1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების შესახებ გვესაუბრება საზოგადოება "აგვისტო 24"–ის თავმჯდომარე, ქალბატონი პირიმზე ბელთაძე.
პირიმზე ბელთაძე:
– სანამ უშუალოდ ამ სისხლიან მოვლენებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება "აგვისტო 1924" ყოველი წლის სექტემბრის პირველ შაბათს ქვაშუეთის ეკლესიაში ატარებს აგვისტოს აჯანყების ყოველ წლისთავთან დაკავშირებით თავგანწირულ მამულიშვილთა პანაშვიდს. პანაშვიდს ვუხდით ყოველი წლის 20 მაისს ქვაშუეთის ეკლესიაში იმ ადამიანებსაც, რომლებიც 1923 წლის 20 მაისს დახვრიტეს. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დამარცხებისა და სისხლში ჩახშობის შემდეგ, ვენაში თავის ერთ–ერთ ლექციაზე ცნობილმა ოტო ბაუერმა ასე მიმართა აუდიტორიას: "მეგობრებო, გთხოვთ, ფეხზე ადგომით მივაგოთ პატივი საქართველოს – გმირების ქვეყანას!".
– სანამ უშუალოდ 28 აგვისტოს მოვლენებზე ვისაუბრებთ, მოვლენების მიმოხილვა ცოტა შორიდან დავიწყოთ.
– 1921 წლის შუა ხანებში, მენშევიკური პარტიის ცეკას ინიციატივით, ანტისაბჭოთა პარტიებს შორის დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებლობის მიზნით ერთიანი ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნის შესახებ. მენშევიკები და ნაციონალ–დემოკრატები ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისზე იდგნენ. მენშევიკები საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში, მოითხოვდნენ, როგორც საზღვარგარეთ ემიგრირებული მთავრობის, ისე დამფუძნებელი კრების სრულიად აღდგენას. ნაცდემოკრატები მოითხოვდნენ, რომ მთავრობა შემდგარიყო სოციალისტებისა და არასოციალისტების თანაბარი წარმომადგენლობით. ამასთან, სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ დამფუძნებული კრების მოწვევის. ასეთი მდგომარეობა 1922 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. 1922 წლის 5 თებერვალს მენშევიკებმა არარეგალურ კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება: "პარტიის მთავარ ამოცანას უნდა შეადგენდეს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა, რაც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოში არსებულ ყველა პარტიის საქმიანობასთან". ამ შეთანხმების საფუძველზე პარტიებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდნენ: მენშევიკების მხრიდან – გოგიტა ფაღავა, ნაცდემოკრატების მხრიდან – იასონ ჯავახიშვილი, სოცფედერალისტების მხრიდან – გრიგოლ რცხილაძე, სხიველების მხრიდან – მუხრან ხოჭოლავა, მემარჯვენე ესერების მხრიდან – იოსებ გობეჩია.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან პარიტეტულ საწყისებზე ჩამოყალიბდა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი". მალე გოგიტა ფაღავა შეცვალა ნიკოლოზ ქარცივაძემ. 1923 წლის მარტში, როდესაც ნიკოლოზ ქარცივაძე დააპატიმრეს, მისი თანამდებობა დაიკავა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა. ანტისაბჭოთა პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმება პარიზში ნოე ჟორდანიას გაეგზავნა წერილთან ერთად. პარიზში მივლინებაში მყოფი იოსებ გობეჩია საზღვარგარეთ დარჩა. ანალოგიური შეთანხმება მოხდა პარტიებს შორის საზღვარგარეთ, რის შედეგადაც, პარიზში შეიქმნა "საზღვარგარეთის ბიურო", სადაც შედიოდნენ: მენშევიკებიდან – ნიკოლოზ ჩხეიძე, ნაცდემოკრატებიდან – გრიგოლ ვეშაპელი, შემდგომში სპირიდონ კედია, სოცფედერალისტებიდან – სოსიკო მდივანი, ესერებიდან – იოსებ გობეჩია.
1921 წელს საზღვარგარეთ ემიგრირებულმა კავკასიის რესპუბლიკების მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმად, მათ ერთად უნდა ებრძოლათ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ხელმოწერის წინ, 1921 წლის 8 მაისს, აზერბაიჯანის წარმომადგენელთა ბინაში შედგა თათბირი. თათბირს საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კ. საბახტარაშვილი და მ.სუმბათოვი.
– შეთანხმების არსი რაში მდგომარეობდა?
– კავკასიის რესპუბლიკებს ერთმანეთს შორის უნდა შეექმნათ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირი.
