რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
იოსებ გრიშაშვილი – უკანასკნელი ყარაჩოხელი
ორი მილიონი უფასოდ (ნაწილი V)
ორი მილიონი უფასოდ (ნაწილი IV)
ორი მილიონი უფასოდ (ნაწილი III)
ორი მილიონი უფასოდ
რეპორტაჟი ნავსადგურიდან
სახელები
რებეკა (ნაწილი VIII)
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
ჰელოუ, ამერიკა!
ჰელოუ, ამერიკა!

ჰელოუ, ამერიკა!


გაზიარება  2010-09-02 15:01:06

გურამ მეგრელიშვილი



ჯეკ ნიკოლსონის გმირი სადღაც ამბობს: ამ ქვეყანაში შენი პენისი არ დაგრძელდება იმის მიუხედავად, ძვირადღირებული მანქანა გყავს, თუ არაო. პასკალი კი (პასკალ შიმბონდა არა, ფეხბურთელი რომაა, ბლეზ პასკალი) უფრო ადრე იმოძღვრებოდა, რომ ორ მეცნიერს შორის, რომელთაგან ერთს აქვს იმის საშუალება, თავს უფლება მისცეს ძვირი ექსპერიმენტი ჩაატაროს და მეორეს, რომელსაც საამისოდ 20 წლის შრომა სჭირდება, სხვაობა სულ რაღაც 20 წელიაო.

ფრანგი, როგორც ყოველთვის, ირონიული იყო (როგორც ყველა ფრანგი) და ეს ირონია პირდაპირ გულზე ხვდებოდა ჩემს ისედაც დაბოღმილ ხასიათს – ჩემი 18 წლის ასაკში, ერთადერთი ბიჭი ვიყავი კურსზე, ვისაც, როგორც პასკალი ამბობს (ამ შემთხვევაში პასკალ შიმბონდა), გოლი არ მქონდა გატანილი და ეს ისევე პროპორციული იყო ჩემი სიმორცხვის და ჩაკეტილი ხასიათის, როგორც – წვიმა და ატალახებული სოფელი.

სოფელზე გამახსენდა და სოფლელი ვარ. ბორჯომის ერთ–ერთი სოფლიდან, ყვიბისიდანაა ჩემი გვარი და მეც იქაური სკოლა დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ვაჟიშვილობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა სოფლელობას, რადგან თანასოფლელები ისე მშვენივრად ახერხებდნენ ხოლმე გოლის გატანას, როგორც დაგიბარებიათ, მაგრამ მათ ნაწილს ან ძვირი მანქანები ჰყავდა, ან ფული ჰქონდათ ქალისთვის თავის მოსაწონებლად, ან ისეთ ქალებს ირჩევდნენ, თავმოყვარე კაცი გამარჯობასაც რომ მხოლოდ მოფარებულში ერთი–ერთზე ეტყვის. მე კი ასეთი არ ვიყავი. არც მანქანა მქონდა და არც – ფული, მაგრამ გამაჩნდა სინდისი და საკუთარი თავის პატივისცემა და ალბათ ეს უკანასკნელი ზედმეტადაც, რადგან ქალის შარდის სუნიც კი აღმაგზნებდა უკვე და რამდენი ცივად მოხარშულ, ფეხებაშვერილ დედალს დავინახავდი სუფრაზე, ელეთ–მელეთი მომდიოდა, რაც ყოველთვის გულისრევით მთავრდებოდა.

ქალაქში უფრო იმიტომ წავედი, რომ იმედი მქონდა, გოგოს ვიპოვნიდი, გოგოს, ვინც ჩემს ღამეულ პოლუციებს ბოლოს მოუღებდა და დაასვენებდა ჩემს აფორიაქებულ სულს და მარჯვენას, რომელსაც სრულიად უმიზნო და არაფრისმომცემ საქმიანობაში ვიყენებდი.

ქალებს ყოველთვის მოვწონდი (ვის არ მოსწონს სოფლელი გაგრია, ყოველ შეხედვაზე რომ წითლდება და თავს ხრის?!), მაგრამ ეს ჩემს უმწიკვლობას წერტილს ვერ უსვამდა და ვერანაირ ჩრდილს ვერ აყენებდა. და დავდიოდი უნებლიეთ პავლე მოციქულის სიტყვების აღმსრულებელი (კაცისთვის კარგია, არ შეეხოს დედაკაცსო), თუმცა მაშინ არც პავლე მოციქულისა მსმენოდა რამე და რომც გამეგო, უმალ ჩემი სხარტი გონებით, მისივე სიტყვებს მოვიშველიებდი, სიძვის თავიდან ასაცილებლად ცოლი მოიყვანეთო. არ მსმენოდა პავლე მოციქულზე, მაგრამ ბევრი წამეკითხა მიქელანჯელოზე, 40 წლამდე კაი პატიოსანი ქალივით რომ უფრთხილდებოდა თავის სიქალწულეს და, რომელიღაც მეძავის წყალობით, თუ დაძალებით, ბოსელში მაინც რომ დაკარგა.

