ქართული განათლება მძიმე მდგომარეობაშია. უამრავმა გაუგებარმა რეფორმამ, დილეტანტმა მინისტრებმა, დირექტორების ლოტოტრონებმა, არაპროფესიონალურად შედგენილმა სახელმძღვანელოებმა, შეფასებების ახალ–ახალმა სისტემებმა ჩვენს პედაგოგებს სულ აუბნია თავგზა. გზაკვალარეულობა კი ხელისუფლებიდან მოდის, რომელმაც ქვეყნის განათლება და ახალი ადამიანის შექმნის ექსპერიმენტი "თავისუფლების ინსტიტუტს" მიანდო. სისტემაში პირველ პირებად აბსოლუტურად შემთხვევითი ხალხი ინიშნებოდა და ისინიც, აქაოდა, რეფორმატორები ვართო, რას აღარ იგონებდნენ, ოღონდ საკუთარი საქმიანობისთვის რეფორმა დაერქმიათ.
წელს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში და აბიტურიენტთა ეროვნულ გამოცდებში გამომჟღავნებულმა დაბალმა დონემ აჩვენა, რომ სისტემაში რაღაც მართლა და სერიოზულად არის შესაცვლელი. ამ თემებზე "სარკე" პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა მასწავლებელთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო და მათგან გამოცდა მხოლოდ 11–მა პროცენტმა ჩააბარა?
– იმაზე, რომ პროცესი ცუდადაა ორგანიზებული. სახელმწიფოს ჰგონია, რომ მასწავლებლების მომზადების დონე მას არ ეხება, მთავარია, გამოცდა ჩაატაროს და შეაშინოს. ისე იქცევიან, როგორც ციხის ზედამხედველები. ეს მინისტრის ბრალა. ის, რომ ამდენი მასწავლებლიდან ასე ცოტამ ისურვა გადამზადება, პირდაპირ მიუთითებს, რომ არ ენდობიან. შაშკინმა ვერაფრით გაითავისა, რომ ეს მისი საქმეა და რომ ციხეში აღარ მუშაობს. არ ვთვლი, რომ შაშკინი სულელია, გაცილებით სულელი მინისტრები გვყოლია. გია ნოდიას გარდა, ერთი განათლებული მინისტრი არ გვეღირსა.
მასწავლებელს კარგად უნდა უთხრან, რომ ეს აუცილებელი და საჭირო პროცესია. მერე სახელმწიფომ მათ გადამზადებაში ფული უნდა დახარჯოს. მასწავლებელსაც სერიოზული ინტერესი უნდა ჰქონდეს. თუ გვინდა, მასწავლებელს რამე მოვთხოვოთ, მათი ხელფასი 1500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
– მიღებული შედეგები ჩვენი მასწავლებლების დაბალ კომპეტენციაზეც ხომ არ მეტყველებს?
– რა თქმა უნდა და ამას გამოცდა რად უნდოდა, ისედაც გეტყოდით. მასწავლებელი გამოცდით კი არა, მოსწავლით უნდა შეაფასო. უნდა შეხვიდე კლასში, დააფიქსირო დონე, ერთი წლის შემდეგ იგივე გააკეთო და გაირკვევა, მასწავლებელმა რა გააკეთა. შეიძლება მასწავლებელმა ყველა გამოცდა ჩააბაროს, მაგრამ პედაგოგად არ ვარგოდეს და – პირიქით.
მდგომარეობა უარესდება. თუ არაფერი შეიცვლება, გაისად უარესობა იქნება. შეცვლა კი ნიშნავს, რომ მინისტრები ახლავე უნდა გამოიცვალონ და პოლიტიკაც. ეროვნული პროდუქტის, სულ ცოტა, 5 პროცენტი მაინც განათლებაზე უნდა წავიდეს. დიდი ფულის გადახდა ვისაც შეუძლია, ის შვილს საზღვარგარეთ გაუშვებს და კარგ განათლებას მიაღებინებს, მაგრამ ეს ხსნა არაა. თუ ადამიანი 25 წლამდე უცხო ენაზე მიიღებს განათლებას, ის ჩვენი კადრი არ იქნება. მერე იმას შეიძლება ისეთი პრობლემები ჰქონდეს, როგორიც ერთ ჩვენსა მინისტრს, ქართულად წერა–კითხვა რომ არ იცის და ეს ამბავი საგულდაგულოდ იმალება.
– რომელმა მინისტრმა არ იცის ქართულად წერა–კითხვა?