– როდის ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან ნოე ხომერიკი?
– 1922 წლის ნოემბერში. იგი გახლდათ მენშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. მისი ჩამოსვლის მიზეზი იყო არალეგალური მუშაობა არსებული წყობილების წინააღმდეგ. დავით ონიაშვილი თავის ჩვენებაში წერდა: "ხომერიკმა განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იდგა დასავლეთ ევროპაში და რომ საქართველო ირიცხებოდა ერთა ლიგაში. ევროპის საზოგადოებრივი აზრი საქართველოს სასარგებლოდაა მიმართული". ბოლოს ონიაშვილი იმასაც აღნიშნავდა, რომ გამოსვლებში ევროპა დაგვეხმარებოდა. 1923 წლის 9 ნოემბერს ნოე ხომერიკი დააპატიმრეს.
– როგორი იყო 28 აგვისტოს წინა დღეები?
– 1924 წლის 22 აგვისტოს მოწვეული იყო პარიტეტული კომიტეტის ბოლო სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 29 აგვისტოს გამოსვლები პროვინციებიდან უნდა დაწყებულიყო და მთელი ძალა თბილისის დასაკავებლად უნდა მიემართათ. 27 აგვისტოს აჯანყების მთავარი შტაბის მთელმა შემადგენლობამ (კ.ანდრონიკაშვილი, დ.ონიაშვილი, შ.ამირეჯიბი, მ.ბოჭორიშვილი) დატოვა თბილისი და შიომღვიმის ტყეში დაბანაკდა. გამოსვლები უნდა დაწყებულიყო 29 აგვისტოს გათენებისას, მაგრამ ჭიათურაში 28 აგვისტოს გათენებისას გაისმა პირველი გასროლის ხმა...
– რა იყო ეს, დაუდევრობა თუ გამოუსწორებელი შეცდომა?
– ალბათ, ორივე. ერთი დღით ადრე დაიწყო გამოსვლები და საშინელი მარცხით დამთავრდა.
– თუმცა, მარტო ეს არ ყოფილა დამარცხების ერთადერთი მიზეზი. ისტორიაში ცნობილია, რომ ეს აჯანყება ჩეკას მიერ თავიდანვე გაშიფრული იყო.
– დიახ. ალექსანდრე (საშა) პაპავა წერდა: "ჰქონდა კი რამე გამართლება აჯანყებას? რა მიზანს ისახავდა იგი? როგორც ჩანს, იყო ისეთი გონებადაკარგული ხალხი, რომლებსაც სჯეროდათ და იმედი ჰქონდათ, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ინგლისი და საფრანგეთი არმიებს დაძრავდა შავი ზღვისკენ და საქართველოს გაანთავისუფლებდნენ. ასეთი გონებრივი მონაცემების ხელმძღვანელები ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოს კანდიდატები არიან და, ჩვენდა საუბედუროდ, ერის მხსნელად მოგვევლინენ. უნდა დაკარგო რეალობაში გარკვევის ელემენტარული უნარი, რომ ევროპის იმედით დაიწყო აჯანყება. არავითარი გამართლება არა აქვს აგვისტოს გამოსვლებს, ეს იყო ნამდვილი ავანტიურა და არსებითად მოღალატური აქტი. ამას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, მსხვერპლი კი დიდი". თუ ვისი ინიციატივით დაიღვარა ათასობით ქართველის სისხლი, ამის შესახებ ისევ ალექსანდრე პაპავას ჩანაწერს მოვიშველიებ: "იმ ზაფხულს სტალინი კისლავოდსკში ისვენებდა, მისი ხშირი სტუმრები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბ. კვირკველია, დაცვის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია, რომელიც მაშინ საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ (ასე ერქვა მაშინ ჩეკას). უფროსი კი, ძველი ბოლშევიკი ეპიფანე კვანტალიანი იყო. სტალინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალ–ყურს ადევნებდა. როცა ყველა სადავე ჩეკას ხელში იყო, კვანტალიანმა სტალინისა და რესპუბლიკის წრეში საკითხი დასვა პრევენციული ზომების მიღების შესახებ, რაც აჯანყებას ჩაშლიდა. კვანტალიანის წინადადება უარყვეს. გამოსვლები კი მოხდა. მაშინვე გავრცელდა ხმა, ასეთი იყო სტალინის ნებაო.
რამდენიმე წლის შემდეგ ჯერ კვირკველიამ, მერე კი ორახელაშვილმა აი, რა მიამბეს. მათი ნაამბობი სიტყვასიტყვით დაემთხვა ერთმანეთს.