ჰოდა, სუფრებზე ისე ხშირად ვახსენებდი ამ ფაქტს, რომ ერთხელაც ჩემმა კურსელმა კახელმა ბიჭმა, თავისი კუთხისთვის დამახასიათებელი ხეპრობით მომახალა: შენა, ბიჯო, ქალთანა ხაარ ნამყოფი?

და მიუხედავად იმისა, რომ კითხვა ჯიქური იყო და ასე ლიტრანახევარ შაქრიან ღვინოში ვიყავით, ბელი ლებედელი ქურდებისთვის შესაშური სიმტკიცით დავიცავი თავი და აპა, არა ვარ–მეთქი, ვუპასუხე!

დამიჯერა თუ არა, ეს თვითონ უფრო იცის, მაგრამ ზუსტად 40 წუთში ვიღაცა სამ კახპასთან აღმოვჩნდით ოთხი პირველკურსელი ბიჭი (კახელი იხდიდა!) და რა გასაკვირია, რომ თამაშგარე მდგომარეობაში მე აღმოვჩნდი?!

მეორე დღეს კი ვუბღვერდი ბიჭებს, მაგრამ რა იმათი ბრალია, თუკი ფეხბურთის სამი ძირითადი კანონიდან, პირველი ამბობს: გოლის გასატანად საჭიროა ბრძოლა!

ალბათ გაინტერესებთ, ასე ხშირად ფეხბურთს რად ვახსენებ. გეტყვით – მამაჩემს, არშემდგარ ფეხბურთელს (მაგრამ შემდგარ ყარაულს და ლოთს), დიდი იმედი ჰქონდა, შვილი მაინც გაეზარდა ისეთი თავდამსხმელი, მთელ მხარეს და ოჯახს რომ ასახელებდა, თუმცა აქაც ვერ ვივარგე, რადგან მოედანზე, საკმარისი იყო, ვინმე დამჯახებოდა, ეგრევე ძირს ვეგდე და პირველივე, რაც იმ წამს თავში გამიელვებდა ხოლმე, ის იყო – აგე, ის ქალთანაა ნამყოფი–მეთქი. ჩემი წარმოდგენით, ყველა, ვინც გოლი ერთხელ მაინც გაიტანა იქ, სადაც უნდა გაეტანა, ბევრად ძლიერი იყო ჩემნაირებზე. და ალბათ ასეც იყო, რადგან ჩემს თანაგუნდელ სოსო მეხვარიშვილს იმხელა გული ჰქონდა, სისხლის მთელი მარაგი ერთი პარკუჭიდან მეორეში გადასვლას ვერ აუდიოდა და, შესაბამისად, ტვინამდეც არ ასდიოდა და ალბათ ამიტომაც ვერ გაიზარდა ვერც სიმაღლეში და ვერც...ჰხმ!



შხაპს ვიღებდით ერთხელ და რომ დამხედა და მერე თვითონ დაიხედა, რაღაცნაირი გულდაწყვეტით და ალალად ჩაილაპარაკა, ვისაც არაფერში არგია, იმას აქვს და თან უსაქმოდო. მაშინ პირველად გავიგე, რომ თურმე ყველა კაცი სადღაც გულის სიღრმეში ამაყობს იმ ღირსებით, რაც ბუნებას მოუმადლებია და პირველად გამიხარდა ის, რაც საგვარეულო სირცხვილი მეგონა (განსაკუთრებით, სპორტული შარვლის ტარებისას).

სოსო კი ამ ამბის მერე ჩემს ღირსებაზე უფრო მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე თავის თავგადასავლებზე, მაგრამ ამას შეღავათი არ მოუტანია არც ჩემი აჩუჩუნებულობისთვის და, ბოლოსდაბოლოს, მეც ეგრე არ ვლაპარაკობდი იმაზე, რაც სხვას ჰქონდა და მე არა, ანუ მანქანებზე?!

არ ვიცი, ჯეკ ნიკოლსონის ქვეყანაში როგორ ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ მსგავსი ამბები (ზომებს ვგულისხმობ) გრიპზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ზუსტად ერთ თვეში, ორმა ჩემმა კურსელმა გოგომ გვერდით გამიხმო და მთხოვა მენახებინა ის, რაც ბოლო რამდენიმე წელი ჩემივე მარჯვენასთან იყო ჭიდილში და თავს დამარცხებულად არ თვლიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვა 18 წლის სოფლელ ბიჭს, ვისაც ორი მისივე თანატოლი გოგონა კევის ღეჭვით და თან, ვითომც აქ არაფერიაო, შარვლის ქვეშ დამალულის ნახვებას სთხოვს. ასე მამა მეუბნებოდა ხოლმე ბავშვობაში, ამოიღე, პასპორტი მანახეო, მაგრამ მაშინ არც სირცხვილი ვიცოდი რა იყო და არც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დერეფანში ვიდექი.