– ქობალიამ – როგორ ლაპარაკობს. არც პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცის ქართულად წერა. ყველა მისი ნაწერი, რომელიც ხელში ჩაგვივარდა, დაწყებული იქიდან, აეროპორტში თავის დროზე რომ რაღაც საჩივარი დაწერა, წერტილ–მძიმე და ასოები რომ ჰქონდა არეული, ამაზე მეტყველებს.
კითხვასთანაც ძალიან მწყრალადაა, მაგრამ მაგაზე გაუნათლებელი პრეზიდენტებიც ყოფილან. უბრალოდ, ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, რომელსაც ვერავინ უშველის, განათლების სისტემას შეიძლება ისეთი დონის მოღვაწეებმაც უშველონ, როგორიც შაშკინია, თუ სწორად დააყენებენ საქმეს. ვინ თქვა, რომ პოლიციელები და მანდატურები შექმნიან სკოლას?! სკოლა მასწავლებლისაა, როგორც თეატრი – მსახიობის. ამიტომ მასწავლებელს სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდება. თორემ დაბალი დონე რომაა, ეს საკამათო არაა. ასე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი მედალოსანი იქნებოდა?!
– მისი მასწავლებლები საუკეთესო მოსწავლედ ახასიათებენ.
– ე.ი. იმ სკოლაში დონე არ იყო, თორემ ქართულში საუკეთესო როგორ იქნებოდა?! ხომ გახსოვთ, მაშინ ქართულში თემები უნდა დაგეწერათ. ფანტაზია აქვს, მოიფიქრებდა რამეს და წერტილსა და მძიმეს მასწავლებელი აპატიებდა.
– ამ გამოცდების მთავარი მიზანი სკოლებიდან ძველი მასწავლებლების გაშვება და ახლით ჩანაცვლება ხომ არაა?
– თუ ძველის და უვიცის ნაცვლად ახალი და მცოდნე მოვა, ვინ იქნება წინააღმდეგი?! მაგრამ იცით, რომ იმ 11 ათასში ჩაჭრილების და უვარგისების უმეტესობა ახალგაზრდები არიან? ჩვენი განათლების სისტემას არ უშველის ამერიკიდან მასწავლებლების ჩამოყვანა და ჩვენების ფინეთში გაგზავნა. საკუთარი კადრები გვინდა. სამწუხაროდ, დღეს ყველაზე უვიცები ახალგაზრდა მასწავლებლები არიან. ვიცი, რომ მიშას უნდა ძველები ახლებით შეცვალოს, თუმცა არ ვიცი, რას ერჩის იმ ძველებს, ყველა მას აძლევს ხმას. როგორ, საქართველოში არცერთი ინგლისურის მასწავლებელი არ ვარგა?! აბა, სააკაშვილმა სად ისწავლა ინგლისური?! მარტო ეგ აქვს ნასწავლი.
– ვინ არის ის ხალხი, ამერიკიდან რომ ჩამოიყვანეს ბავშვებისთვის ინგლისურის სასწავლებლად და ჯერ თვითონ სწვალობენ ქართულს?
– მშვიდობის კორპუსია. ილუზიაა, რომ შეიძლება ქართველს ასწავლოს ადამიანმა, რომელმაც არ იცის ქართული. თუმცა აგერ ქობალია, ქართული არ იცის და ეკონომიკას გვასწავლის, სააკაშვილმაც არ იცის ქართული, მისი ცოლიც ხომ ჭკუას გვასწავლიდა? მასწავლებელს, პირველ ყოვლისა, მშობლიურ ენაზე უნდა ჰქონდეს განათლება მიღებული. ეს უფლება კონსტიტუციაში გვიწერია. მშვიდობის კორპუსით სადმე მასწავლებლებს კი არ ცვლიან, ჩამორჩენილ ქვეყნებში მიდიან, საკვირაო სკოლასავით ბავშვებს რაღაცას ასწავლიან, თორემ ინგლისურის მასწავლებელი გააგდო და მის ნაცვლად ამერიკელი მწყემსი დანიშნო, სადაურია?! რა იდეაა, რომ მასობრივად ვისწავლით ინგლისურს და გავბედნიერდებით?! შეგვიძლია საერთოდ დავივიწყოთ ქართული და ინგლისურზე გადავიდეთ, ეს უნდა მიშას?!
– ჩვენ თუ ვერ გვასწავლიან ინგლისურს, იქნებ თვითონ ისწავლონ ქართული, არც ესაა ცუდი.
– ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაკადულში გავუშვათ ავსტრალიიდან ჩამოსული შესანიშნავი ინგლისურის მასწავლებელი. იცით, რა მოხდება? რაც მოუვიდა უცხოელ პროფესორს ზემო იმერეთში. შესანიშნავად ისწავლა ქართული ენა. ერთხელ ნასვამი დაიჭირეს და ჰკითხეს, ვინ ხარო. გამართული იმერული აქცენტით თქვა, ჩეხი პროფესორი ვარ მეო და სცემეს, ვის ატყუებო. ეს მოუვათ! ამ ხალხსაც დაავიწყებენ, რომ მასწავლებლებად იყვნენ ჩამოსული. ასე ინგლისური არ ისწავლება.
– შაშკინის აქტიურ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ როგორ შეაფასებთ?
– პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. ბატონი შაშკინი პირველი მინისტრია, რომელიც "თავისუფლების ინსტიტუტს" არ ემორჩილება. როცა პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ვხედავდი, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი", მისი ხელმძღვანელის, ლევან რამიშვილის სახით სერიოზულად იყო ჩართული განათლების სისტემაში. ლომაიას რომ ვხვდებოდი ჩემს კაბინეტში, ლევან რამიშვილი იქ ისე იჯდა, თითქოს იქ ცხოვრობდა. ოპოზიციაში ჩემი წასვლის შემდეგ რამიშვილთან ერთად იქ იჯდა თეა თუთბერიძე, კაკო მინაშვილი და სხვები. "თავისუფლების ინსტიტუტს" ამ სფეროზე სულ ჰქონდა გავლენა და სულ თავის ხალხს ნიშნავდა. გია ნოდიაც მათი კაცი იყო, ლომაიაც. გვარამია სრული გაუგებრობა იყო. ისე წავიდა ამ თანამდებობიდან, აზრზე ვერ მოვიდა, სად იყო – თავის დროზე კარგი კაცი, რომელიც რევოლუციამ და მიშასთან სიახლოვემ დაღუპა. იმასაც აკონტროლებდნენ. შაშკინი პირველია, ვისაც ვერ აკონტროლებენ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ "თავისუფლების ინსტიტუტს" არ დაუნიშნავს. ამერიკული ლობი ჰქონდა, რესპუბლიკურ ინსტიტუტში მუშაობდა. ამერიკელებს მოსწონთ, როცა მათ ხალხს თანამდებობებზე ნიშნავენ. როგორც ენდიაი–ს გაუხარდა ნოდიას დაწინაურება, ისე აირაი–ს გაუხარდა შაშკინის დანიშვნა. ის სააკაშვილმა დანიშნა, რადგან მას, ისევე როგორც მერაბიშვილს და "თავისუფლების ინსტიტუტს", აღელვებს განათლების სამინისტრო. ვანო მერაბიშვილს აღელვებს იმიტომ, რომ მისთვის ეს საარჩევნო და პოლიტიკური მართვის ერთ–ერთი ბერკეტია. ზუსტად ამის გამო აღელვებს "თავისუფლების ინსტიტუტსაც". ის სისულელე, რასაც მანდატურები ჰქვია, შაშკინს არ უნდოდა, მაგრამ ვანოს უნდოდა.
შაშკინი ბევრ სისულელეს აკეთებს, მაგრამ კარგია, რომ გადაწყვიტა, მართლა მინისტრი იყოს. "თავისუფლების ინსტიტუტს" შაშკინის დამოუკიდებლობა არ მოეწონა და პირველი შეტევა მათ განახორციელეს. ინფორმაციას მისცემს ვანო და მერე გააჟღერებენ. ადრე ეს მოქმედებდა. შაშკინზე ამ მეთოდმა – რაღაც ვიცი შენს მოადგილეზე და ვიტყვიო, არ იმოქმედა. თქვითო, უპასუხა და არც არაფერი მოხდა.
– მერაბიშვილი და "თავისუფლების ინსტიტუტი" ამ ბრძოლაში ერთად არიან?
