენი კოორდინატებიო. ახლა მთლიანად შეყვარებული ვარ საშაზე. მძივივით აქვთ აწყობილი სამუშაო. გაოგნდებით, ისეთი სამუშაო გარემოა.

– ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ასეთი ენერგიული რომ ხართ?

გია: ახლა – აღარ, მაგრამ კარგად ვცურავდი.

ნანა: სანამ გავყვებოდი, მითხრა, ნაჯახივით ვარ წყალშიო. სპეციალურად შევიდა ერთხელ დიდ ტალღებში, რომ მე მოვეხიბლე.

გია: ძალიან მიყვარდა ტალღებში შესვლა, მაგრამ ახლა ვეღარ შევდივარ. 70 წელს მივუკაკუნე და...

ნანა: გიამ უამრავი ლექსი იცის ზეპირად. მე მიძღვნიდა და თან მატყუებდა, ვითომ თავისი დაწერილი იყო. კი ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვისი იყო. თურმე პეტრე გრუზინსკის ლექსებს მიკითხავდა.

გია: 41 წელი გაგიძელი. აწი უნდა გამოგცვალო! ისე, თუ ჩვენი გაშორების ამბავი გაიგეთ, იცოდეთ, რომ მიზეზი დავით აქუბარდია იქნება. 24 საათი მას უყურებს ტელევიზორში. საშინლად ვეჭვიანობ აქუზე!

ნანა: მთელი ცხოვრება ეჭვიანი იყო. ფეხმძიმედ ვიყავი. პედსაბჭო იყო და დამაგვიანდა. სახლში მოსულს დამხვდა წერილი – "ჟენშინა, კატორაია შლიაეტსია, პუსტ შლიაეტსია"! (ქალმა, რომელიც დაწანწალებს, იწანწალოს!). ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე გავბრაზდი.

რუსუდან ადვაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523448
1523648 online