ორივე გოგოს ისეთი თვალებით შევხედე, ბატონი კარენინი რომ არ შეხედავდა ანას ეტლში, ვრონსკის დაშავების დღეს და მეთქი, კაცი იარაღს რომ ამოიღებს, უნდა იხმაროს კიდეც–თქო და თან ეს ისეთი ხმით ვუთხარი, წივილ–კივილით გამშორდნენ, მე კი მეორე დღესვე დაუნდობელი მექალთანის სახელი გამივარდა.

სახელს კი ერთი ასეთი თვისება აქვს – რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო გძაბავს და გიმონებს, რადგან შენ მხოლოდ შენ კი აღარ ხარ, შენ ხარ იმდენივე ადამიანი, რამდენმაც როგორც წარმოგთქვა. მე კი, ეჭვი მაქვს, რომ ძალიან, ძალიან ბევრჯერ წარმომთქვეს, თანაც ისე, რომ, ყველა უბედურებასთან, ერთად შიშიც დამეწყო. შიში იმისა, რომ სინამდვილეში ისეთი ვერ აღმოვჩნდებოდი, როგორიც ხალხს ვეგონე. და ეს შიში იყო ალბათ იმისი მიზეზი, ასე რომ მსურდა ქალი და ასე ჭირიანივით გავურბოდი მას.

პუტანკებში მე არ დავდიოდი. ჩემების გამოგზავნილი გროშები საჭმელზე ძლივს მყოფნიდა და ქალს რას ვამყოფინებდი (კაი ქალს, თორემ ცუდს და უშნოს ისეც რა დალევდა). სხვების დაპატიჟებულზე წასვლა კი სახიფათო იყო (თორემ კახელი ყოველ კვირა დაატარებდა მთელ კურსს თავის ხარჯზე) – ხომ შეიძლება, იმ ვიღაცა ბოზანდარას გავეთქვი და გავემასხარავებინე ბიჭებში – არაფრის აზრზე ეს არააო და ეს ამხელა ოყლაყი (ჩემი სიმაღლე იგულისხმება) ჯერაც ვაჟიშვილიაო.

მოკლედ, ასე ვიტანჯე სამი წელი. თვალები მოზვერის მქონდა, თუმცა თავდახრილმა ვისწავლე სიარული და ეს ალბათ მომხიბვლელობას მმატებდა, რაგდან ჩემ ირგვლივ ქალებმა მომრავლება დაიწყეს.

* * *

სამი წლის თავზე, ჩვენს ჯგუფში შემოვიდა ახალი ლექტორი, 32 წლის ქალი, რომელმაც თავგზა, გზა–კვალი, ერთი ადგილის გასაღები, თუ როგორც ითქმის, სრულიად დამაკარგვინა. ეს იყო ქალი, რომელსაც კვირაში მხოლოდ ორჯერ ვხედავდი, მაგრამ მინიმუმ ოცჯერ მაინც ვიხსენებდი ტუალეტში, ეს იყო ქალი, ვინც ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

მაგრამ ჩემი მოგვარე იყო!

თუმცა რა უნდა ქნას კაცმა, თუკი მოგვარე ქალის ნდომა კლავს და მოგიზგიზე კოცონთან მილაგებული თივასავითაა? ალბათ ის უნდა ქნას რაც მე ვქენი – ჩემი მარჯვენის ჭიდილი ჩემივე სურვილებთან გავასამმაგე და აღსარებების ჩაბარებასაც ვუმატე და ვუმატე. მაგრამ რომელი აღსარება გიშველის, თუ რაიმეს მოშორება არ გინდა? ჰოდა, მე არ მინდოდა და ალბათ მამაოც დაიღალა ერთი და იგივეს მოსმენით და ჩვენივე მრევლი, კეთილმოუბარი კვალითელი ნანუკა მირჩია ცოლად.

ნანუკა შეუხედავი იყო, თუმცა ჰქონდა ძვირადღირებული ბინა ქალაქის ცენტრში, ჩემს ოცნებებზე აღმატებული მანქანა და კიდევ ერთი მანქანა, ქმრისთვის.

მაგრამ ნანუკა შეუხედავი იყო და მეც ბრძოლა გადავწყვიტე (ვინ თქვა, სიყვარული არ არსებობსო?), ჩემი ლექტორის ერთგულება ვარჩიე და რაღაცის იმედად დაცდა გადავწყვიტე.

