 |
| ტაო–კლარჯეთის ტკივილი
|
როგორ გადაურჩა 40 ლირად გაყიდული შატბერდი დანგრევას
მერვე კლასში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება რომ წავიკითხე, იმ პერიოდიდან ვოცნებობდი იმ მიწაზე ფეხის დადგმას, რომელსაც ტაო–კლარჯეთი ერქვა. თურქეთის ნაწილად ქცეულ ქართულ მიწაზე დარჩენილი ეკლესია–მონასტრები საუკუნეებია ელოდებიან პატრონს. ჩვენ კი არათუ მათი, აქ, ჩვენს ხელში არსებულის მოვლას ვერ ვახერხებთ.
ბავშვობის ოცნება ბათუმში დასვენების დროს ჩემმა მეგობარმა და მასპინძელმა, ვაჟა დავითაძემ ამიხდინა. ვაჟა პროფესიით მსახიობია, ამჟამად ბიზნესითაა დაკავებული. ქრისტიანად ჯერ კიდევ სტუდენტობისას, საბჭოთა ეპოქაში მოინათლა. ერთი პერიოდი შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და თავის კუთხეში მრავალი აჭარელი თავად მონათლა. ორი წელია ის და მისი მეგობრები დოკუმენტურ ფილმს აკეთებენ ტაო–კლარჯეთზე. მართალია, ამ თემაზე უამრავი ფილმია გადაღებული, მაგრამ მათი მიზანი განსხვავებულია. დოლისყანა, ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, ტბეთი, ოთხთა, პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, ბანა – ფილმში ამ ქართულ ხუროთმოძვრულ ძეგლებზე ყველაფერი იქნება და მას სკოლებს უფასოდ გადასცემენ. ბავშვებს კითხვა ეზარებათ და ასე გაეცნობიან თავისი ქვეყნის ისტორიას – ეს არის ვაჟას და მისი მეგობრების ჩანაფიქრი.
ფილმი ახლახან გარდაცვლილ პოეტს, ფრიდონ ხალვაშს ეძღვნება. ბატონ ფრიდონს ჭოროხზე ლექსი აქვს, მაგრამ ისე დაწერა, ისტორიულ სამშობლოში ნამყოფი არ იყო. ამ ჩემს მეგობრებს წაუყვანიათ. იქიდან კი ისეთი აღფრთოვანებული დაბრუნებულა, რომ მის შვილს, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორ ზაზა ხალვაშს, ფილმის გადაღება გადაუწყვეტია. ჩემს იქ ყოფნაში ბოლო კადრების, ტაოში ყველაზე შორს მდებარე ტაძრის, ბანას გადაღება გადაწყდა და ამგვარად ექსპედიციაში მეც აღმოვჩნდი.
მეგზურად ჟურნალისტი ოთარ ფუტკარაძე იყო. ისიც ვაჟა დავითიძის ნათლული გახლავთ. პირველად ნათლიამ აჩვენა ტაო–კლარჯეთი და მას შემდეგ ამ გრძელ და სულიერი ტკივილებით სავსე გზას ვერ მოსცილდა. მთელ ჩვენს მოგზაურობას ვიდეოკამერით მსახიობი ზურაბ ქავთარაძე იღებდა.
სარფის საზღარს გადავდივართ თუ არა, ფანჯარას ცხვირით ვეკვრები. ყოველ კილომეტრზე ინტერესი მემატება და მასთან ერთად გულში – ტკივილიც. სამასი კილომეტრი უნდა გავიაროთ ბანას ტაძრამდე. ჩხალის, ნიგალის, ჭოროხის, თორთომის, ოლთისის ხეობები... ვიწრო გზას მივუყვებით. ამ ადგილებს სულ მალე უზარმაზარი, დარინერის სახელობის წყალსაცავი დაფარავს. მის შენებას ქართველი "მწვანეები" სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ – ჭოროხი ქვა–ნაყარს ვეღარ ჩამოიტანს და ზღვა ჩვენს სანაპირო ზოლში ისე შემოვა, შეიძლება მალე ფოთიც წაგვართვასო. წესით, ქვა–ღორღის ხელოვნურად შემოსატანად თურქეთმა ყოველწლიურად სოლიდური თანხა უნდა გვიხადოს, მაგრამ, როგორც ვიცი, ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებას ამაზე არ უზრუნია.