– ნაწილობრივ. მერაბიშვილს შაშკინი არ უყვარს იმიტომ, რომ დამოუკიდებელია და სააკაშვილის თვალში იზრდება. ესენი ქართული ხერხებით მუშაობდნენ – "ვიტყვი, შეგაშინებ, ინფორმაცია მაქვს". შაშკინმა ამერიკული ხერხი იხმარა, კი, ბატონო, შემოვიდეს პროკურატურა და შეამოწმოსო. იცის, რომ თვითონ ამ ტიპის დარღვევა არ აქვს. თუ გახსოვთ, პარლამენტის წევრი დააპატიმრეს იმიტომ, რომ განათლების მინისტრის მოადგილეს ქრთამი შესთავაზა. იმ მოადგილემ პროკურატურასთან ითანამშრომლა და ის კაცი დაიჭირეს. ითანამშრომლა მას შემდეგ, რაც ჩავარდა. ეს ყველაფერი შაშკინს არ დავიწყნია. მინისტრის ის მოადგილე, გვარს ნუ მათქმევინებთ, დღეს გიგი თევზაძის უნივერსიტეტში რაღაცას წარმოადგენს. ბევრი ისეთი დანაშაული იყო, რომ შაშკინი გრძნობდა, რაღაც უნდა ექნა, ამიტომ გაუხსნა კარი პროკურატურას. დაიწყეს გამოძიება და იპოვეს დარღვევა გია ნოდიას დროს. როგორ არ იპოვიდნენ – გია ნოდია მანქანას რომ აჩერებს, მერე სამ დღეს ეძებენ, სად გააჩერა. სახლში ტაქსით ბრუნდება. ნოდიამ მიშა სააკაშვილს ეგზიტპოლებში პრეზიდენტობა "გაუპრავა" და ამაში თანამდებობა მიიღო. არ მჯერა, რომ გია ნოდია არის საქართველოში ნომერი პირველი კორუმპირებული, მაგრამ მის დროს რომ ფინანსური დარღვევები იქნებოდა, მჯერა. უთავბოლო მენეჯერია, ფილოსოფოსია. ამ ქვეყანას ერთი–ორი თუ ჰყავს მასეთი ინტელექტუალი. რა თქმა უნდა, ამაზე ეს საქმე ვერ გაჩერდება. გაირკვევა, რა ხდებოდა ბატონ ლომაიას დროს, სად არის მსოფლიო ბანკის ის მილიონები, რომლებიც მართლა გამქრალია.
– ამ მილიონებს პარლამენტში ყოფნის დროიდან ეძებთ.
– მაშინ რომ დავაყენეთ ეს საკითხი, დაგვცინეს, იმიტომ რომ ლომაიას დიდი ძალა ჰქონდა. პროკურატურა აუცილებლად მივა ლომაიამდე.
– ვარდების რევოლუციაში მისი უდიდესი დამსახურების მიუხედავად?
– ნოდიას დამსახურება კიდევ უფრო დიდია. ის იყო მთავარი ქართველი ავტორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნოდიაზე დარტყმა სერიოზული აქციაა. ის ლომაიაზე სერიოზული ფიგურაა, თუმცა ლომაიაც ძალიან ახლოსაა სოროსის ფონდებთან.
– შეიძლება, რომ ნოდია დაიჭირონ?
– არ მჯერა, რომ მისი დაჭერა შეიძლება, იმიტომ, რომ არ მჯერა, დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილის მხარდაჭერისთვის დაჭერა – არა, მაგრამ გაკიცხვა ემუქრება. ეს მიიღო და კიდევ მიიღებს.
– ლომაიაც ასე იოლად გამოძვრება იმ გამქრალი მილიონებიდან?
– არა მგონია, მიშამ თავისი მინისტრების დაპატიმრება დაიწყოს, პიართვალსაზრისით მისთვის სასარგებლო არ იქნება, მაგრამ გათავისუფლება შეიძლება. ხომ გაქრა ბატონი გვარამია? სადაა? სწავლობს? განათლების მინისტრი რომ სასწავლებლად წავა, ამაზე მეტი ანეკდოტი რა გინდათ?!
– რატომ აქვს ასეთი დიდი გავლენა განათლების სფეროზე "თავისუფლების ინსტიტუტს" და ლევან რამიშვილს?
– იმიტომ, რომ იმ წრეში, სადაც სააკაშვილი ტრიალებს, რამიშვილი ყველაზე დიდი ინტელექტუალია, მაგრამ სააკაშვილი, როცა მოუნდება, მაშინ ჩაუკაკუნებს თავში. სააკაშვილი ვერ იტანს ისეთ ხალხს, როგორიც გია ნოდიაა. მეც ვერ ამიტანა, იმის მიუხედავად, რომ ახლო მეგობარი ვიყავი. იცით, რატომ? იმიტომ რომ დედას ვერ გაგინებს. ეს კი მისთვის დიდი დისკომფორტია. გია ნოდიას დედას ვერ შეაგინებდა, ვანო მერაბიშვილს – კი, ბატონო. გიგა ბოკერიას შეაგინებ, მაგრამ ისიც შეგაგინებს და მაინც ერთად იქნებით.
