 |
| თქვენთვის, გურმანებო
|
თქვენთვის, გურმანებო
ჩიხირთმა
მასალა: ხახვი – 200 გრამი; კვერცხი – 4 ცალი; კარაქი – 50 გრამი; წყალი – 6 ჩაის ჭიქა; პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი; მწვანილი, ძმარი და მარილი – გემოვნებით.
ხახვი დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩავყაროთ ქვაბში და 30 გრამ კარაქში კარგად მოვშუშოთ. დავასხათ ექვსი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავდოთ ქინძი (კონად შეკრული) და ვადუღოთ 5–10 წუთი. დუღილის შემდეგ დავამატოთ ძმარში გახსნილი პურის ფქვილი და მარილი. ამის შემდეგ ვადუღოთ კიდევ 20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თანდათან ჩავასხათ და კოვზით ვურიოთ ძმარში კარგად ათქვეფილი 3–4 ცალი კვერცხი. სუფრაზე მიტანის წინ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და დავამატოთ 20 გრამი კარაქი.
თევზის ბუღლამა
მასალა: თევზი – 1 კილოგრამი; პამიდორი – 1 კილოგრამი; ხახვი – 4–5 თავი; ქინძი – 5–6 ძირი; დაფნის ფოთოლი – 2–3 ცალი; ზეთი – 1 ჩაის ჭიქა; მარილი, პილპილი – გემოვნებით.
გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, ზედ დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვი, ლიმონი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი. მოვასხათ ზეთი. შემდეგ ფენად დავაწყოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. მოვასხათ ზეთი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად იქნება.
ბადრიჯნის ბორანი
მასალა: 1. ბადრიჯანი – 1 კილოგრამი; ერბო – 200 გრამი; ხახვი – 4–5 თავი; წიწილი – ერთი; მწვანილი – 3–3 ძირი; არაჟანი ან მაწონი – 300–400 გრამი; მარილი, დარიჩინი – გემოვნებით.
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე თხელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი, მერე კარგად გავწუროთ, რომ წყალი არ შეყვეს. ტაფაზე დავასხათ ერბო, ჩავდოთ შიგ გაწურული ბადრიჯანი, დაჭრილი ხახვი და კარგად მოვშუშოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დაჭრილი პიტნა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი. ასე მომზადებული ბადრიჯანი გადავიღოთ ერთ წყებად ლანგარზე, ზედ დავაწყოთ ნაჭრებად დაჭრილი წიწილის ტაბაკა, ზემოდან ისევ ბადრიჯანი, მოვასხათ არაჟანი ან სქელი მაწონი და მოვაყაროთ დანაყილი შაქრიანი დარიჩინი.
ბადრიჯანი და პამიდორი შამფურზე
შევარჩიოთ საშუალო ზომის ბადრიჯანი და პამიდორი (პამიდორი მწიფე და მაგარი უნდა იყოს). ბადრიჯნები ჩავჭრათ სიგრძეზე და შიგ მოვათავსოთ ზეთი, ნიორი, მწვანილი, ხახვი, მარილი. ასე დამზადებული ბადრიჯნები და მთელი პამიდვრები ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ცეცხლზე ან მაყალზე. როდესაც კერძი მზად იქნება, დავაწყოთ დიდ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში და მოვასხათ ცოტა ძმარი.
ვარია მეგრულად
მასალა: ვარია; კარაქი – 100 გრამი; ხახვი – 3–4 თავი; ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა; ტყემალი – 1 ჩაის ჭიქა; კვერცხის გული – 2 ცალი; ხმელი სუნელი – 1 ჩაის კოვზი; მწვანილი – 3–4 ძირი; მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წითელი წიწაკა. ავურიოთ და მოვათავსოთ ფართო, დაბალ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დავახუროთ თავსახური და მოვშუშოთ, სანამ არ შეწითლდება. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კარგად მოვურიოთ, დავახუროთ სახურავი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი კარგად დარბილდება, ჩავამატოთ მოხარშული და საცერზე გატარებული ახალი ტყემალი. შევაზავოთ სხვადასხვა მწვანილებით (ქინძი, კამა, ოხრახუში, ხმელი სუნელი), მარილით. ბოლოს მდუღარეში ჩავამატოთ წმინდად დანაყილი, წყალში გახსნილი ნიგოზი. ერთხელ წამოდუღების შემდეგ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ კვერცხის გული, კარგად ავურიოთ, რომ არ აიჭრას.
სუფრაზე მივიტანოთ ლანგრით, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.
ბადრიჯნის ხიზილალა ბროწეულით
მასალა: ბადრიჯანი – 500 გრამი; ხახვი – 2–3 თავი; ბროწეული – 2–3 ცალი; ნიორი – 2–3 კბილი; ქინძი – 4–5 ძირი; წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
ბროწეულიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი და ავურიოთ. ბადრიჯანი გავრეცხოთ და მთელ–მთელი კანიანად შევწვათ. შემდეგ მოვაცილოთ კანი, კარგად დავკეპოთ, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა, გამზადებული ბროწეულის წვენი და ავურიოთ. მერე მოვათავსოთ თეფშზე, შევალამაზოთ, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები.
ქათმის ჩახოხბილი კვერცხით
მასალა: ქათამი; ერბო – 100 გრამი; კვერცხი – 5–6 ცალი; პამიდორი – 1 კილოგრამი; ხახვი – 4–5 მოზრდილი თავი; მწვანილი – 2–3 ძირი; მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, დავასხათ კარაქი ან ერბო და გავაგრძელოთ შუშვა თავღია ქვაბში 15–20 წუთის განმავლობაში.
პამიდორი გავხეხოთ სახეხზე (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავასხათ მოშუშულ ქათამს, დავხუროთ ხუფი და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე. შემდეგ კარგად გავთქვიფოთ 2 კვერცხი და ნელ–ნელა დავუმატოთ. შევაზავოთ მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), წიწაკით და მარილით. ამოვიღოთ ლანგარზე. სუფრაზე მიტანის წინ გარშემო შემოვუწყოთ მაგრად მოხარშული თხლად დაჭრილი კვერცხი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ტორტი ატმით
მასალა: კვერცხი – 19 ცალი; შაქრის ფხვნილი – 5 ჩაის ჭიქა; რძე – 1 ლიტრი; კარაქი – 200 გრამი; ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა; ატამი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა.
15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, თანდათან ვამატოთ 2,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გული და ვთქვიფოთ დიდხანს. დავუმატოთ 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და ფრთხილად ავურიოთ. ყალიბს წავუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ ბისკვიტი.
კრემის მომზადების წესი:
4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრამი კარაქი.
ატმის მომზადების წესი:
წინა საღამოს გავფცქვნათ ატამი, დავჭრათ სიბრტყეზე, მოვაყაროთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი და ასე დავტოვოთ. დილით გადავწუროთ ატამი და მიღებული წვენის ნაწილი მოვასხუროთ შუაში გაჭრილ ბისკვიტის ქვედა ფენას, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ გაწურული ატმები, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, მოვასხუროთ დარჩენილი წვენი, დავალაგოთ ატმები და წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემით, ან დავალაგოთ ატმები და მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი. გვერდზე წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი.
|