ნაცნობი ქართული ხედები მთავრდება და უზარმაზარი, ფერადი კლდეები იწყება. კლდეებს შორის თითოოროლა მოსახლე ჩანს. მიკვირს, როგორ ცხოვრობენ. დასახლებაში რომ შევდივართ, გაოცებული ვრჩები. იქაც კი, სადაც ხალხი მიწურებში ცხოვრობს, ლარივით გზა დაუგია მათ ხელისუფლებას.
დაკარგული ქართული მიწის ფართობით ვინტერესდები. ძველი ლაზისტანის გამოკლებით – 25 ათასი, მისი ჩათვლით 52 ათასი კვადრატული კილომეტრი გვაქვს დაკარგულიო, მიხსნის ოთარი. დღეს საქართველოს ტერიტორია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, 69 ათასია. გონებაში ამ 52 ათასს აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის ნაჩუქარ მიწებსაც ვუმატებ და სული მეხუთება. იმაზე მეტი წაუგლეჯიათ თუ ნებით დაგვითმია, ვიდრე დღეს ჩვენს საზღვრებშია მოქცეული. მეგზური მაღალ კლდეებს შორის გაჭრილ სივრცეზე მიმითითებს – ჯოჯოხეთის ხეობა ჰქვია. მიწისძვრას ვეებერთელა კლდე გაუპია და რამდენიმე ჰექტარი მიწა ქართველების თავშესაფრად უქცევია.
ბანა შორიდანვე დანახვა გავსებს სიამაყით, რომ ქართველი ხარ, რადგან შენს წინაპრებს თერთმეტი საუკუნის წინ შეძლებიათ ამ სიდიადის აგება. ერთ დროს ბანა, რომელიც საქართველო–თურქეთის დღევანდელი საზღვრიდან 300 კილომეტრითაა მოცილებული, ქართველ მეფეთა სატახტოც ყოფილა. აქ დაუწერიათ ჯვარი ბაგრატ მეოთხეს და ბიზანტიელ ელენეს.
სანთლებს ვანთებთ. ქართული სალამი გვესმის. თბილისელ ტურისტებს ექსკურსიაზე მოუყვანიათ უცხოელი ქალბატონი. უცხოელი აღფრთოვანებული დგას და ყველა წვრილმანს კითხულობს. ქართველები კი ტაძრით კი არა, ფერადი მდელოებით არიან აღფრთოვანებული. პირში სიგარეტგაჩრილები ფოტოაპარატთან ხმამაღალი სიცილ–ხარხარით პოზირებენ. ზურა გადაღებას წვეტს, ბრაზობს... ქართველ ტურისტებს მალე სწყინდებათ და მიდიან.
ბანას შემდეგ იშხანი გველოდება. კლდის პირას ძალიან ვიწრო გზას მივუყვებით. ლამის ღმერთის სამფლობელოს სიმაღლეზე ავდივართ. ირგვლივ უშველებელი ფერადი კლდეებია. უფრო და უფრო იზრდებიან და უცებ ამ სიშიშვლეში პატარა ოაზისი ჩნდება – ნამდვილი პატარა ქართული სოფელი, ქართულ იერიანი მოსახლეებით. ხელის აწევით გვესალმებიან. წარმოშობით იშხნელ ნერსეს მიერ აგებული და მურვან ყურს მიერ დაქცეული სამლოცველო გრიგოლ ხანძთელს გაჭირვებით უპოვია. ამ ნანგრევებზე მის დეიდაშვილ საბას ახალი ეკლესია აუგია და შემდგომ თავად ეპისკოპოსი გამხდარა (საბა იშხნელი).
იშხანი ბანაზე ბევრად უკეთაა შემონახული. გუმბათს საუკუნეების წინანდელი კრამიტიც კი არ აქვს მოშორებული. ასეა რამდენიმე სხვა ტაძარშიც და ამას, ბედის მუხთლობით, თავისი სავალალო მიზეზი აქვს – ქართულ ეკლესია–მონასტებში მეჩეთები თავსდებოდა, ხშირ შემთხვევში, ისევ ქართველების თხოვნით. დღისით ალაჰისთვის ლოცულობდნენ, ღამით – ქრისტესთვის. ეკლესია კი ინახებოდა, თურქები მას აღარ ანგრევდნენ.
