ასტროლოგია და ბავშვები
ბავშვის შინაგანი სამყარო და ფსიქოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის მსოფლმხედველობისაგან. იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ თქვენი ბავშვის ფსიქოლოგია, შეგიძლიათ მიმართოთ ასტროლოგიას. ამისათვის არსებობს სპეციალური ჰოროსკოპები. გთავაზობთ ერთ–ერთ ასეთ ჰოროსკოპს, ასტროლოგ რამაზ გიგაურის
ბლოგიდან.
ვერძი–ბავშვი
პატარა ვერძი აქტიური და მოუსვენარია. მისი მარტოდ დატოვება არც ერთი წამით არ შეიძლება – იგი მაშინვე ხმამაღლა ყვირილსა და ტირილს იწყებს. დაბადებიდან მოყოლებული, ავლენს პირველობისკენ სწრაფვას. ვერძი–ბავშვი არასოდეს არ ჭამს საჭმელს, რომელიც არ მოსწონს, არ იმოსება ისე, როგორც არ სურს – მას რკინის ნერვები და რკინის ხასიათი აქვს. ამასთან, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები გოგონები ბიჭებს არ ჩამოუვარდებიან სიჯიუტესა და ხასიათის გამოვლენაში.
ვერძებს აქვთ მიდრეკილება ხიფათისადმი, აიტომაც თქვენს ბავშვს უნდა გაუფრთხილდეთ და არ დაუშვათ, რომ მან ასანთთან ან დანებთან ითამაშოს.
ვერძ–ბავშვს მოსწონს ალერსის დემონსტრირება, მშობლების კოცნა და მოალერსება. არ დააკლოთ მას ეს სიამოვნება!
ბუნებით გულუხვი, ვერძი ხშირად ჩუქნის ნაცნობ ბავშვებს თავის სათამაშოებს. თუმცა თუ მას აწყენინეს ან გააბრაზეს, იგი მკაცრი და დაუნდობელი ხდება.
სკოლაში ვერძი–ბავშვი, როგორც წესი, სწავლით თავს არ იკლავს. იმისთვის, რომ მოინდომოს სწავლა, უნდა გამოიწვიოთ შეჯიბრების სურვილი. ამისთვის შეგიძლიათ მიანიშნოთ, რომ მისი მეგობრები მასზე კარგად სწავლობენ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ, რომ, თუ კარგად არ ისწავლის, აღარ გეყვარებათ. არ უნდა დაუკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და თქვენი სიყვარულის იმედი.
თქვენი ბავშვისთვის არასასურველია: დაუფიქრებლად, იმპულსურად მოქმედება. მოერიდოს ბასრ საგნებს.
თქვენი ბავშვისთვის სასურველია: ვერძის უდიდესი ენერგია სწორი მიმართულებით წარმართეთ. კარგი იქნება, თუ თქვენი ბავშვი დისციპლინასა და მოწესრიგებულობას მიეჩვევა, ასევე სხვებზე ზრუნვას ისწავლის.
კურო-ბავშვი
ჯიუტ კუროს ვერაფერს ვერ დააძალებთ, ასე რომ ნუ ეცდებით მის მართვას და გაკონტროლებას – იგი საპირისპიროს გააკეთებს.
კურო–ბავშვი ძალიან მშვიდი და აუჩქარებელია. მეცადინეობისას ნუ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან ნელა ითვისებს მასალას. ამის გამო არ უნდა ეჩხუბოთ, პირიქით, ეცადეთ მშვიდად და ალერსიანად ელაპარაკოთ, კონკრეტულად და გასაგებად აუხსენით, თუ რა უნდა გააკეთოს.
კურო–ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბგერითი და ფერადი ასოციაციები, ამიტომაც მიაქციეთ ყურადღება იმას, რა ფერებშია გადაწყვეტილი მისი საძინებელი და რა ხმები ესმის დაწოლისას.
როგორც წესი, კურო–ბავშვი ხელოვნების მოყვარულია, ან თავად არის რაიმე ნიჭით დაჯილდოვებული. თუ თქვენი ბავშვი ავლენს ინტერესს ხელოვნების რაიმე სახის მიმართ, აუცილებლად განავითარეთ ეს გატაცება.
კურო–ბავშვები დამოკიდებული არიან მშობლებსა და ჩვეულ გარემოზე. რთულად ეგუებიან ახალ პირობებსა და განრიგს.
თქვენი ბავშვისთვის არასასურველია: აჩქარება, დასჯა, ჩხუბი. მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორ უყვარს მშობლებს. ნუ დააკარგვინებთ საკუთარი თავის რწმენას.
თქვენი ბავშვისთვის სასურველია: სიმშვიდე, თბილი ოჯახური გარემო, კომფორტი, კვების რეჟიმი, კარგი განათლების მიღება.
ტყუპი-ბავშვი
ტყუპის ნიშნის წარმომადგენელი ბავშვები ძალიან სწრაფი და მოძრავი არიან, დაბადებიდანვე მშობლებმა მუდმივად უნდა ადავნონ თვალი.
ტყუპი, როგორც წესი, ყოველთვის მოძრაობაშია. იგი ერთდროულად რამდენიმე საქმეს ხელს მოკიდებს ხოლმე, თუმცა არც ერთი ბოლომდე არ მიყავს. კარგია, თუ ბავშვობაშივე მშობლები ტყუპს ასწავლიან დაწყებულის ბოლომდე მიყვანას.
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები სხეულის მოქნილობით გამოირჩევიან, რაც შეიძლება მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუწყოს.
სწავლასა და ახალი ცოდნის ათვისებას ტყუპი კარგად ახერხებს, რადგან სწრაფი აზროვნება და სხარტი გონება აქვს. ტყუპი და მერწყული – ესაა ორი ნიშანი, რომლის წარმომადგენლებს შორის ძალიან ბევრი პროგრამისტი და კომპიუტერული გენიოსი იბადება.
თქვენი ბავშვისთვის არასასურველია: გამოიჩინოს უყურადღებობა, მოუთმენლობა, გადაჭარბებული ცნობისმოყვარეოობა.
თქვენი ბავშვისთვის სასურველია: უცხო ენების დაუფლება, მეგობრებთან ურთიერთობა. შეეცადეთ თქვენს ბავშვს კარგი განათლება მისცეთ, ასწავლოთ პუნქტუალობა და დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება.
გაგრძელება იქნება...