ხუთ დღეში კი ლექტორმა დაბადების დღეზე დამპატიჟა. ვისესხე, რაც კი სასესხებელი ვიშოვნე და ვარდების თაიგულით მივადექი. გეფიცებით, დალევას საერთოდ არ ვაპირებდი, რაღაცნაირად თავისით გამოვიდა ასე, მესამე განსხვავებულზევე ვიგრძენი, რომ რაღაც მემართებოდა. ყველა მე მიყურებდა და თან დაჟინებით. ჩავთვალე, რომ დამცინოდნენ, ჩემს ყვავილებს დასცინოდნენ, ან ჩემს ფეხსაცმელს ან ჩემს იაფად შეკრეჭილ თმას, ან არ ვიცი, რაღაცას. ავღელდი და წამოსვლის საშუალებასაც არ მაძლევდა ლექტორი, რაღაცნაირად სულ ერთთავად ზედ მეკვროდა და თბილად მექცეოდა. სუფრის თამადა კი ვიღაცა თავგასიებული კაცი იყო, ალბათ მასპინძელი მოსწონდა და მომავალი საქმროც კი იყო, როგორ აგდებით დამცქეროდა!

ყველა ჩემი ღირსება გამინადგურდა იმ დღეს, აი, ეს კი ცხადად მახსოვს, რადგან არ მახსოვს ის, რასაც მერე მომიყვნენ:

ავმდგარვარ, სიტყვა მომითხოვია და თქვენ კი ახლა რაღაცნაირად ზევიდან დამცქერით, ბოდიშით ჩვენ ვერა ვართ პროფესორები, ვერც ძვირი მანქანები გვყავს და, საერთოდ, მამაჩვენი ახლა სადღაც საყარაულო ბუტკაში არაყს სვამსო, მითქვამს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ის, რაც ბუნებამ მოგვმადლა და რასაც ვერავინ წაგვართმევს, ის, რასაც, ამერიკაში რომ ვიყოთ, შესაბამისადაც გამოვიყენებდით–თქო დადიახ, ამომიღია და მაგიდაზე დამიდია.

ნანუკა იმაზე შეუხედავი იყო, ვიდრე თქვენ წეღან გაგეფიქრათ, მაგრამ გვართა შერწყმის თავიდან აცილების მიზნით და კიდევ ჩემი აბობოქრებული სისხლის დასამშვიდებლად და კიდევ ლექტორთან ნაჭამი სირცხვილის ჩამოსაბანად, არ ავდექი და არ მოვიყვანე?

მაგრად გაუმართლა.

ერთი ჩვეულებრივი ბიოლოგიური სექსი გვქონდა, ადვილი. და არც არაფერი ყოფილა აქ საგანგაშო (მით უმეტეს, ძალიან კარგად და ჩემი დახმარების გარეშე მოახერხა ყველაფერი თვითონ).

და მე მივხვდი, რამხელა, უკაცრავად და თვითონაც იცით, რა ვჭამე.

მაგრამ განა სინანული არ გვაქცევს ჩვენ ადამიანებად, თქვა ვიღაც დიდთაგანმა ადრე?! ჰოდა, ვინანე. ისეთი ვინანე, ჯერ იყო და სწავლას დავანებე თავი, მერე ეკლესიას, მერე კი, ალბათ, ისეთი მსოფლიო სევდა ჩამიდგა თვალებში, რომ ამერიკის კორუმპირებულმა კონსულმაც კი ვეღარ მითხრა ვიზაზე უარი დაახლა მე თბილისი – ვენას რეისში ვზივარ, ნომერ 39 ადგილზე, ეკონომ–კლასში. ვენის აეროპორტში 6 საათი მომიწევს გაჩერება, მერე კი ჰაიდა, ჯორჯიის შტატი, ქალაქი ჯექსონვილი (ატლანტასთანაა ახლოს), მშვენივრად ვრეცხავდი ჭურჭელს მთელი ჩემი სტუდენტობა.

თბილისში ცოლი მელოდება (დაბადების დღეზე ვგონივარ ძმაკაცთან). ალბათ ახლა სძინავს და ასეთ დროს უფრო მახინჯდება ხოლმე. მარცხენა ფეხი საბნიდან ექნება გამოყოფილი, სიზმარში მე მხედავს, რადგან ვუყვარვარ. როცა ვინმე გიყვარს, ის უნდა ნახო სიზმარში, წესით!

მე კი, ყვიბისელი გრიგალაშვილი ბესო, რამდენიმე საათში, ნანატრი ამერიკის მიწაზე (სადაც ადამიანის ღირსება მისი მანქანით არ იზომება თურმე!) დავადგამ ფეხს და ვიტყვი: ჰელოუ, ამერიკა, ჩემი დიდი პენისით, კეთილი გულით და შენი იმედით!

მე საქართველოსკენ მიმბრუნებელი აღარ ვარ!

ცნობილი ადამიანები
ულოფ პალმე
კატი ბარბერი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