"კვანტალიანის ინფორმაციას ყველა სულგანაბული უსმენდა, მხოლოდ ორჯონიკიძე იჩენდა მოუსვენრობას. ინფორმაციის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ წინადადებამ, აჯანყების თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ყველანი დუმდნენ და სტალინს მისჩერებოდნენ. ბოლოს სტალინმა იკითხა, რა აზრის ხართო? ყველამ თანხმობა გამოვაცხადეთ. სტალინი ადგა, გაიარ–გამოიარა, ჩიბუხი დატენა, ერთი გააბოლა და სარკასტული ღიმილით მოგვმართა: "თქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსიტყვოდ მიიღო რევოლუცია, ახლა საბაბი გვეძლევა, მას სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობასა და ლაჩრობას იჩენთ. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი. არავინ დაზოგოთ". თანაც მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. სტალინმა თავად დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი ოპერაციისათვის. ერთი მათგანი ლავრენტი ბერია იყო, მეორე კი – სახ.კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებულნიო. უფროსებს ნახევრად მენშევიკები გვიწოდა".
სანამ ეს ორი ჯალათი სტალინის სურვილს შეასრულებდა, ჩეკას დადგენილებით, 1923 წლის 20 მაისს, დახვრიტეს "სამხედრო ცენტრის" წევრები: როსტომ მუსხელიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე, სიმონ ბაგრატიონ–მუხრანსკი, ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ივანე ქუთათელაძე, იასონ კერესელიძე და სხვა. ეს დანაკარგი ქართველმა ხალხმა მძიმედ განიცადა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამბროსი ციხიდან ახალი გამოშვებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებული იყო, მაინც გადაწყვიტა, ქვაშუეთის ეკლესიაში სამი წირვა გადაეხადა. უამრავი ხალხი დაესწრო წირვას. კათოლიკოსი რომ გამობრძანდა, ხალხმა ქვითინით შეხედა თავის სულიერ მამას, აღელდა კათოლიკოსი, თვალები ცრემლით აევსო, მრევლს პირჯვარი გადასახა და წარმოსთქვა: "ვინა სთქვა, რომ ქართველმა ხალხმა რწმენა დაჰკარგაო?" ამის თქმა ძლივს მოასწრო და გული წაუვიდა. დეკანოზმა ცინცაძემ (შემდგომში კათოლიკოსმა) ხალხში ექიმებს მიმართა. იმ წუთში რამდენიმე ექიმმა დახმარება აღმოუჩინა უწმინდესს, მანაც თვალი გაახილა. წირვა ჩატარდა, მაგრამ დასრულდა ქვითინში. იმ საღამოს ლოგინად ჩავარდა კათოლიკოსი, მისმა დაქანცულმა სხეულმა ავადმყოფობას ვეღარ გაუძლო და მალე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებაც დიდი დანაკარგი იყო ქართველებისთვის.
– 1924 წლის 28 აგვისტოს გამოსვლებთან დაკავშირებით, დახვრეტილთა საერთო რიცხვი ჯერ კიდევ უცნობია.
– დიახ. მონაცემების მიხედვით, 3.918 კაცს შეადგენს, მაგრამ დახვრეტილთა რაოდენობა გაცილებით მეტია. დღესაც გრძელდება დახვრეტილ პირთა ვინაობის დადგენა და მოკვლევა. აჯანყების დღეებში, აგვისტოს დამდეგს, თბილისის საპყრობილეებიდან გაყვანილ და დახვრეტილ იქნენ 1922, 1923, 1924 წლებში დაპატიმრებულნი. 30–31 აგვისტოს მეტეხის ციხიდან წაიყვანეს და, წინასწარ სასჯელის გამოუცხადებლად, დახვრიტეს 146 პოლიტპატიმარი. ამიერკავკასიის, საქართველოსა და რკინიგზის კომისიებიდან (ჩეკა) წაყვანილი და დახვრეტილი იქნა 120 ადამიანი, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. საგუბერნიო ციხიდან დახვრიტეს 7 კაცი. ციხეების საავადმყოფოებიდან გაიყვანეს და დახვრიტეს მძიმე ავადმყოფები, სულ 14 კაცი. ბათუმში დახვრიტეს 100–მდე ადამიანი, სამტრედიაში – 90–მდე, ფოთში – 20–მდე, ოზურგეთში – 8, სამეგრელოში (ზუგდიდისა და სენაკის მაზრა) – 800, ქუთაისში – 300, ხონი–ბაღდათში – 350, ჭიათურა–ზესტაფონში – 200, რაჭა–ლეჩხუმში – 300, ზემო სვანეთში ბრძოლა 25 სექტემბრამდე გრძელდებოდა, ბუნებრივია, მსხვერპლიც დიდი იყო, თუმცა, ზუსტი რიცხვი არ ვიცი. ხაშურში – 29, გორში – 400–მდე, გორის მაზრაში (ქალაქის გარდა) – 500–მდე, მათ შორის, 26 მღვდელი იყო, ხოლო 2 – ქალი, დუშეთსა და დუშეთის მაზრაში – 150, კახეთში (თელავისა და სიღნაღის მაზრა) ამოწყვიტეს თავადაზნაურობის დიდი ნაწილი, სულ 300–მდე, ბორჩალოს მაზრაში – 7, მანგლისსა და სართიჭალაში – 200–მდე. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, დახვრეტილთა ზუსტი რიცხვი დღესაც უცნობია.