– ვითომ გაუბედავს სააკაშვილი მერაბიშვილს შეგინებას?
– მინახავს, როცა უბედავდა. მას მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. აგინებდა ვანოს, ვერ აგინებდა "თავისუფლების ინსტიტუტს", აგინებდა ოქრუაშვილს, თუმცა ისიც პასუხობდა, მოსული ამბავი იყო. განსაკუთრებით გიორგი არველაძე ჰყავდა გამოჭერილი, რომელსაც იდეების გენერატორად თვლიდა. ერთი–ორჯერ მოხსნა და მე აღვადგენინე თანამდებობაზე, მაგრამ რატომღაც ცუდად დამიმახსოვრა.
ერთხელ მიშას ხელში რაღაცნაირი კარტი ჰქონდა, რომელზეც, მგონი, თვითონ იყო რაღაცნაირად აღბეჭდილი. საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ამით ერთობოდა. შალვა რამიშვილს უთხრა, გინდა, გაჩვენოო. შალვა დაინტერესდა. მე ვუთხარი, ეგეთი რამეები არ მაინტერესებს–მეთქი. ზუსტად ამიტომ ჩაჯდა შალვა ოთხი წლით და მე – არა. არ შეიძლება გაინტერესებდეს ის, რაც სააკაშვილს საკუთარ თავზე კომპრომატად ჰქონდა შეგროვილი და კარტად დაწყობილი. ამით ამაყობდა. იმ ხალხის ნაწილი, ვინც მას შენობით ელაპარაკებოდა – მე, დათო ბერძენიშვილი, გიგა ბოკერია, შალვა რამიშვილი, ლევან რამიშვილი – მისიანი გახდა. მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს, სანამ ირაკლი ოქრუაშვილი არ დაიჭირა. ისე, ყველაზე მეტად ის უყვარდა იმიტომ, რომ ოქრუაშვილი მისი იყო, "თავისუფლების ინსტიტუტის" მიღმა.
– ვანო მერაბიშვილი არ უყვარდა?
– როგორ არ უყვარდა! ვანო მოხერხებული კაცია და არასამათავრობო ფული იშოვა. ვფიქრობ, მაშინ "თავისუფლების ინსტიტუტი" დააფინანსა. "თავისუფლების ინსტიტუტს" სერიოზულად აფინანსებდა ჟვანია. გივი თარგამაძე ფულის ასაღებად ბატონ მაჭავარიანთან მიდიოდა.
– ის მითხარით, ვანო თუ აგინებდა მიშას?
– არასოდეს. ვანო იმიტომ გახდა ვანო, რომ დროულად აუღო ალღო მიშა სააკაშვილს. დღეს ვანო არაა სათამაშო მიშას ხელში, მაგრამ მიშა თავის გარემოცვაში ყველაზე ძლიერ ფიგურად რჩება. სააკაშვილი განსაკუთრებით ძლიერი კრიტიკულ მდგომარეობაში ხდება. იცით, რატომაა დღეს დაპირისპირებება "თავისუფლების ინსტიტუტსა" და ნაცმოძრაობას შორის? იმიტომ, რომ ოპოზიციამ დაისვენა. როგორც კი ოპოზიციის საფრთხე მცირდება, შიდა ბრძოლები იწყება, როგორც კი ოპოზიციის საფრთხე გაძლიერდება, ისინი ივიწყებენ შიდა უთანხმოებებს.
– ბატონო ლევან, ახლა ის მითხარით, რატომ ტოვებთ სამშობლოს ექვსი თვით?
– ბოლო ხანებში უფრო ხშირად უცხოეთში ვარ. ჩემი მკურნალობის სპეციფიკა ასეთი აღმოჩნდა. ახლა რეიგანის სტიპენდია მოვიგე და ექვსი თვით მივდივარ. არავითარ შემთხვევაში წავიდოდი, საქართველოში რამე საქმე რომ მაკავებდეს. ყველა უნივერსიტეტს მივმართე და ერთი საათიც არავინ მომცა წასაკითხად. წავალ და კოლუმბიის უნივერსიტეტში წავიკითხავ.
ნინო მეტრეველი