28 ივლისს, ოთხშაბათს ქართული ესტრადის მსახიობი მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა. 7 ივნისს მსახიობი ამერიკიდან მძიმე ავადმყოფობის გამო სამშობლოში დაბრუნდა და თავის სახლში იმყოფებოდა. მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. მანამდე ორი კვირა ქალაქ სტენფორდის საავადმყოფოში გაატარა, სადაც გასტროლების დროს ჯანმრთელობის მოულოდნელად გაუარესების შედეგად მოხვდა – ფეხზე თრომბი გაუსკდა. საავადმყოფოში ამერიკელმა ექიმებმა მას ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საკუთარ სახლში დაბრუნდა.
"სულელი უნდა იყო, რომ თქვა, დავიღალე სიცოცხლითო. მინდა, ჩემს შვილიშვილებს ვუყურო კიდევ ცოტა ხანს. ჩემი ფანჯრებიდან 22 ნაძვი ჩანს. როგორ შეიძლება ამას უყურო და სიკვდილი გინდოდეს?! არ მინდა! ზემოთ კი ახლა ბჭობენ, წამიყვანონ თუ არა." – ამბობდა თავის
ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში ქალბატონი მზია.
"სიცილის დედოფალი" 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო "იუმორინას" ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.