– ქაქუცა ჩოლოყაშვილზე რას გვეტყვით?
– აგვისტოს ბოლოს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით დუშეთის მიდამოებში გაჩნდა. დაიწყო ჯარების დენა დუშეთ–თიანეთისკენ. მათ უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი. მუსხელიშვილმა გენიალური გეგმა დასახა. გეგმა, რომელიც კარგად უნდა გამოეყენებინათ აჯანყებულ ქართველებს... მუსხელიშვილი ჯარებს დუშეთ–თიანეთის მაზრათა მთების ძირსა და ხევებში ამწყვდევდა. ამავე დროს, ამ ჯარს ზურგში დამკვრელ რაზმს უსაფრებდა. როდესაც რუსის ჯარი შეტევაზე გადავიდოდა ჩოლოყაშვილის მეამბოხეებთან, ეს ჩასაფრებული ქართული ჯარი მას ზურგიდან უნდა დასცემოდა. გეგმის თანახმად, ზურგგატეხილ და პანიკაში გადავარდნილ ბოლშევიკებს ჩოლოყაშვილი ადვილად მოიგერიებდა, მერე მთის მხრებზე დაეშვებოდა და სწრაფი დაკვრით თბილისს აიღებდა. მუსხელიშვილის გეგმით, თბილისის აღებასა და რუსეთის ჯარის განადგურებას, საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ერთდროული განთავისუფლება მოჰყვებოდა.
ჩოლოყაშვილმა მართლაც შეუტია რუსების ჯარს, დიდი ზარალიც მიაყენა, რუსები მცხეთისკენ განდევნეს, მაგრამ ძალების სიმცირის გამო, იძულებულები გახდნენ დევნა შეეჩერებინათ. რუსებმა კი თბილისიდან დამხმარე ჯარი მიიღეს და ხელმეორედ შეტევაზე გადავიდნენ. ამჯერად ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ალყაში მოიმწყვდიეს, მაგრამ ქაქუცამ ბრძოლით მაინც დააღწია თავი. მალე გამოაშკარავდა როსტომ მუსხელიშვილის ჩანაფიქრი და ბოლშევიკებმა დახვრიტეს. სისხლიანი დღეები დაუდგა საქართველოს 30, 31 აგვისტოს და 1, 2, 3, 4 სექტემბერს. დღისით ჩეკას სარდაფებს ავსებდნენ პატიმრებით, ღამე კი ხელფეხგაკრული პატიმრები საბარგული მანქანებით სამი მიმართულებით (საბურთალო, კოჯორი, ორთაჭალა) მიჰყავდათ, სადაც წინასწარ გათხრილი საერთო საფლავი ელოდებოდათ.
– როგორც ცნობილია, რეგიონებში უფრო მეტი სისასტიკე გამოიჩინეს.
– კი, უარესი ხდებოდა პროვინციებში. დაჭერის შემდეგ, მის სახლ–კარს გადაწვავდნენ, ამასაც არ სჯერდებოდნენ და მათი ცოლ–შვილის მიმართ წარმოუდგენელ ძალმომრეობას იჩენდნენ. ჭიათურასა და საჩხერის მიდამოებში დაპატიმრებული მოქალაქეებით სავსე სამ "ტეპლუშკა" ვაგონს ზესტაფონ–სვირს შუა ტყვიამფრქვევები დაუშინეს და ყველა ერთიანად გაჟლიტეს. გაუგონარი მძვინვარებით მოსპეს აჯანყება. ოჯახი არ დარჩა, ამ ტრაგედიის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო. საქართველოში სისხლის რუები მოედინებოდა.
ლია ოსაძე