 |
| "ინტერი" დანებებას არ აპირებს
|
ხავიერ ძანეტი: "ინტერი" დანებებას არ აპირებს
უეფას სუპერთასის მატჩის ჩატარების დღე "ინტერის" კაპიტნისთვის, ხავიერ ძანეტისთვის მნიშვნელოვანი თარიღია – 15 წელი შეუსრულდა მილანურ კლუბში დებიუტიდან.
იუბილეს აღნიშვნას მორიგი ხმაურიანი გამარჯვებით აპირებდა. არგენტინელი მცველი 1965 წლის შემდეგ ნერაძურის პირველი კაპიტანია, ევროპის ჩემპიონთა თასი რომ აღმართა.
ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხებაში ძანეტიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ახლაც მორიგი ჯილდოს მოგებაზე ფიქრობდა, მაგრამ მისი გუნდი მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამარცხდა.
– ხავიერ, გული არ დაგწყდათ?
– ძალიან. ამ თამაშის მოგება ძალიან მინდოდა, მაგრამ...
– იუბილე ჩაგშხამდათ...
– ძალიან ცუდი დღეა ჩემთვის. არადა, ფინალის დასასრული სულ სხვაგვარად წარმომედგინა.
– არადა, გუნდელებს თავი არ დაუზოგავთ...
– ამას მეც ვატყობდი, მაგრამ ეს დღე მარტო ჩემთვის კი არა, მთლიანად გუნდისთვის აღმოჩნდა წარუმატებელი.
– როგორ ფიქრობთ, ბენიტესის ადგილას მაურინიუ რომ ყოფილიყო, ამ შეხვედრას "ინტერი" მოიგებდა?
– არ ვიცი, ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აზრი არ აქვს.
– 27 აგვისტოს "ინტერში" თქვენი დებიუტიდან 15 წელი შესრულდა. "ვიჩენცას" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ გრძელი გზა გაიარეთ. რას ნიშნავს ეს გზა თქვენთვის?
– მილანის "ინტერის" მაისურით მინდორზე გასვლა ჩემთვის უდიდესი პატივია. ბედნიერი ვარ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრ ისეთ მატჩში რომ მივიღე მონაწილეობა, რომლებიც გულშემატკივართა მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.
მიღწეულ წარმატებებზე გაჩერებას არ ვაპირებ და გუნდთან ერთად კიდევ მოვიგებ ახალ ჯილდოებს. "ატლეტიკოსთან" მატჩიც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იქნება.
– გაიხსენეთ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდგომი ემოცია. იმ გამარჯვებით "ინტერმა" ოქროს ჰეთ–თრიქი შეასრულა...
– ენითაუწერელი სიხარული განვიცადე. ამ მომენტს მთელი 15 წელი ველოდი და ბრწყინვალე გუნდის კაპიტნის რანგში მივაღწიე. სერია ა–ს და იტალიის თასის მოგების შემდეგ, კოლექციას ყველაზე სერიოზული ჯილდოღა აკლდა.
ამ მწვერვალის დაპყრობაც შევძელით და კლუბის გულშემატკივრებს, პრეზიდენტ მასიმო მორატისა და "ინტერის" გუნდის თითოეულ წევრს დიდი ბედნიერება მივანიჭეთ.
– უკვე 37 წლის ხართ, მაგრამ ძლიერი გუნდის სახელით უმაღლეს დონეზე თამაშს მაინც ახერხებთ. იქნებ გაგვიმხილოთ, რაში მდგომარეობს თქვენი წარმატების საიდუმლო...
– არავითარი საიდუმლო არსებობს. მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომა და პროფესიონალიზმი. თამაშის დასრულებაზე იქამდე არ დავფიქრდები, სანამ ფიზიკური კონდიცია არ დამაღალატებს. ამჟამად კარიერის პიკზე ვარ და ვგრძნობ, საქმე აშკარად უკეთ გამომდის, ვიდრე თუნდაც ახალგაზრდულ წლებში.
– შესწევს "ინტერს" შარშანდელი წარმატების განმეორების ძალა?
– ასეთი გრანდიოზული სეზონის განმეორება წარმოუდგენლად რთული იქნება. ჩემპიონის წინააღმდეგ ხომ ყველა განსაკუთრებული შემართებით იბრძვის. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ გულშემატკივრების გასახარებლად, დანარჩენს კი მომავალი სეზონი გვიჩვენებს.
– "ინტერში" დიდი არგენტინული დიასპორაა: თქვენ, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო და ვალტერ სამუელი. რას ნიშნავს ეს ოთხეული კლუბისთვის?
– ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ გუნდს გამოვადგეთ. მაქსიმალურად ვშრომობთ, რათა მწვრთნელისთვის საჭირო ფეხბურთელები ვიყოთ. სხვა მხრივ კი ძალიან სასიხარულოა, თანამემამულეებთან ერთად რომ მიწევს მინდორზე გასვლა.
– როგორ შეეწყო გუნდს ჟოზე მაურინიუს შემცვლელი რაფაელ ბენიტესი?
– მშვენივრად. ბენიტესი გამოცდილი და ძლიერი სპეციალისტია და მისი ხელმძღვანელობით "ინტერს" ახალი ტიტულების მოგება შეუძლია.
– როგორ ფიქრობთ, შეცვლის გუნდის სათამაშო სტილს?
– ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და დარწმუნებული ვარ, ცვლილებები იქნება. რა დოზით, ამას მომავალი თამაშები გვიჩვენებს. ფეხბურთელები მზად ვართ მისი ნებისმიერი მითითება შევასრულოთ. ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ.
– მილანის "ინტერის" ბევრმა ფეხბურთელმა ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. ეს ფაქტი მომავალ სეზონში გუნდზე ცუდად ხომ არ აისახება?
– გასულ სეზონში ჩვენ 50–ზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ. ასე რომ, მჭიდრო გრაფიკს შეჩვეულები ვართ. სნეიდერი, ეტოო, მაიკონი, ლუსიო, სტანკოვიჩი და მუნტარი პროფესიონალები არიან.
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მათ მაინც მოასწრეს დასვენება და ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. დარწმუნებული ვარ, "ინტერი" ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს.
|