ხახულში დღესაც მეჩეთია. ტაძრის გუმბათზე ჯვარია, მაგრამ ეს ხოჯას ლოცვაში ხელს არ უშლის. იატაკზე ხალიჩა და ყველა სათანადო მოწყობილობაა. იქ ერთადერთი მუსლიმი მლოცველი დადის. თავის დროზე ტაძარი უნდა დაენგრიათ. გამოჩენილა გავლენიანი ქართველი და უთხოვია, არ დავანგრიოთ, ჯამე გავხსნათო. ახლა მეჩეთი სხვაგანაა, მაგრამ ხოჯას სიზმარი უნახავს, ხახული არ მიატოვოო და ისიც ძველებურად ქართულ ტაძარში აგრძელებს ლოცვას.
შატბერდი ერთი გლეხისთვის 40 ლირად მიუყიდიათ. უნდა დაენგრია და რაღაც აეშენებია, მაგრამ იმ ღამეს ფარა დახოცვია, ხარიც მოკვდომია. გლეხს შეშინებია და ეკლესიის დანგრევა გადაუფიქრებია. ასე გადარჩა შატბერდის ტაძარი. შემდეგ სომხებს არ მოუსვენიათ. ქართული კვალის წასაშლელად ქართულწარწერიანი ქვა გამოუღიათ კედლიდან და სხვა დაუდიათ. ქვათა სხვადასხვაობა გარკვევით ჩანს. განძის მაძიებლები დღემდე თხრიან ქართულ ეკლესია–მონასტრებს. რას პოულობენ, კაცმა არ იცის, ჩვენს ისტორიას რომ უთხრიან ძირს, ფაქტია.
ოპიზა კარგად ყოფილა შემონახული, მაგრამ გასული საუკუნის 60–იან წლებში ადგილობრივ ხელისუფლებას გზის გაყვანა მოუსურვებიათ. ტაძარი არ დაუნდიათ და აუფეთქებიათ. ახლა გზის ერთ მხარეს ტაძრის ერთი ნანგრევია, მეორე მხარეს – მეორე. ტაძრების კედლები და ჭერი ყველგან შებათქაშებულია, მაგრამ ალაგ–ალაგ ჩამოშლილა და ქართული ფრესკები ჩანს. კედლების და თაღების ნაწილი გაჭვარტლულია. ფრესკები რომ დაეფარათ, მუსლიმები ტაძრებში ცეცხლს ანთებდნენ.
გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობასთან დაკავშირებული თორმეტივე სავანე თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული და იქ მცხოვრებლებიდან ქართული არავის ახსოვს. არც იშხანში. იქ მყოფები, არ ვიცი რატომ, შეიძლება ინტერესისთვის, ბავშვებს გვიგზავნიან დასაზვერად. სანთლებს ვანთებთ, ვლოცულობთ, გარეთ გამოსულები ჩვენიანებს ხელის დაქნევით ვემშვიდობებით და მოვდივართ.
წასახემსებელ ადგილს ვეძებთ. პატარა ფარდულისმაგვარს ძლივს ვპოულობთ. გარეთ, პატარა ხის მაგიდასთან ვსხდებით – ქალების შესვლა ჩაიხანაში მიუღებელია. ძველ ქართულ მიწაზე თურქული ბაიათის თანხლებით ჩაის ვსვამთ და ჩვენს წარსულზე ვსაუბრობთ. იქ ჩვენი დაკნინებული აწმყოს და განახევრებული საქართველოს გახსენება უბრალოდ მკრეხელობაა.
"იცი, აქაური ქართველები რას ამბობენ? – ცეცხლზე ნავთს მისხამს ვაჟა, რომელსაც ტაო–კლარჯეთის ყოველი მტკაველი ფეხით აქვს მოვლილი, – ადრე ქართულ ლაპარაკს გვიშლიდნენ, ახლა აღარ გვიშლიან იმიტომ, რომ ქართულ ენაზე მოლაპარაკე აღარავინაა; ადრე ეკლესიებში შესვლას გვიშლიდნენ, გვინგრევდნენ, ახლა აღარ გვიშლიან, მაგრამ შემსვლელი არავინააო".
სარფს გადმოვდივართ. უკვე ბათუმში ვართ. კიდევ კარგი, ეს მაინცაა ჩვენი, გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ თვალში თურქული წარწერა მხვდება. ქართული არსად ჩანს!
ნინო მეტრეველი
|